„ვაზიანში ახალი აეროპორტის მშენებლობით მეტად მოხდება რუსთავის განვითარება“ – ლევან დავითაშვილი

„ვაზიანში ახალი აეროპორტის მშენებლობით მეტად მოხდება რუსთავის განვითარება,“ – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ვაზიანში ახალი აეროპორტის მშენებლობის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
„გვაქვს მკაფიო გათვლები და გეგმა – აეროპორტი უნდა განვითარდეს ისე, რომ მან შეძლოს საერთაშორისო დამაკავშირებელი ფუნქციის შესრულება, ეს ეხება როგორც სამგზავრო გადაყვანებს, ისე სატვირთო გადაზიდვებს. საუბარია, ვაზიანის ყოფილი სამხედრო აეროპორტის ნაწილობრივ გამოყენებაზე იმისთვის რომ აშენდეს ახალი აეროპორტი.
მნიშვნელოვანია, რომ ვაზიანში ახალი აეროპორტის მშენებლობით მეტად მოხდება რუსთავის განვითარება და რუსთავის მოსახლეობისთვის დასაქმების ახალი შესაძლებლობები გაჩნდება.
ასევე პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს თბილისსა და რუსთავს შორის აგლომერაციის ჩამოყალიბებას. როგორც იცით კახეთისკენ მიმავალი ოთხზოლიანი მაგისტრალი შენდება და აეროპორტთან მისასვლელი გზა იქნება ახალი მაგისტრალის ერთ-ერთი მონაკვეთი. შესაბამისად, გამარჯვებიდან რუსთავისკენ მიმავალი მაგისტრალი გაივლის ახალი აეროპორტისკენ,“- აღნიშნა დავითაშვილმა.
ცნობისთვის, რომ მთავრობამ ვაზიანში ახალი აეროპორტის მშენებლობის გადაწყვეტილება მიიღო.