“ე, მაშინ უნდა გამოჰყოს ღრუბლიდან ღმერთმა ჩაქუჩი, სამჯერ ჩაგირაკუნოს თავში და გითხრას: „ეგე სამი!” – რამაზ გიგაური

სიკეთის გაცემის შესახებ
როცა სიკეთეს ადამიანს უკეთებ, სინამდვილეში შენ გინდა ამ სიკეთის გაკეთება, შენ გინდა, რომ სიკეთე გააკეთო. ვინმემ კი არ გთხოვა, არა! შენ თვითონ გადაწყვიტე, ანუ შენ უკეთებ შენს თავს. სიკეთეს სხვას მაშინ უკეთებ, როდესაც ის სხვა გთხოვს და დაეხმარები, ანუ იმ ადამიანმა სამყაროსგან (ამ შემთხვევაში შენგან) ითხოვა სიკეთე და მიიღო ეს. პირველ შემთხვევაში შენ ფსიქოლოგიურად თუ ფიზიკურად მზად ხარ ამ სიკეთის გაცემისთვის, მეორე შემთხვევაში შესაძლოა არ იყო მზად, მაგრამ მაინც გაიღო ეს სიკეთე. ეს არის განსხვავებაა. პირველ შემთხვევაში შენ უკეთებ შენს თავს სიკეთეს, მეორეში – შენ უკეთებ სიკეთეს სხვა ადამიანს. აი, როცა სამყარო შენგან მოითხოვს რეაქციას და მაშინ არ მოიყრუებ ყურს, ე, მაშინ ხარ ძალიან კარგი. ამ დროს შესაძლოა მხოლოდ სამმა იცის ეს ყოველივე: იმან – ვინც მიიღო, შენ – ვინც გაიღე და ღმერთმა – რომელმაც ამას მადლის ფორმა მისცა. ეს არ ეხება მხოლოდ ფულს, არამედ ბევრ რამეს.
იმაზე აღარ ვსაუბრობ, მოხუცი რომ ლიმონს ჰყიდის ქუჩაში, ორ ცალს – ლარად და ეტყვი, „სამი მომეცი ლარად“ (ე, მაშინ უნდა გამოჰყოს ღრუბლიდან ღმერთმა საშუალო ზომის ჩაქუჩი, სამჯერ ჩაგირაკუნოს თავში და გითხრას: „ეგე სამი!“).