ვაზიანის აეროპორტის მშენებლობისთვის 2025 წელს₾20 მლნ, 2026-ში კი ₾100 მლნ დაიხარჯება

სოფელ ვაზიანში ახალი საერთაშორისო აეროპორტის მოსამზადებელ სამუშაოებზე 2025 წელს 20 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება – ამის შესახებ 2025 წლის ბიუჯეტის პროექტიდან ხდება ცნობილი. დოკუმენტის თანახმად, 2025-2028 წლებში ვაზიანის აეროპორტის მშენებლობაზე მთავრობა ყოველწლიურად 100-100 მილიონ ლარს დახარჯავს.
მთლიანობაში ბიუჯეტის კაპიტალური პროექტების დანართის თანახმად, ვაზიანის აეროპორტის განვითარებაზე 2024-2028 წლებში 340 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება.
საქართველოს მთავრობის გეგმით, ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტმა მგზავრების მიღება 2029 წლიდან უნდა დაიწყოს. პროექტის თანახმად, 2029 წლისთვის აეროპორტის პირველ ტერმინალს წლიურად 10 მილიონი მგზავრის გატარება უნდა შეეძლოს, ხოლო საბოლოოდ აეროპორტის წლიური გამტარიანობა 20 მილიონი მგზავრი უნდა იყოს.
ვაზიანის ახალი აეროპორტი ყოფილი სამხედრო აეროპორტის ტერიტორიაზე აშენდება და ის 500 ჰექტარის აერალს დაიკავებს. პროექტის გეგმის შემუშავებაში საქართველოს მთავრობას აზიის განვითარების ბანკი (ADB) ეხმარება, ივნისში ADB-იმ გამოაცხადა ტენდერი ახალი აეროპორტის გენერალური გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით.
აღნიშნული გეგმის შემუშავების შემდეგ მთავრობა გეგმავს გამოაცხადოს საერთაშორისო ინტერესთა გამოხატვა რის საფუძველზეც პროექტის ინვესტორს მოიძიებს. მთავრობის ინფორმაციით, პროექტის მთლიანი ღირებულება დაახლოებით 1.2 მილიარდი დოლარია.
bm.ge