„ვაზიანის აეროპორტის მშენებლობის შემთხვევაში, დედაქალაქს ექნება შესაძლებლობა მიიღოს 18 მილიონზე მეტი მგზავრი“ – რას გულისხმობს სამთავრობო პროგრამაში გაწერილი ავიაციის გეგმა?

„ვაზიანის აეროპორტის მშენებლობის შემთხვევაში, დედაქალაქს ექნება შესაძლებლობა მიიღოს 18 მილიონზე მეტი მგზავრი“ – რას გულისხმობს სამთავრობო პროგრამაში გაწერილი ავიაციის გეგმა?
არსებული პროგნოზების გათვალისწინებით, 2024 წელს საქართველოს აეროპორტები 6.8 მილიონამდე მგზავრს მოემსახურება (14%-იანი ზრდა 2023 წლის მგზავრთნაკადთან შედარებით) – ამის შესახებ საქართველოს პრემიერობის კანდიდატ ირაკლი კობახიძის ახალ სამთავრობო პროგრამაში „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ წერია.
პროგრამაში ნათქვამია, რომ აღნიშნული პროგნოზი საქართველოს ტურისტული პოტენციალის განვითარებითა და ავიაკომპანიებთან პროაქტიური თანამშრომლობით არსებული ოპერირების გაზრდის, ასევე საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლისა და ახალი მიმართულებებით ოპერირების დაწყებითაა განპირობებული.
„დაგეგმილია თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პროექტის განვითარება, რომელიც ასევე იქნება ტრანზიტულ-ლოგისტიკური ცენტრი მაღალი დონის სამგზავრო და სატვირთო ტერმინალებით. ამ მიზნის მისაღწევად, შეფასდება დედაქალაქის მთავარი აეროპორტის განვითარების სწორი გეგმა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ტექნიკურ კვლევებსა და შეფასებებზე დაყრდნობით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შემდგომი განვითარებისა თუ ვაზიანში ახალი აეროპორტის მშენებლობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას.
პირველადი შეფასებით, ვაზიანის აეროპორტის მშენებლობის შემთხვევაში, დედაქალაქს ექნება შესაძლებლობა მიიღოს 18 მილიონზე მეტი მგზავრი“, – ნათქვამია პროგრამაში.
დოკუმენტის მიხედვით, 2024 წელს ქუთაისის აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის შემუშავება დასრულდება და ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და საჰაერო ხომალდების ბაქანის გამტარუნარიანობის გასაზრდელად ინფრასტრუქტურული პროექტები დაიწყება. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში აშენდება მცირე ზომის სატვირთო ტერმინალი რეგიონში არსებული საჰაერო სატვირთო პოტენციალის ათვისების მიზნით.
აჭარის რეგიონში მზარდი ტურისტული ნაკადების მისაღებად კი 2024 წელს ს საერთაშორისო აეროპორტის შემდგომი გაფართოების შესაძლებლობის განსაზღვრის მიზნით, მისი გამტარუნარიანობა შეფასდება.
მთავრობა შიდა ფრენების სუბსიდირების პოლიტიკას გააგრძელებს და 2024 წელს თელავის აეროპორტისა სრულ მოდერნიზებას და მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირებასა და მშენებლობას გეგმავს.
„რეგიონებს შორის მობილობის ზრდის ხელშეწყობისათვის, ადგილობრივი მოსახლეობის, ისევე როგორც შიდა და საერთაშორისო მოგზაურებისთვის სწრაფ და ხელმისაწვდომ ფასად გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფო განაგრძობს შიდა ფრენების სტიმულირებას და შიდა აეროპორტების მშენებლობასა და განვითარებას“, – ნათქვამია სამთავრობო პროგრამაში.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ქალების პროპორციული ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებასა და ეკონომიკურ აქტივობაში ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ – ეკატერინე გალდავა