ვადაგადაცილებული სესხები ერთ თვეში 79.9 მლნ ლარით გაიზარდა

მარტში ვადაგადაცილებული სესხები წინა თვესთან შედარებით 79.9 მლნ ლარით გაიზარდა და 491.9 მლნ ლარს გაუტოლდა. ეროვნული ბანკის თვის მიმოხილვის მიხედვით, ვადაგადაცილებული სესხების 39.8% ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული.
„მარტში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხები წლიურად 17.3%-ით გაიზარდა. სესხების ზრდის ტემპი წინა თვესთან შედარებით 0.9 პპ-ით გაიზარდა. სესხების ზრდის ტემპის მატება ეროვნული ვალუტით დაკრედიტების აჩქარებამ განაპირობა. კერძოდ, მარტში, ეროვნული ვალუტით დაკრედიტების ზრდის ტემპი 19.3%-მდე გაიზარდა და მთლიანი სესხების ზრდაში 10.7 პპ-იანი წვლილი შეადგინა. უცხოური ვალუტით დაკრედიტება (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით) წლიურად 14.9%-ით, 24.1 მლრდ ლარამდე გაიზარდა და მთლიანი სესხების ზრდაში 6.6 პპ- იანი წვლილი შეიტანა. უცხოური ვალუტით დაკრედიტების აჩქარება ბიზნესის ტიპის სესხების ზრდას უკავშირდება. თუმცა აღსანიშნავია, ლარის ბიზნესის სესხების მზარდი ტენდენციაც. ჯამურად, ბიზნესის სესხების წვლილი დაკრედიტების ზრდაში 10.4 პპ-ია. იპოთეკური სესხების წვლილმა მთლიანი სესხების ზრდაში 2.0 პპ-ზე შეადგინა.
მარტში, სესხების საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი, წინა თვესთან შედარებით, 0.6 პპ-ით შემცირდა და 12.8% შეადგინა. ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი 0.3 პპ-ით 15.1%-მდე შემცირდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემულ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთი 0.1 პპ-ით 8.7%-მდე გაიზარდა.
მარტში, იურიდიულ პირებზე ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი 0.4 პპ-ით 11.9%-მდე შემცირდა. იპოთეკურ სესხებზე ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი იგივე დონეზე 11.5%-ზე შენარჩუნდა. მარტში, წინა თვესთან შედარებით, იურიდიულ პირებზე უცხოური ვალუტით გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი 0.2 პპ-ით გაიზარდა და 9.0%-ის დონეზეა. უცხოური ვალუტით გაცემული იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთები 0.2 პპ-ით 7.2%-მდე გაიზარდა“, – ნათქვამია სებ-ის მიმოხილვაში.
გარდა ამისა, მარტში მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაცია, წინა თვესთან შედარებით, გაიზარდა და 44.8%-ს გაუტოლდა. იურიდიული პირების სესხების დოლარიზაცია წინა თვესთან შედარებით 64%-მდე გაიზარდა, ხოლო ფიზიკური პირების სესხების დოლარიზაცია 28%-მდე შემცირდა.