„ვაი ბიზნესმენს ჩემს საადვოკატო რეპუტაციას ვერ შევალახვინებ“ – ადვოკატი ამირან გიგუაშვილი გიორგი ჩიკვაიძის ბრალდებას პასუხობს

ადვოკატი ამირან გიგუაშვილი ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ მას საქმის დალაგებაში ადვოკატი ფულს სძალავდა, განცხადებას ავრცელებს.
ამირან გიგუაშვილი ამბობს, რომ ჩიკვაიძეს სტანდარტული მომსახურების ხელშეკრულებას სთავაზობდა, თუმცა მას მათი სამართლებრივი ანალიზი არ მოეწონა და ადვოკატისგან ისე გაიპარა, რომ მომსახურების საფასურიც არ გადაუხდია.
„კომერსანტი“ ამირან გიგუაშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“მეგობრებო, ნამდვილად არ ჩავთვლიდი საჭიროდ ვიღაც ვაი ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის ბრალდებებს რომ გამოვხმაურებოდი, თუმცა თავს ვალდებულად ვთვლი საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, თუ რას ემსახურება სიბინძურის ეს კამპანია, რასაც აღნიშნული პიროვნება მიზანმიმართულად ავრცელებს ბოლო დღეებია.
გიორგი ჩიკვაიძე მიმდინარე წლის თებერვლის თვეში, თავად დამიკავშირდა, მისი ინიციატივით და მთხოვა პროფესიული, საადვოკატო მომსახურების გაწევა იმ პრობლემასთან დაკავშირებით, რომელიც მას გააჩნდა ბიზნესმენ ელგუჯა თურმანიძის საჩივრის გამო. საკითხი ეხებოდა მის მიერ აღებული ვალდებულების შეუსრულებლობას, იახტის ჩამოყვანის შესახებ. მასთან და მის პარტნიორთან ჩემს მიერ გაფორმდა სტანდარტული მომსახურების ხელშეკრულება, სადაც აისახა მომსახურების სახე, ფორმა და საათობრივი ანაზღაურების წესი. არავითარი უკანონო მოქმედების შესახებ ცხადია ჩვენს შორის საუბარი და შეთანხმება არ ყოფილა და ვერც იქნებოდა. მას უბრალოდ არ მოეწონა ჩვენი სამართლებრივი ანალიზი, რომ იახტის შესაძენად გადახდილი თანხა უნდა დაებრუნებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი და მისი პარტნიორის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი აშკარად იკვეთებოდა და ჩვენგან ისე გაიპარა, რომ მომსახურების საფასურიც არ გადაიხადა სრულად. ეს არის რეალური ისტორია, ხოლო ყველაფერი დანარჩენი არის მისი პოლიტიკური სპეკულაცია და ტალახი, რომელსაც ისვრის ყველას მიმართ და რომელიც საბოლოოდ ისევ მას დაუბრუნდება.
დანარჩენს, რა თქმა უნდა, გამოძიებას მოვახსენებ და ასევე მოვითხოვ მის მიმართ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა ცრუ დასმენის გამო, ისევე როგორც მივმართავ სასამართლოს პატივისა და ღირსების შელახვასთან დაკავშირებით. ვიღაც ტყუილების ოსტატ, ვაი ბიზნესმენს, ჩემს საადვოკატო რეპუტაციას ნამდვილად ვერ შევალახვინებ. მადლობა ყველას გულშემატკივრობისათვის”, – ნათქვამია ადვოკატის განცხადებაში.
ცნობისთვის, ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე ბრალს დებს პროკურატურას მის მიმართ განხორციელებულ უკანონო დევნაში. საქმე ეხება გიორგი ჩიკვაიძის კომპანიის მიერ აღებული ვალდებულების შეუსრულებლობას იახტის ჩამოყვანასთან დაკავშირებით, რისთვისაც ბიზნესმენმა ელგუჯა თურმანიძემ გიორგი ჩიკვაიძის კომპანიას მილიონ ლარზე მეტი გადაუხადა. ბიზნესმენის განცხადებით, მას პროკურატურასთან ურთიერთობის მოგვარებაში ადვოკატი ფულს სძალავდა, რასაც ადვოკატი კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ აპირებს შემხვედრი საჩივარი შეიტანოს გიორგი ჩიკვაიძის ცრუ ბრალდებებთან დაკავშირებით.