ვეჭვობ, საერთოდ ადგილობრივი არჩევნები ვერ შედგება, რადგან თბილისში, ოფიციალური ცნობითაც კი, „ქართულმა ოცნებამ“ 60/40-ზე წააგო არჩევნები. ეს იმას ნიშნავს, რომ მინიმუმ, ამომრჩევლების 60% არჩევნებზე ვერ გამოცხადდება და არ გამოცხადდება, შეიძლება, უფრო მეტიც, გააჩნია, რამდენ პარტიას აკრძალავენ , – ამის შესახებ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელმა ვალერი ჩეჩელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა. ამით ჩეჩელაშვილი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებას მისი პარტიის გეგმებზე, მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს, „ნაციონალური მოძრაობის“ და “მისი სატელიტი” პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით.
ჩეჩელაშვილის შეფასებით, განცხადება „არის აშკარად, დაშორება დემოკრატიული ნორმებისგან“.
„ჩვენ მივდივართ ავტორიტარიზმისკენ – ეს ცხადია და ნამდვილად ვიცი ის, რომ ეს მოთხოვნა არ იყო სიაში, რაც ქალბატონმა ელჩმა რობინ დანიგანმა წარუდგინა მაკა ბოჭორიშვილს. იქ ნამდვილად არ იქნებოდა იმის მოთხოვნა, რომ აკრძალულიყვნენ პოლიტიკური პარტიები.
რაც შეეხება აღსრულებას, მე ძალიან რთულად მეჩვენება. მაინც ვიტოვებ იმედს, რომ ეს მხოლოდ ბატონი მამუკა მდინარაძის საცდელი ქვაა და რეალობაში ვერ შეასხამენ ხორცს ამ გადაწყვეტილებას. ჯერ ერთი, ვინ გადაწყვეტს, რა არის სატელიტი და რა არის „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტი და ვინ უნდა აკრძალოს. ცალკე აღებული ერთი პარტია ამას ვერ გადაწყვეტს, ეს იქნება მოვლენების ძალიან სახიფათო განვითარება, მაშინ მე ვეჭვობ, რომ საერთოდ ადგილობრივი არჩევნები ვერ შედგება, რადგან თბილისში, მაგალითად, ოფიციალური ცნობითაც კი, „ქართულმა ოცნებამ“ 60/40-ზე წააგო არჩევნები. ეს იმას ნიშნავს, რომ, როგორც მინიმუმ, ამომრჩევლების 60% არჩევნებზე ვერ გამოცხადდება და არ გამოცხადდება. შეიძლება უფრო მეტიც, გააჩნია რამდენ პარტიას აკრძალავენ. ეს საბოლოოდ დაგვაცილებს ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებს – აშშ-სა და ევროკავშირის ინსტიტუტებს, ევროსაბჭოს, რის გარეშეც, საქართველოს ძალიან გაუჭირდება, რომ საკუთარი ადგილი იპოვის იმ ტურბულენტურ სამყაროში, რომელიც არის ჩვენს ირგვლივ და საერთოდ, ღირსეული ადგილი შეინარჩუნოს საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში“, – აღნიშნა ჩეჩელაშვილმა.
ყოფილმა ელჩმა „მეგობარ აქტზეც“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ აქტს აქვს ორპარტიული მხარდაჭერა, რაც სენატში დიდ იშვიათობას წარმოადგენს.
ჩეჩელაშვილის თქმით, ის ფაქტი, რომ სამხრეთ კავკასია და საქართველო გამოჩნდა ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური პრიორიტეტების რუკაზე, ძალიან დამაიმედებელია.
„ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ არის ორპარტიული ძალიან მყარი მხარდაჭერა ამ აქტის. სხვათა შორის, ეს ორპარტიული მხარდაჭერა მაინც და მაინც ბევრი საკითხის მიმართ არ არის ჩამოყალიბებული ამერიკის შეერთებულ შტატებში და ეს ერთგვარი აქტივია ჩვენი, რომ საქართველოს მიმართ აშშ-ის პოლიტიკური სპექტრი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ საკითხზე არიან ძალიან მკაფიოდ დაპირისპირებულები, ამ საკითხში არის ერთსულოვნება. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს, როგორც ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, აქვს უკვე კარგად ჩამოყალიბებული პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში და არა მხოლოდ საქართველოსთან, სამხრეთ კავკასიასთან მიმართებაში და ის ფაქტი, რომ სამხრეთ კავკასია და საქართველო გამოჩნდა ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური პრიორიტეტების რუკაზე, თავისთავად, ჩვენთვის არის ძალიან დამაიმედებელი.
ეს „ქართულ ოცნებაზე“ აუცილებლად იმოქმედებს იმიტომ, რომ ეს შედგება ორი ნაწილისგან – ერთია კრიტიკული ნაწილი, მეორეა წამხალისებელი ნაწილი. კრიტიკული ნაწილი ეხება იმ შეცდომებს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დაუშვა, განსაკუთრებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში.
საბოლოოდ, ტრამპის ხელმოწერა სჭირდება. ეს რომ იყოს „დემოკრატების“ მიერ წარდგენილი და დამტკიცებული, მაშინ კიდევ გვექნებოდა რაღაც კითხვის ნიშნები, მაგრამ ორპარტიული მხარდაჭერაა, ამიტომ, მე ეჭვი არ მეპარება ტრამპის ხელმოწერაზე, შესაბამისად, მივდივართ იმ ეტაპამდე, როდესაც ახალი სანქციები იქნება გამოცხადებული ქართველი ფიზიკური პირებისა და იურიდიული პირების მიმართ, რაც ძალიან სერიოზული შედეგის მომტანი იქნება საერთოდ საქართველოს ეკონომიკის მიმართ.
მეორე ნაწილი არის წამახალისებელი, ანუ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთავრობა გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს, თუ რისი მიღწევა შეიძლება ორმხრივ ურთიერთობებში. ეს არის ვაჭრობის წახალისება, მხარდაჭერა სამხედრო-პოლიტიკური უსაფრთხოების გამყარების თვალსაზრისით და კიდევ ბევრი სხვა რამ.
ჩვენ ვართ ახლა იმ ზღვარზე, სადაც უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება ჩვენ მოგვაქცევს იმ სივრცეში, სადაც ნამდვილად უნდა ვიყოთ. ეს არის სივრცე ევროპასთან დაახლოების, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის და არა სივრცე, რომელსაც ქმნის რუსეთი თავისი „რუსსკი მირის“ სახით, რომელსაც მე „კეთროვანთა ბანაკს“ ვუწოდებდი“, – განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.
