საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) მოიგო სახელმწიფოს წინააღმდეგ დავა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ორგანიზაცია სტრასბურგში 2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს დაზარალებული 26 მოქალაქის ინტერესებს იცავდა. მათ შორის არიან როგორც აქციის რიგითი მონაწილეები, ისე მედიის წარმომადგენლები.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ გადაწყვეტილება დღეს, 11 დეკემბერს გამოაცხადა. დავის ძირითად ნაწილში – წამება და არაადამიანური მოპყრობა, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების დარღვევა – მოსამართლეებმა გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს.
გარდა ამისა, სასამართლომ არ მიიღო საქართველოს მთავრობის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს საქმეზე შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები ამოწურული არ იყო – ამ საფუძვლით “ქართული ოცნება” ამტკიცებდა, რომ საერთაშორისო სასამართლოს საქმე განსახილველად არ უნდა მიეღო.
სტრასბურგის სასამართლომ 20-21 ივნისის საქმეზე პირველი განაჩენი 024 წლის 7 მაისს გამოაცხადა. ასამართლომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) უფლების პროცედურული დარღვევა დაადგინა და მომჩივანთა სასარგებლოდ სახელმწიფოს, ჯამში, 153 600 ევროს გადახდა დააკისრა. თუმცა, სასამართლომ არ დაადგინა კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება), მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) მუხლებით გარანტირებულ უფლებათა მატერიალური ნაწილების დარღვევა. 1-ელ აგვისტოს საია-მ სასამართლოს საქმის დიდი პალატისთვის გადაცემის თხოვნით მიმართა.
2019 წლის 20 ივნისს საქართველოს ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია, სადაც საქართველოს პარლამენტში რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის გამოსვლას აპროტესტებდნენ.
პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი. დაზიანებები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. 2-მა მოქალაქემ დაკარგა თვალი.




