ევროპის 2023 წლის მუზეუმების პრემიისა და სილეტოს პრიზის მფლობელი, ვანის არქეოლოგიური მუზეუმი, კიდევ ერთ საერთაშორიო წარმატებას აღწევს. ჯილდო The Best in Heritage – Project of Influence (მემკვიდრეობაში საუკეთესო – გავლენის პროექტი) კენეტ ჰადსონისა და ჟორჟ-ანრი რივიერას ხსოვნას ეძღვნება და ყოველწლიურად გადაეცემა უკვე წარმატებულ, ჯილდოს მფლობელ მუზეუმს.
European Heritage Association (ევროპის მემკვიდრეობის ასოციაცია), Europa Nostra-თან პარტნიორობით, CreativeEurope-ის მხარდაჭერითა და მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) პატრონაჟით ყოველწლიურად ავლენს სამუზეუმო, კულტურული მემკვიდრეობისა და კონსერვაციის სფეროში ყველაზე ინოვაციურ, შთამაგონებელ და უკვე წარმატებულ პროექტებს შორის საუკეთესოს.
2024 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის, აღნიშნული ჯილდო, ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს გადაეცა.
ვანის მუზეუმმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა,როგორც გამორჩეულმა ცენტრმა, რომელსაც საზოგადოების საკეთილდღეოდ დადებითი ცვლილებების განხორციელების განსაკუთრებული პოტენციალი აქვს.
მოხალისეთა პროექტებისა და პროგრამების მეშვეობით მუზეუმი უზრუნველყოფს საზოგადოების ჩართულობას სამუზეუმო ცხოვრებაში, რითაც ხელსუწყობს არქეოლოგიური მემკვიდრეობის დაცვას,შენარჩუნებასა და გაცოცხლებას.
ვანის მუზეუმი ნაქალაქარის მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობასა და ვიზიტორებს შორის შემაკავშირებელი და დიალოგის წარმმართველია.
მუზეუმი გვთავაზობს საგანმანათლებლო პროგრამების ფართო სპექტრს და წარმოადგენს კვლევით ლაბორატორიას, როგორც რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და აქტიურ მულტიდისციპლინარულ სივრცეს. ის ასევე არის სამეცნიერო შეხვედრების ადგილი რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე.
