ვალერი ჩეჩელაშვილი – ევროკავშირისა და ამერიკის ოფიციალური პირები გადავიდნენ მკაფიო და პირდაპირ ენაზე – თუ კობახიძეს ჰგონია, რომ კაია კალასი ბორელის ადგილას უფრო კეთილგანწყობილი იქნება მის მიმართ, ძალიან ცდება

ვინაიდან ევროკავშირისა და ამერიკის ოფიციალური პირები მიხვდნენ იმას, რომ დიპლომატიურად შეფუთული გზავნილები – საკმაოდ მკაცრი, მაგრამ დიპლომატიურ ენაზე ნათქვამი – არ არის საკმარისი საიმისოდ, რომ “ქართულმა ოცნებამ” გაიგოს, რა სიღრმისა და ხარისხის პრობლემებთან აქვთ საქმე, გადავიდნენ ძალიან მკაფიო და პირდაპირ ენაზე, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ვალერი ჩეჩელაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “რეზიუმეში” განაცხადა, რითაც შეაფასა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის ჯოზეფ ბორელის განცხადება.
ჩეჩელაშვილის შეფასებით, დასავლელი პარტნიორების სინქრონიზებული გზავნილები ანგრევს “ქართული ოცნების” ნარატივს.
“ირაკლი კობახიძის პასუხები ბორელის განცხადებაზე ზუსტად იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს მთავრობა ვერ შეეჩვია კრიტიკულ შეფასებებს დასავლეთიდან. გასაგებია სავსებით, რატომ არის ბატონი პრემიერ-მინისტრი გაღიზიანებული – ეს პირდაპირ ურტყამს “ქართული ოცნების” ელექტორალურ დაპირებებს იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით დაპირებები, რომ ეს ყველაფერი გადაივლის, 26 ოქტომბერი ჩაივლის, უკრაინის ომი დამთავრდება. უნდა ვკითხოთ ბატონ ირაკლის, რას გულისხმობს ომის დამთავრებაში, როგორ ხედავს ამ ომის დამთავრებას და როდესაც ამბობს, რომ ეს მალე დამთავრდება, ვკითხოთ მოსაზრება ამასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება ბორელის განცხადებას, მას არაფერი ახალი არ უთქვამს. ის თანმიმდევრულად აგრძელებს ხაზს, რომელიც ძალიან კარგად ჩამოაყალიბა ელჩმა ჰერჩინსკიმ და რისი არსიც მდგომარეობს იმაში, რომ იმის გამო, რომ “ქართულმა ოცნებამ” ევროკავშირის გეზს გადაუხვია, კონტაქტები უმაღლეს დონეზე არის შეწყვეტილი. ეს კონტაქტები შეწყდა ბრიუსელთან, შეწყდა ვაშინგტონთან და დიდი ბრიტანეთის ელჩის ბატონი უორდის დღევანდელმა განცხადებამაც დაადასტურა, რომ ბრიტანეთმაც იგივე გააკეთა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, ვინაიდან დიდი ბრიტანეთი არის გლობალური მოთამაშე და უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრი.
“ქართულმა ოცნებამ” შეიძლება ყველაფერი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად მიიჩნიოს, მაგრამ მას ძალიან აღიზიანებს ჩვენი დასავლელი პარტნიორების ძალიან კარგად სინქრონიზებული და ძალიან კარგად ჩამოყალიბებული დალაგებული გზავნილები, ვინაიდან ეს ანგრევს “ქართული ოცნების” ნარატივს იმასთან დაკავშირებით, რომ 26 ოქტომბრის შემდეგ ყველაფერი ჩადგება საკუთარ კალაპოტში და ჩვენ გავაგრძელებთ ურთიერთობებს.
თუ ბატონ ს ჰგონია, რომ ქალბატონი კალასი ბორელის ადგილას იქნება უფრო კეთილგანწყობილი მის მიმართ, ძალიან ცდება ისევე, როგორც კალაძე, რომელსაც ჰგონია, რომ ერთ-ერთი საკვანძო ევროკომისარი ბატონი კუბილიუსი იქნება “ქართული ოცნების” მიმართ კარგად განწყობილი და ამ გადატვირთვაში მიიღებენ მონაწილეობას.
ვინაიდან ევროკავშირისა და ამერიკის ოფიციალური პირები მიხვდნენ იმას, რომ დიპლომატიურად შეფუთული გზავნილები, საკმაოდ მკაცრი, მაგრამ დიპლომატიურ ენაზე ნათქვამი არ არის საკმარისი საიმისოდ, რომ “ქართულმა ოცნებამ” გაიგოს, რა სიღრმისა და ხარისხის პრობლემებთან აქვთ საქმე, ზუსტად ამიტომ გადავიდნენ ძალიან მკაფიო და პირდაპირ ენაზე. მათ, ბუნებრივია, არ უნდათ, საშუალება მისცენ “ქართულ ოცნებას”, რომ ამომრჩეველი შეიყვანოს შეცდომაში”, – განაცხადა ჩეჩელაშვილმა.
ცნობისთვის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ საქართველოში მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი ქმედებები, განცხადებები და საარჩევნო დაპირებები ქვეყანას ევროპული გზიდან აშორებს და ავტორიტარიზმისკენ გადასვლაზე მიუთითებს.
ბორელის თქმით, საპარლამენტო საქართველოში დემოკრატიისა და მისი ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის გადამწყვეტი გამოცდა იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ