ე.წ. ოფშორების კანონპროექტი აჩენს რისკებს, რომ ქვეყანაში შემოვიდეს ქონება, რომლის წარმომავლობაც დადასტურებული არ იქნება – გიორგი მსხილაძე

ე.წ. ოფშორების კანონპროექტი აჩენს რისკებს, რომ ქვეყანაში შემოვიდეს ისეთი წარმომავლობის ქონება, რომლის წარმომავლობაც დადასტურებული არ იქნება – მეტი დასაბუთება, ანალიზი და პროგნოზი უნდა ყოფილიყო, ქვეყნისთვის რა სიკეთის მომტანია, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ ე.წ. ოფშორების კანონის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა, რომლის თაობაზეც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია.
მისი თქმით, აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით ყველაზე დიდი რისკი ისაა, რომ ცვლილებები არც კერძო სექტორთან, არც ბიზნესთან და არც ექსპერტებთან განხილული არ ყოფილა.
„ყველაზე მთავარი რისკი, რომელსაც “საგადასახადო კოდექსში” ცვლილებები იწვევს, ისაა, რომ არაა დასაბუთებული, რისთვის კეთდება ეს ცვლილებები. დაჩქარებული წესით იყო მიღებული და სათანადო დასაბუთება არ ახლავს. შესაბამისად, იქმნება კანონების ერთობლიობა, რომელმაც შესაძლოა, ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის დააშოროს. კანონპროექტი აჩენს რისკებს, რომ ქვეყანაში შემოვიდეს ისეთი წარმომავლობის ქონება, რომლის წარმომავლობაც დადასტურებული არ იქნება. ძირითადად, ყველაზე დიდი რისკი ისაა, რომ აღნიშნული ცვლილება არც კერძო სექტორთან, არც ბიზნესთან და არც ექსპერტებთან განხილული არ ყოფილა და დაჩქარებული წესით იქნა მიღებული. მეტი დასაბუთება, ანალიზი და პროგნოზი უნდა ყოფილიყო, ქვეყნისთვის რა სიკეთის მომტანია, რაც დასაბუთებაში ვერ ვნახეთ. დაჩქარებული წესით ასეთი ცვლილებების მიღება აჩენს ეჭვს, რომ პირიქით, რაიმე ისეთი არ მოხდეს და ქვეყანაში არ შემოვიდეს ისეთი ინვესტიცია, რომელიც იქნება საეჭვო წარმომავლობის“,- განაცხადა გიორგი მსხილაძემ.