ვალენტინობისთვის ფასების 20%-მდე ზრდა მოგვიწია – „საკურა“

„ვალენტინობისთვის ფასების 20%-მდე ზრდა მოგვიწია“, – ამის შესახებ ყვავილების მაღაზიის „საკურა“ ფლორისტმა სალომე ლიპარტელიანმა BM.GE-სთან ისაუბრა.
მისი განმარტებით, სადღესასწაულო პერიოდში, განსაკუთრებით ვალენტინობას, ფასები საწყობებსა და სხვადასხვა ონლაინ მაღაზიებში ორმაგდება და ზოგჯერ, სამმაგდება კიდეც.
შესაბამისად, მაღაზიებს ძველი მარჟით მუშაობა უჭირთ და ფასების დაკორექტირება უწევთ. ლიპარტელიანი ასევე დასძენს, რომ ადამიანები, რომლებიც ყვავილებს ხშირად ჩუქნიან, მათ აღნიშნული კარგად იციან, ამიტომ თადარიგს იჭერენ და დაახლოებით 1 კვირით ადრე იწყებენ ყვავილების შეკვეთას.
„მოგეხსენებათ, რომ სადღესასწაულო პერიოდებში, განსაკუთრებით ვალენტინობის პერიოდში საწყობიდან ყვავილების გამოტანაც და ონლაინ მაღაზიებში შეძენაც გაორმაგებულ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ბუნებრივია, ძველ მარჟაში ვერ ვიმუშავებთ, როდესაც ფასები გაორმაგებულია. ამიტომ, დაახლოებით 15-20%-იანი ფასების ზრდა გვიწევს, რადგან პროდუქტი თვითონ საწყობიდან გამოგვაქვს გაორმაგებულ ფასად. ყვავილების ღირებულება იმპორტიორებზეა დამოკიდებული და სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვარეგულირებთ
ვალენტინობისთვის, ადამიანები, რომლებიც საყვარელ ადამიანებს ყვავილებს ხშირად ჩუქნიან, მათ კარგად იციან, რომ თადარიგი უნდა დაიჭირონ. ამიტომ, ბოლო ორი დღეა უკვე წინასწარი ჯავშნები გააქტიურებულია და 14 თებერვლისთვის პიკს მიაღწევს“, – ამბობს ფლორისტი.
ყვავილების მაღაზიის „საკურა“ ფლორისტის ინფორმაციით, ამ დროისათვის ფლორისტიკურად სტანდარტული თაიგულის ღირებულება 70 -100 ლარის ფარგლებშია. თუმცა, ფასები ყვავილის ტიპსა და თაიგულის მოცულობაზეა დამოკიდებული. სალომე ლიპარტელიანის ინფორმაციით, ყვავილების იმპორტი დან, ჰოლანდიიდან, ეკვადორიდან, კენიიდან ხდება. მისი თქმით, ფასების მატება ჯერ კიდევ დღესასწაულებამდეც უკვე შესამჩნევი იყო.