„ვადის გარდა არაფერი შეცვლილა, კომპანია ბახმაროში 350 ნომრიან სასტუმროს ააშენებს“ – „ორბი ჯგუფი“

კომპანია „ორბი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე ბახმაროს პროექტთან მიმართებით BMG-თან განმარტებას აკეთებს. მისი თქმით, მთავრობამ, “ორბის” ბახმაროს პროექტში ცვლილებების ნებართვა მხოლოდ ვადებთან მიმართებით გასცა.
კერძოდ, პროექტი რომელიც საზოგადოების გარკვეული ნაწილის პროტესტის მიზეზად იქცა, 2025 წელს უნდა დასრულებულიყო, ახალი განკარგულების მიხედვით კი, მრავალ ფუნქციური კომპლექსის ფუნქციონირების ვადად 2027 წლის 31 დეკემბერი განისაზღვრა. მიზეზად კოვიდ პანდემიის გამო პროცესების შეფერხება სახელდება.
რაც შეეხება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ნომრების 350-იდან 120-მდე შემცირებასთან დაკავშირებით, კომპანიაში განმარტავენ, რომ საპრივატიზაციო ვალდებულებად თავიდანვე 120 ნომერი იყო გათვალისწინებული, თუმცა კომპანიამ მშენებლობის უფლება 350-ნომრიან სასტუმროზე მიიღო და ამ მხრივ რამე ცვლილება პროექტში არ გატარებულა.
„სასტუმრო ნომრების რაოდენობა არ შემცირებულა 120-მდე. საპრივატიზაციო ვალდებულება იყო არანაკლებ 120 ნომრისა, შესაბამისად ეს ჩანაწერიც დარჩა, ეს არ ნიშნავს რომ 120 ნომრამდე ვაშენებთ, არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა ინფორმაცია.
კომპანია დღემდე არსებული პროექტით 350-ნომრიან სასტუმროს აშენებს, ამიტომ, სახელშეკრულებო დონეზე არანაირი ცვლილება ვადის გარდა არ განხორციელებულა. მოგეხსენებათ, საპრივატიზაციო შესრულების ვადა დაემთხვა პანდემიის პერიოდს, რომლის შესახებაც საქართველოს მთავრობას ასეთი დამოკიდებულება აქვს, რომ ყველას გაუგრძელდა პერიოდი. ჩვენ რადგან ეს ვადა გვეწურებოდა ივნისში, პროცედურულადაც მივმართეთ მათ ვადის ამოწურვამდე და შევთანხმდით გაგრძელებაზე.
აქვე არის ერთი ნიუანსი, აქამდე განკარგულებაში წერია, რომ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 წლის განმავლობაში, გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა არ უნდა განხორციელებულიყო და ახლა ეს ვადა 15 წლამდე გაიზარდა.
ცვლილებაზე მოსაკრებელია და ყველა კომპანია იხდის, ჩვენ უკვე გადავიხადეთ ბიუჯეტში 284 936 ლარი.“ – განაცხადა კვერღელიძემ.
კითხვაზე, როდის დაიწყებს კომპანია პროექტის მშენებლობას, აცხადებენ, რომ „უახლოეს ხანებში.“ რაც შეეხება გაყიდვებს, „ორბიში“ ამბობენ, რომ „ამ ფორმატში ამ მიმართულებით არ აქტიურობენ.“
„ამ წუთისთვის ნებართვა გაცემულია იმ პროექტზე რაც ყველამ იცის, შესაბამისად გავიმეორებ, რომ ამ პროექტის მიხედვით ჯამურად გეგმაშია 350 ნომრის სასტუმროს აშენება. მშენებლობას დავიწყებთ უახლოეს ხანებში. ჩვენ მოცემულობა ასეთია: კანონს არ ვარღვევთ, ყველა ნორმატიულ აქტში ვჯდებით, საკითხი მიდის გემოვნებამდე, გემოვნებაზეც მზად ვართ მოვისმინოთ მოსაზრებები.
გაყიდვებს რაც შეეხება, მშენებლობის ნებართვა არსებობს და გაყიდვებში მე ხელი არ მეშლება, თუმცა ამ ფორმატში ამ მიმართულებით, არც ჩვენ გვინდა ვიაქტიუროთ,“ – უთხრა BMG-ის ირაკლი კვერღელიძემ.