ვალუტის ონლაინ კონვერტაციაზე გადასვლას მხოლოდ ერთეული სავალუტო პუნქტები შეძლებენ – ასოციაცია

უნაღდო ფორმით ვალუტის გაცვლის ოპერაციების განხორციელება ამიერიდან ეროვნული ბანკის მარეგულირებელი ნორმების მიხედვით განხორციელდება.
9 ივლისიდან უკვე ძალაშია სებ-ის მიერ მიღებული ახალი წესები, რომელიც ვალუტის გადაცვლის პუნქტებს უნაღდო კონვერტაციების შესაძლებლობასაც აძლევს, თუმცა ამისთვის მათ მთელი რიგი მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ. ერთ-ერთი მთავარი წარმოდგენილ რეგულირების ჩარჩოში ლიკვიდობისა და საწესდებო კაპიტალის მოთხოვნაა.
კერძოდ, ციფრული სავალუტო კონვერტაციის განხორციელებისთვის ვალუტის გადაცვლის პუნქტებს ნახევარი მილიონი ლარის საწესდებო კაპიტალი უნდა გააჩნდეთ, რაც სექტორს რთულად შესასრულებლად წარმოუდგენია. ჩვენთან ინტერვიუში საქართველოს ვალუტის გადამცვლელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ქავთარაძე ამბობს, რომ ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მოთხოვნის შესრულებას ერთეული სავალუტო პუნქტები შეძლებენ.
“კაპიტალის მოთხოვნა ამ ეტაპზე ვიცით, რომ 500 000 ლარია. სამწუხაროდ, სავალუტო სექტორის წარმომადგენლების უმრავლესობას არ გააჩნია აღნიშნული კაპიტალი. ამ პროდუქტით მხოლოდ ერთეული სავალუტოები შეძლებენ სარგებლობას. რა თქმა უნდა მომხმარებლის კუთხით სასარგებლო გადაწყვეტილებაა, რადგან ახალ პროდუქტს შესთავაზებენ, თუმცა სამწუხაროდ, სავალუტოების უმრავლესობა ვერ შეძლებს აღნიშნულ პროექტში ჩართვას”,-აცხადებს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.
ახალი წესის მიხედვით, ვალუტის უნაღდო კონვერტაცია განხორციელდება იმ საბანკო ანგარიშების მეშვეობით, რომელთაც უნაღდო ვალუტის გაცვლის პუნქტის კლიენტი ფლობს. ვალუტის გადამცვლელი პუნქტების წარმომადგენლებს რთულად წარმოუდგენიათ ბანკებთან მოლაპარაკებაც, რადგან ონლაინ ტრანზაქციების მომსახურების საფასურის შესახებ მოლაპარაკება თითოეულ ბიზნესუბიექტს საბანკო სექტორთან ინდივიდუალურად მოუწევს. როგორც ასოციაცია აცხადებს, მათი წინადადებაა, რომ ერთის მხრივ საწესდებო კაპიტალის მოთხოვნა შემცირდეს, მეორეს მხრივ მნიშვნელოვანი იქნება ბანკებთან მოლაპარაკებების პროცესში მარეგულირებელი ჩაერიოს.
“სავალუტო სექტორის წარმომადგენლები ვერ შეძლებენ აღნიშნული პროდუქტით სარგებლობას იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდა ბანკებთან მოლაპარაკება. ჩვენ როგორც ვიცით, ბანკებთან შეთანხმების საფუძველზე შეგვიძლია ვისარგებლოთ აღნიშნული პროდუქტით და მხოლოდ მას შემდეგ, რაც გამოიკვეთება, თუ რა მარჟას დაუწესებენ აღნიშნულ პროდუქტში სავალუტო სექტორის წარმომადგენლებს ონლაინ ტრანზაქციაზე ესეც გასარკვევია ამ ეტაპზე. ასევე უნდა გამოიკვეთოს, რამდენად ოპერატიულად მოხდება ტრანზაქციის შესრულება.
ვფიქრობთ, საკმაოდ რთული იქნება მოლაპარაკებების წარმოება კომერციულ ბანკებთან და ამ კუთხით, მარეგულირებლის ჩართულობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია”,-აცხადებს ნინო ქავთარაძე.
უნაღდო ფორმით ვალუტის გაცვლის ოპერაციების განხორციელების ახალი წესის მიხედვით, მომხმარებლებისთვის სიახლეა ისიც, რომ რომ ისინი ქვითრის წარდგენის შემთხვევაში შეძლებენ ოპერაციის შესრულებიდან 30 წუთის განმავლობაში ოპერატორ კომპანიას ტრანზაქციის გაუქმება და თანხის დაბრუნება მოსთხოვონ, თუ ტრანზაქციის მოცულობა არ აღემატება 5 000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში.
აღსანიშნია, რომ რეგულაციები არ იცვლება მოქმედი ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისთვის, რომლებიც მხოლოდ ვალუტის ნაღდი ფორმით გადაცვლის ოპერაციებით გააგრძელებენ საქმიანობას. თუმცა, როგორც სები განმარტავს, იმ შემთხვევაში, თუ ისინი მოისურვებენ უნაღდო ფორმით ვალუტის გადაცვლის მომსახურების დამატებას, უნდა დააკმაყოფილონ ახალი რეგულაციით განსაზღვრული მოთხოვნები და მიიღონ შესაბამისი საქმიანობის უფლება. არსებულ ვალუტის უნაღდო კონვერტაციების პლატფორმას კი ახალ რეგულაციებთან მოსარგებად 3 თვიანი ვადა აქვს.