ვაკანსიების რაოდენობა შემცირდა. კომპანიების უმეტესობის პასუხია – რა ახალი კადრი, ძველების შენახვას ძლივს ვახერხებთ – HR.ge

შრომის ბაზარზე ურთიერთსაპირისპირო ტენდენციაა, ერთი შეხედვით დასაქმება მატულობს, თუმცა ვაკანსიებზე ეს არ აისახება. სტატისტიკა, რომელსაც სხვადასხვა სააგენტოები აქვეყნებენ ნათლად გვიჩვენებს, რომ სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობა მატულობს, ხოლო გამოცხადებული ვაკანსიების მაჩვენებელი იკლებს. თუ ადრე ბიზნესი მუშახელის დეფიციტს უჩიოდა, დღეს პირიქითაა.
დასაქმების სააგენტოების ნაწილში აცხადებენ, რომ კომპანიების მიერ გამოცხადებული ვაკანსიების კლების ტენდენცია ნარჩუნდება. გასული წლის ბოლო კვარტლის ტენდენცია მიმდინარე წლის დასაწყისშიც გაგრძელდა. ამ მიმართულებით კლება იანვარ-თებერვალშიც შეინიშნება.
“ეიჩარ.გე”-ს გაყიდვების დირექტორის, ინგა შახბაზიანის ინფორმაციით, გამოცხადებული ვაკანსიების ყველაზე მკვეთრი შემცირება კვლავ ჰორეკა სექტორში ფიქსირდება, სადაც კომპანიები ახალ კადრებს ნაკლებად ეძებენ.
“2024 წელს გამოცხადებულ ვაკანსიებში ჯამში 2%-იანი კლება გვქონდა, განსაკუთრებით ბოლო კვარტალში, ამ პერიოდში 8%-ით შემცირდა ვაკანსიების რაოდენობა. იანვარში პოზიტიური სიგნალები გვქონდა, თუმცა წინა წლის იანვართან შედარებით, მაინც უფრო ნაკლები რაოდენობის ვაკანსია დავდეთ. თებერვალში იანვართან შედარებით მცირე მატებაა, ამ დროისთვის 4000-მდე ვაკანსიაა განთავსებული. თუმცა თუ ასე დასრულდა თებერვალი, 8%-იანი კლება გვექნება წინა წელთან შედარებით.
ყველაზე მეტად ჰორეკა სექტორს გაუჭირდა, სასტუმროების და კვების სექტორში გამოცხადებულ ვაკანსიებში 40%-იანი კლება გვაქვს. კომპანიების უმეტესობის პასუხი ასეთია – რა ახალი კადრი, ძველების შენახვას ძლივს ვახერხებთ. ახლა აპრილს ელოდებიან, რომ ამ სეზონზე შედარებით გააქტიურდებიან”, – განაცხადა ინგა შახბაზიანმა.
ვაკანსიების კლების პარალელურად, გაზრდილია სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობა. ბოლო თვეების განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო ორ თვეში სამუშაოს მაძიებელთა ინტერესი მომატებულია.
“ჩვენთან უკვე 170 ათასი სამუშაოს მაძიებელია დარეგისტრირებული და ყოველდღიურად იზრდება ეს რიცხვი. აქამდე, საშუალოდ, დღიურად 30-დან 60-მდე რეგისტრანტი გვყავდა ხოლმე, ახლა დაახლოებით 20%-იანი ზრდა გვაქვს. არის დღეები როდესაც 100 ახალი ადამიანიც რეგისტრირდება და ძველებიც აახლებენ თავიანთ მონაცემებს. ეს გვაძლევს იმის შესაძლებლობას რომ ვთქვათ, თავად სამუშაოს მაძიებელთა ინტერესი მომატებულია. ასევე თავად კომპანიები გვეუბნებიან, რომ წინა პერიოდთან შედარებით ბოლო ორ თვეში გამოცხადებულ ვაკანსიებზე ბევრად მეტი “სივი” შესდით“, – აღნიშნა შახბაზიანმა.
ეკონომიკის ექსპერტი პაატა ბაირახტარი ,,ბიზნეს-რეზონანსთან” საუბრისას ცალსახად აღნიშნავს, რომ სხვადასხვა სააგენტოების მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა ქვეყანაში შექმნილი რთული პოლიტიკური მდგომარეობის შედეგია. ქვეყანაში არსებული დაძაბულობა პირდაპირ აისახება ბიზნესის სფეროში და ზოგიერთ მათგანს საგრძნობლად აზარალებს.
,,თუ დავაკვირდებით მიმდინარე პროცესებს, შეიძლება ითქვას, რომ გარკვეული პოლიტიკური კრიზისია ქვეყანაში. ასეთი მდგომარეობას, ვერც ბიზნესი და ვერც ერთი სექტორი, როგორც ჩვეულებრივ მოვლენას ისე ვერ შეხედავს. დღეს, ბიზნესი აგრძელებს მუშაობას, მაგრამ არსებული დაძაბული ფონი სექტორზე ნეგატიურად აისახება. არ გვაქვს ის განვითარების ტემპი, რაც ამ მომენტისთვის შეიძლებოდა გვქონოდა.
მსგავსი მდგომარეობა თუ რიგ კომპანიებს გარკვეულ დისკომფორტს უქმნის, ზოგიერთზე პირდაპირ უარყოფითად მოქმედებს, მაგალითად, ჰორეკა სექტორი, ტურიზმი და მისი მომიჯნავე დარგები. აქედან გამომდინარე, თუ ყველა დეტალს გავითვალისწინებთ, ლოგიკურია ის მონაცემები, რაც დასაწყისში ახსენეთ. ამას თან ერთვის ის გარემოებაც, თუ როგორაა ჩვენი დასაქმებისა და ეკონომიკის სტრუქტურა აწყობილი. სად არის ყველაზე მეტი მოთხოვნა. ეს არის მომსახურების სექტორი, რაც პირდაპირ კავშირშია ტურიზმთან. ამიტომაც, ეს რგოლი საკმაოდ მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან”, – განუცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსს” ბაირახტარმა.
თუმცა, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს თუ დავეყრდნობით, რომელიც გასულ კვირას გამოქვეყნდა, დავინახავთ, რომ უმუშევრების მაჩვენებელი შემცირებულია. ბაირახტარის განცხადებით, სხვაობა სხვადასხვა კრიტერიუმებითაა გამოწვეული.
,,სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა სამუშაო ძალის მაჩვენებლებთან დაკავშირებით კვლევა გმაოაქვეყნა, სადაც
უმუშევრობის რაოდენობა შემცირებულია. ეს წინააღმდეგობაში მოდის იმ მონაცემებთან, რაზეც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ. თუ უმუშევრობის გამოანგარიშების მეთოდოლოგიას შევხედავთ, პასუხი ნათელად გამოჩნდება. უმუშევარია ადამიანი, რომელიც ორ ან მეტ თვეს ანდომებს სამსახურის მოძიებას და ვერ პოულობს. ასევე, თვითდასაქმებულებიც დასაქმებულებში ითვლებიან, რაც გავლენას ახდენს სტატისტიკაზე. არ უნდა დაგვავიწყდეს ემიგრაციის ის დიდი მაჩვენებელი, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში გვაქვს. ქვეყნიდან გასული სამუშაო ძალა საერთო ეროვნულ სტატისტიკაში არ ხვდება და გვაძლევს იმ შედეგს, რომელიც დღესდღეისობითა.
აქედან გამომდინარე, ლოგიკურია რომ სხვადასხვა სააგენტოების სტატისტიკა და სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მაჩვენებლები ერთმანეთთან წინააღმდეგობაშია. რაც შეეხება პერსპექტივას, თუ პოლიტიკური დაძაბულობა არ გაქარწყლდა და მეტი სტაბილურობა არ იქნა, პოზიტიური პროგნოზის გაკეთება რთული იქნება”, – განაცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსთან” ბაირახტარმა.
ვრცლად: www.resonancedaily.com