ვაიმარის სამკუთხედის (გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი) წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
განცხადებაში გამოხატულია მხარდაჭერა ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების მიმართ და წუხილია გამოთქმული საქართველოს მთავრობის ქმედებების გამო, რომლებმაც გამოიწვეს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება, როგორც ეს გამოაცხადა ევროპულმა საბჭომ 27 ივნისს.
„ნეგატიური ტენდენცია მას შემდეგ მხოლოდ გაუარესდა რეპრესიების შემაშფოთებელი მუქარით, ე.წ. „გამჭვირვალობის კანონის“ ძალაში შესვლით, რომელიც სტიგმატირებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, ახლახან მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით, რომლებიც ზღუდავენ LGBT+ ადამიანების უფლებებს, ასევე თავდასხმებით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და დამოუკიდებელ ჟურნალისტებზე. ჩვენ მზარდი შეშფოთებით აღვნიშნავთ ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების მიმართ აგრესიული რიტორიკის გაძლიერებას. ევროკავშირი არ დაუშვებს რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა გაავრცელონ ცრუ ნარატივები ევროპული პოზიციებისა და პოლიტიკის შესახებ“, — ნათქვამია განცხადებაში.
ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, შეცვალოს თავისი მიმდინარე ქმედებები.
„საფრთხის ქვეშ დგას ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებისა და თანამშრომლობის ფარგლები და სიღრმე. ჩვენ ველით საქართველოს ხელისუფლებისგან, უზრუნველყოს, რომ მომავალი არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი და შეესაბამებოდეს ეუთოს ODIHR-ის რეკომენდაციებს, განსაკუთრებით რაც შეეხება საარჩევნო კამპანიის თავისუფლად და უსაფრთხოდ წარმართვის შესაძლებლობას. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა ხელახლა აიღებს ვალდებულებას, განახორციელოს პრიორიტეტული რეფორმები, რომლებიც განსაზღვრულია ქვეყნის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსით. ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ ქართული საზოგადოების მხარდაჭერა ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენი ხელი გამოწვდილი რჩება“, — ნათქვამია განცხადებაში.
გერმანია, საფრანგეთი და პოლონეთი აცხადებენ, რომ აგრძელებენ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცებას და მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.