ვადაგადაცილებული სესხები 493.5 მლნ ლარამდე გაიზარდა

ნოემბერში ვადაგადაცილებული სესხები წინა თვესთან შედარებით 7.5 მლნ ლარით გაიზარდა და 493.5 მლნ ლარს გაუტოლდა. ვადაგადაცილებული სესხების 41.2% ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
„ნოემბერში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხები წლიურად 16.3%-ით გაიზარდა. სესხების ზრდის ტემპმა წინა თვესთან შედარებით 0.2 პპ-ით მოიმატა. ნოემბერში, ლარით დაკრედიტება წლიურად 16.0%-ით, 27.9 მლრდ ლარამდე გაიზარდა და მთლიანი სესხების ზრდაში 8.8 პპ-იანი წვლილი შეიტანა. უცხოური ვალუტის დაკრედიტების ზრდის ტემპი (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით) მცირედით შენელდა, წლიურად 16.6%-ით გაიზარდა და მთლიანი სესხების ზრდაში 7.5 პპ-იანი წვლილი შეადგინა. უცხოური ვალუტის სესხები მეტწილად ბიზნეს სესხებია, რომლის ზრდის ტემპი, ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, 0.1 პპ-ით 9.8%-მდე შემცირდა. იპოთეკური სესხების წვლილმა მთლიანი სესხების ზრდაში 2.1 პპ შეადგინა. სამომხმარებლო სესხების ზრდის ტემპი კვლავ მაღალ დონეზეა და მთლიან სესხების ზრდაში 4.1 პპ-იანი წვლილი შეიტანა“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის მიმოხილვაში.
ნოემბერში, სესხების საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა თვესთან შედარებით 0.4 პპ-ით გაიზარდა და 13.7% შეადგინა. ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი 0.4 პპ-ით 16.1%-მდე გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემულ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთი 1.2 პპ-ით 8.6%-მდე შემცირდა.
„ნოემბერში, იურიდიულ პირებზე ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი 0.2 პპ- ით 13.1%-მდე გაიზარდა. იპოთეკურ სესხებზე ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი კი 0.3 პპ-ით შემცირდა და 11.5% შეადგინა. ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, იურიდიულ პირებზე უცხოური ვალუტით გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი 1.2 პპ-ით 9.1%-მდე შემცირდა. უცხოური ვალუტით გაცემული იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთები 0.1 პპ-ით 7.6%-მდე შემცირდა.
ნოემბერში მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაცია, წინა თვესთან შედარებით, 0.2 პპ-ით გაიზარდა და 45.5%-ს გაუტოლდა. იურიდიული პირების სესხების დოლარიზაცია წინა თვესთან შედარებით 0.4 პპ-ით და 64.4%- მდე გაიზარდა, ხოლო ფიზიკური პირების სესხების დოლარიზაცია უცვლელია და 28.9%-ის დონეზეა“, – ნათქვამია სებ-ის თვის მიმოხილვაში.