ვალერი ჩეჩელაშვილი – სანქციური წნეხი გაძლიერდება და მე სხვა რამ მადარდებს: ძალიან გაუჭირდება არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, არამედ ნანგრევებში მოხვდება საქართველოც, წნეხის ქვეშ მოექცევა ნებისმიერი ადამიანი

კარგი იქნება, ბოლოს და ბოლოს აგვიხსნან, რას ნიშნავს „დიფ სთეითი“, რას გულისხმობენ ამაში, იმიტომ, რომ კლასიკური გაგებით, თუ „დიფ სთეითი“ იგულისხმება როგორც რაღაც ორგანიზაცია, რომელიც არაფორმალურ გავლენებს ახდეს ფორმალურ ინსტიტუტებზე, მაშინ თვით საქართველოა დღეს „დიფ სთეითი“, – ამის შესახებ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელმა, ვალერი ჩეჩელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „”დღის ნიუსრუმში” განაცხადა, რითაც შეაფასა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება, რომელიც 17 ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადების საპასუხოდ გაავრცელა.
მისივე თქმით, კლასიკური გაგებით, „დიფ სთეითი“ საქართველო იმიტომ გამოდის, რომ ინსტიტუტები დამოუკიდებლად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ვერ მოქმედებენ, ვინაიდან პოლიტიკურ არაფორმალურ ზეგავლენებს ძალიან სერიოზულად განიცდიან.
ჩეჩელაშვილი ფიქრობს, რომ თვითონ „ქართულ ოცნებაშიც“ არ აქვთ გააზრებული, თუ რას გულისხმობენ „დიფ სთეითში“.
„17 საგარეო საქმეთა მინისტრის და უმაღლესი წარმომადგენლის ერთობლივი პოზიცია ეხება კონკრეტულ დარღვევებს, რასაც ადევნებენ თვალ-ყურს ჩვენი დასავლელი პარტნიორები საქართველოში. ეს პოზიცია არის ძალიან კონკრეტული რეკომენდაციებით და მიმართვებით დატვირთული. ამაზე „ქართული ოცნება“ პასუხობს ზოგადი დადანაშაულებით, რომ „დიფ სთეითით“ იმართება 17 საგარეო საქმეთა მინისტრი და უმაღლესი წარმომადგენელი. ერთი ცენტრიდან რომ იმართებოდნენ, ეს არ იქნებოდა უბრალოდ „დიფ სთეითი“. გამოდის, რაღაც გლობალური ორგანიზაცია, რომელიც ისე არის გაძლიერებული მთელს მსოფლიოში, რომ სინქრონულად კარნახობს გზავნილებს 17 საგარეო საქმეთა მინისტრს და ევროკომისიას. „ქართულმა ოცნებამ“ თუ ამის დამტკიცება სურს, რაღაც უფრო დამატებითი, სერიოზული და მძიმე არგუმენტები უნდა მოიყვანოს. ისიც კარგი იქნება, ბოლოს და ბოლოს აგვიხსნან, რას ნიშნავს „დიფ სთეითი“, რას გულისხმობენ ამაში, იმიტომ, რომ კლასიკური გაგებით, მაგალითად, თუ „დიფ სთეითი“ იგულისხმება როგორც რაღაც ორგანიზაცია, რომელიც არაფორმალურ გავლენებს ახდეს ფორმალურ ინსტიტუტებზე (და ეს იკითხება „ქართული ოცნების“ გზავნილში), მაშინ თვით საქართველოა დღეს „დიფ სთეითი“, იმიტომ, რომ ჩვენი მთავარი სისუსტე არის ის, რომ ინსტიტუტები არის სუსტი და თავისი კომპეტენციის ფარგლებში ვერ მოქმედებენ დამოუკიდებლად, ვინაიდან ძალიან სერიოზულად განიცდიან პოლიტიკურ არაფორმალურ ზეგავლენებს,“ – განაცხადა ჩეჩელაშვილმა.
რაც შეეხება იმას, კრიტიკული განცხადებების ფონზე რა შეიძლება იყოს დასავლეთის ნაბიჯები, დიპლომატის თქმით, ნათელია, სანქციური წნეხი გაძლიერდება, თუმცა როგორც ვალერი ჩეჩელაშვილი აცხადებს, სანქციების გამკაცრების შედეგად „ნანგრევებში მხოლოდ „ქართული ოცნება“ კი არა საქართველოც მოხვდება და წნეხის ქვეშ ნებისმიერი ადამიანი აღმოჩნდება“.
„ევროპელები და ამერიკელები „ქართული ოცნების“ მიმართ რა ზომებს, რა დინამიკით და რა სიმკაცრით გამოიყენებენ, არ ვიცით. ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული. მაგალითად, დიდი ბრიტანეთი ამასთან დაკავშირებით უფრო თავისუფლად მოქმედებს, იმიტომ, რომ დამოუკიდებელი მოთამაშეა. ამერიკის შეერთებული შტატებიც დამოუკიდებლად მოქმედებს. ევროკავშირი ასე დამოუკიდებლად ვერ მოქმედებს, იმიტომ, რომ მთელ რიგ საკითხებზე სჭირდება სრული კონსენსუსი, რომლის მიღწევაც 27 ქვეყნის მიერ არც ისე ადვილი საქმეა. ამიტომ ეს დინამიკა და სიმკაცრე დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მაგრამ ეს სანქციური წნეხი რომ გაძლიერდება, ვფიქრობ, ნათელია, იმიტომ, რომ ჩვენ შევდივართ უფრო და უფრო ღრმად პოლიტიკურ კრიზისში… მე სხვა რამ მადარებს – შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ ძალიან გაუჭირდება „ქართულ ოცნებას“, ნანგრევებში მოხვდება და ა.შ., მაგრამ ეს ნიშნავს საქართველოს პრობლემებსაც და საქართველოც მოხვდება ამ ნანგრევებში. ახლა ჩვენ რომ ავიღოთ ჩვენი ეკონომიკა – ვერც ერთი ეკონომისტი ვერ გიპასუხებთ, ამ ეკონომიკის რა წილს ფლობენ „ქართული ოცნების“ და მათთან დაახლოებული პირები. თუ ამ კომპანიების მიმართ გამოცხადდა მკაცრი სანქციები, მაგალითად, გარკვეული ბანკების SWIFT-იდან გათიშვა, ან აქტივების კონფისკაცია და ა.შ., ეს პრობლემას შექმნის ზოგადად, ქართულ ეკონომიკაში და შესაბამისად, ნებისმიერი ადამიანი მოხვდება ამ წნეხის ქვეშ,“ – განაცხადა ჩეჩელაშვილმა.
მან გადაცემაში ასევე თვითმმართველობის არჩევნებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დღევანდელი მოცემულობა „ქართული ოცნებისთვის“ იდეალურია.
„მე ვფიქრობ, ის ვითარება, რომელიც ჩვენ გვაქვს დღეს, არის იდეალური „ქართული ოცნებისთვის“. შესუსტებული, ფრაგმენტირებული ოპოზიცია, ნაწილი იღებს არჩევნებში მონაწილეობას, ნაწილი არა. ეს ობიექტურად, სერიოზულად ზრდის „ქართული ოცნების“ მუნიციპალურ არჩევნებში გამარჯვების შანსებს და ამ ს ლეგიტიმურობის ხარისხს. ჩემი თვალსაზრისით, ყველაზე კარგი გამოსავალი იქნებოდა ის, რომ მთელი ოპოზიციური სპექტრი ერთიანი სიებით და ერთიანი კანდიდატებით შესულიყო ამ საარჩევნო ბრძოლაში. თუ ეს არ არის, მაშინ მეორე ვარიანტი უკეთესი იქნებოდა, რომ ყველას ერთად გამოეცხადებინა ბოიკოტი. მესამე ვარიანტი, რომელიც გვაქვს დღეს, რომ ნაწილი იღებს მონაწილეობას და ნაწილი არა, არის ყველაზე ხელსაყრელი ვარიანტი „ქართული ოცნებისთვის“, – აღნიშნა მან.
რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ „ლელოსა“ და გახარიას პარტიების პოზიციებს, ჩეჩელაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციურ ფლანგზე კომპრომისის შესაძლებლობა ბოლო მომენტამდე არსებობს.
„რა თქმა უნდა, ცხარე დებატები გაგრძელდება. ორი ბანაკია ოპოზიციაში – ბოიკოტის მომხრე და მონაწილეობის მომხრეები, მაგრამ ბოლო მომენტამდე არის კომპრომისის შესაძლებლობა. ან ერთმა უნდა დათმოს, ან მეორემ. ეს იქნება დამოკიდებული არა მხოლოდ იმაზე, თუ როგორ განვითარდება შიდა პოლიტიკურ ველზე ვითარება, არამედ იმაზე, თუ რა მოხდება საქართველოს ირგვლივ და კონკრეტულად, რა დინამიკით იქნება განხორციელებული სანქციური პოლიტიკა ჩვენი პარტნიორების მხრიდან,“ – განაცხადა ჩეჩელაშვილმა.