მე ვფიქრობ, სრულიად შესაძლებელია, რომ ამერიკის პრეზიდენტმა საქართველოში გადმორეკოს, მაგრამ ეს ზარი შედგება მხოლოდ ბიძინა ივანიშვილთან და არა იმ წერილების ავტორებთან, რომელსაც ჩვენ გავეცანით – ვფიქრობ, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნასთან ერთად იქნება კიდევ ორი თემა: კანონები და არჩევნები, – ამის შესახებ საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა, ვალერი ჩეჩელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში” განაცხადა.
მისივე თქმით, იმისათვის, რომ ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები აღვადგინოთ, საჭიროა არა განცხადებები, არამედ ქმედებები.
ჩეჩელაშვილის თქმით, საჭიროა ქმედებები, რომელიც აშშ-ს დაუდასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ მზადაა სერიოზული კომპრომისებისთვის, როგორც შიდა პოლიტიკურ ველზე, ასევე საერთაშორისო ურთიერთობებში.
„მე ვფიქრობ, სრულიად შესაძლებელია, რომ ამერიკის პრეზიდენტმა საქართველოში გადმორეკოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იმ წერილების ავტორებთან არ გადმორეკავს, რომელსაც ჩვენ გავეცანით. ვფიქრობ, თუ ეს ზარი შედგება, შედგება მხოლოდ ბიძინა ივანიშვილთან. რატომ გადმორეკავს?! იმიტომ რომ, თუ ლუკაშენკოსთან რეკავს, რატომ არ უნდა დარეკოს საქართველოში?! ალბათ, პირველი მოთხოვნა იქნება პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ამას მოჰყვება ის კარგად ჩამოყალიბებული „მესიჯბოქსი“, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ერთხელ გააჟღერა, მათ შორის, ბოლო შეხვედრაზე, რომელიც ყოფილმა ელჩმა მაკა ბოჭორიშვილთან გამართა. მე ვფიქრობ, პოლიტიკურ პატიმრებთან ერთად იქნება კიდევ ორი თემა – კანონები და არჩევნები…
კატეგორიულად არ ვეთანხმები თეზისს, რომ ჩვენ ახალი ფურცლიდან უნდა დავიწყოთ ურთიერთობები, ვინაიდან ჩვენ გვქონდა ძალიან კარგად ჩამოყალიბებული ურთიერთობების სტრუქტურა, სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის საფუძველზე. ჩვენ ვმოქმედებდით ამ თავებიდან გამომდინარე და წელიწადში ერთხელ ეწყობოდა პლენარული სხდომა საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე. იქიდან ამას ხელმძღვანელობდა სახელმწიფო მდივანი. თანამშრომლობის განვითარების დონეს ეძლეოდა პოლიტიკური შეფასება და იგეგმებოდა შემდგომი ნაბიჯები. მე ვფიქრობ, ეს გამოცდილება წყალში გადასაყრელი სრულიადაც არ არის, ისევე როგორც ის მრავალმილიარდიანი დახმარება, უნდა იყოს დაფასებული. როგორც მინიმუმ, უმადურობაა აშშ-ის მიმართ საუბარი იმაზე, რომ ჩვენ სუფთა ფურცლიდან უნდა დავიწყოთ ურთიერთობები, მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენ განვაახლოთ და აღვადგინოთ ურთიერთობები საჭიროა, არა განცხადებები, არამედ ქმედებები. ვფიქრობ, „ქართულ ოცნებაში“ კარგად იციან, რომ მხოლოდ შიშველი განცხადებებით და მოწოდებებით ამის გამოსწორება ვერ მოხერხდება. საჭიროა ქმედებები, რომელიც აშშ-ს დაუდასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ მზადაა სერიოზული კომპრომისებისთვის, როგორც შიდა პოლიტიკურ ველზე, ასევე საერთაშორისო ურთიერთობებში,“ – განაცხადა ჩეჩელაშვილმა.
რაც შეეხება მიხეილ ყაველაშვილის გაეროს ტრიბუნიდან მიმართვას, როგორც დიპლომატი აღნიშნავს, ძალიან კარგია, რომ მან საერთაშორისო არენაზე „გლობალურ ომის პარტიასა“ და „დიფ სთეითზე“ არ ისაუბრა.
ჩეჩელაშვილის თქმით, მიხეილ ყაველაშვილი აუდიტორიას თავს ვერაფრით დაამახსოვრებდა, რადგან მისი გამოსვლა „სავსებით გაწონასწორებული“ იყო.
„ძალიან კარგია, რომ ყაველაშვილმა თავი აარიდა საერთაშორისო არენაზე „გლობალური ომის პარტიისა“ და „დიფ სთეითის“ გაჟღერებას. არ ვიცი ურჩიეს თუ თვითონ გადაწყვიტა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, კარგი გადაწყვეტილება იყო. კარგია, რომ ის გამოვიდა ქართულად. ეს სრულიად ნორმალურია, მიღებული პრაქტიკაა. ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ მისთვის ყურადღებით რომ ესმინათ გაიანას ან ბოლივიის დიპლომატებს, რომლებიც საქართველოში არსებულ პრობლემებს არ იცნობენ, იფიქრებდნენ, რომ ეს წარმატებული და სტაბილურად მდგარი ქვეყანაა. სიმწვავე აკლდა და სამართლის აღიარებითი ნაწილი. თუ რეალობას შენ არ უსწორებ თვალს, შესაბამისად, ვერ დაინახავ არსებული პრობლემების გადაჭრის გზებსაც. ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან გამოსვლისას ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შენ იმ აუდიტორიას დაამახსოვრო საკუთარი თავი და ქვეყანა, რაღაც წინადადებით, რომელიც იქნება გამორჩეული და საინტერესო. ახლა ვერაფრით დაამახსოვრდებოდა [მიხეილ ყაველაშვილი თავს აუდიტორიას]. ეს იყო სავსებით გაწონასწორებული, კარგად ჩამოყალიბებული გამოსვლა,“ – აღნიშნა დიპლომატმა.
გარდა ამისა, მან გადაცემაში გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ელჩების საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „ელჩების გამოძახება ნიშნავს იმას, რომ პრაქტიკულად, შენ პარტნიორებთან ნორმალურად სასაუბროდ არგუმენტები არ გრჩება და ამით დიპლომატიური ეგოს გამოვლინებას ცდილობ“.
მისივე თქმით, ეს ძალიან წინდაუხედავი ნაბიჯი იყო და ეს საქართველოს გერმანიასთან და დიდ ბრიტანეთთან ურთიერთობაში კარგს არაფერს მოუტანს.
„მე ვფიქრობ, ეს არის პირველ რიგში, სისუსტის გამოვლინება, იმიტომ, რომ ესენი არიან ევროპელი სტრატეგიული პარტნიორები. ჩვენ ორივესთან გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი, კარგად განვითარებული და ჩამოყალიბებული სტრატეგიული ურთიერთობების სტრუქტურა. ელჩების გამოძახება ნიშნავს იმას, რომ პრაქტიკულად, შენ პარტნიორებთან ნორმალურად სასაუბროდ არგუმენტები არ გრჩება და ამით ცდილობ დიპლომატიური ეგოს გამოვლინებას. ვფიქრობ, ეს იყო ძალიან წინდაუხედავი და ახლომხედველური ნაბიჯი. ეს ვერაფერს კარგს ვერ მოუტანს ვერც ქართულ-გერმანულ, ვერც ქართლ-დიდი ბრიტანულ ურთიერთობებს. ელჩები არიან მოქმედი დიპლომატები, დისციპლინურები, რომლებიც ასრულებენ საკუთარი ქვეყნების დავალებებს. ისინი ახორციელებენ საკუთარ დედაქალაქებში ჩამოყალიბებულ საგარეო პოლიტიკურ კურსს და ამაზე ნათლად მიუთითა როგორც ბერლინმა, ასევე ლონდონმა,“ – აღნიშნა ჩეჩელაშვილმა.
ამასთან, მან მოლდოვაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები შეაფასა და განაცხადა, რომ ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის, მაია სანდუს პარტიის გამარჯვება არის „მოლდოვის, ევროპის და საქართველოს გამარჯვება, იმიტომ, რომ ეს გამარჯვება ნიშნავს რუსეთის მარცხს“.
მისივე თქმით, შედეგები ნიშნავს, რომ მოლდოვა მყარად გააგრძელებს ევროკავშირისკენ სვლას და თუ ვინმეს ექნება შანსი 2030 წლისთვის ჯეროვნად მოემზადოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, ეს მოლდოვა იქნება.
„ეს გამარჯვება არის მოლდოვის, ევროპის და საქართველოსი, იმიტომ, რომ ეს გამარჯვება ნიშნავს რუსეთის მარცხს. ეს ნიშნავს, რომ რუსულ ორთავა არწივს კლანჭები შეუსუსტდა. რაც უფრო მეტად შესუსტდება რუსეთი, ეს არის ჩვენი გამარჯვებაც. საკმაოდ დამაჯერებელი იყო გამარჯვება. ახლა უკვე ჩანს, თუ ვინმეს ექნება შანსი 2030 წლისთვის ჯეროვნად მოემზადოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, ეს იქნება მოლდოვა,“ – განაცხადა ჩეჩელაშვილმა.
ამასთან, მან შეაფასა მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მსოფლიო ლიდერების შეფასებები, მათ შორის, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება, რომ „ევროპაში საქართველო უკვე დავკარგეთ, ევროპა ვერ მისცემს თავს უფლებას, მოლდოვაც დაკარგოს“ და განაცხადა, რომ ის ზელენსკის ვერ დაეთანხმება, რადგან „ევროპამ საქართველო მხოლოდ დროებით დაკარგა“.
მისი თქმით, ამ დროებითი ჩავარდნის ავტორი „ქართული ოცნებაა“, რადგან მისი მმართველობის პერიოდთან საქართველოს ევროკავშირთან და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობები უკიდურესად დაბალ ნიშნულამდე დავიდა.
„მე პრეზიდენტ ზელენსკის აქ ვერ დავეთანხმები. ვინაიდან ვფიქრობ, ევროპამ საქართველო მხოლოდ დროებით დაკარგა და ჩვენ ამას აუცილებლად ავანაზღაურებთ. საქართველოს მაგალითი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო და ევროპა დიდი ყურადღებით, კონცენტრაციით დააკვირდა და იმოქმედა მოლდოვას შემთხვევაში. რუსეთს არ მისცა საშუალება, რომ აემოქმედებინა ჰიბრიდული ომის მთელი ინსტრუმენტები და მეთოდები. ფული რა თქმა უნდა გამოიყო, ამაზე ცნობები იყო, მაგრამ მოლდოვის მთავრობამ მიიღო შესაბამისი პრევენციული ზომები და ევროპის, მოლდოვის, სხვათა შორის, უკრაინის ამ შეთანხმებულმა, კარგად კოორდინირებულმა მოქმედებებმა დაგვანახა, რომ რუსეთს უკვე ის გავლენები და ძალა არ აქვს, რომ თავის სამეზობლოშიც რაღაც თამაშის წესები ჩამოაყალიბოს. მივიღეთ მოლდოვის გამარჯვება, რუსეთის დამარცხებამ,“ – აღნიშნა დიპლომატმა.
