„ეჭვი მაქვს, რომ კვლევის მეთოდოლოგიაში ყველაფერი რიგზე არ არის” – გერლიანი 2025 წლის I კვარტალის ეკონომიკურ ზრდაზე

„ეჭვი მაქვს, რომ კვლევის მეთოდოლოგიაში ყველაფერი რიგზე არ არის” – გერლიანი 2025 წლის I კვარტალის ეკონომიკურ ზრდაზე
საქსტატმა 2025 წლის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეკონომიკა მარტის თვეში 9%-ით გაიზარდა, 2025 წლის პირველ სამ თვეში კი ზრდამ 9.3% შეადგინა. ეკონომისტებისა და ფინანსისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ იმ ფონზე, როდესაც ბიზნესის და მოსახლეობის მოლოდინები გაუარესებულია, ხოლო რიგ სექტორებში ზრდის ტემპი არ ფიქსირდება, მსგავსი მაღალი ზრდის ტემპი ნაკლებად მოსალოდნელი იყო.
რამაზ გერლიანის თქმით, I კვარტალის მონაცემები არ შეიძლება საქართველოს ეკონომიკის სრულ სურათს ასახავდეს, რადგან დაუდგენელია, კონკრეტულად რომელი დარგის ან სექტორის ზრდის ფონზე მივიღეთ 9%-იანი ზრდა. გარდა ამისა, არ შეინიშნება მატება დღგ-სა და მოგების გადასახადში, რაც ეკონომიკურ ზრდის თანამდევია.
„I კვარტალის მონაცემები, რაც ჩანს, არ შეიძლება, რომ მთლიან სურათს ასახავდეს. ასევე, მიჩნდება ეჭვი, რომ მეთოდოლოგიაში ყველაფერი რიგზე არ არის. მონაცემები ჩაშლილი და გაშინაარსებული უნდა იყოს, რის ხარჯზე მოხდა და რამ მოიტანა ის ზრდა, რაც გამოაქვეყნეს, რომ გვაქვს. დღემდე გამოწვევაა და ყოველწლიურად კიდევ უფრო მძაფრდება ინკლუზიურობის ნაწილი, ანუ მოქალაქეები ეკონომიკურ ზრდას ვერ გრძნობენ. ლოგიკურია, რომ მოქალაქეებს აინტერესებთ, რომელი სექტორის ან სფეროს ხარჯზე ხდება ეკონომიკური ზრდა. სამწუხაროდ, სანდოა თუ არა ეს მაჩვენებლები, ამასთან დაკავშირებით ძალიან დიდი კითხვები ჩნდება. მცირედი მანიპულაციები ყოველთვის იყო, რადგან მთავარი ციფრის მიღებაა და სხვა ძირითად პარამეტრებს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ.
ეკონომიკური მიმართულებით თუ აქტივობა იზრდება, მაშინ დღგ-ს მიმართულებითაც ზრდა უნდა გქონდეს.
ასევე, სხვა ეკონომიკურ აქტივობებთან ერთად მოგების გადასახადიც უნდა იზრდებოდეს, რაც არ ხდება და პირიქით, კლებაა. ამ ყველაფრის ფონზე ეკონომიკური ზრდის 9.3%-იანი მაჩვენებელი, რაღაც განყენებულ მოვლენად რჩება, რომელიც რით არის მიღწეული, არავინ იცის.
თუ ეს მხოლოდ და მხოლოდ იმითაა გამოწვეული, რომ საბანკო სექტორს დაკრედიტება გაეზარდა, ეს უკაცრავად, მაგრამ რეალურ ეკონომიკას ვერ დაეტყობა. ერთეული ბიზნესების ხარჯზე რაღაც ციფრის მიღება რეალური ეკონომიკური ზრდა ვერ იქნება“,- აღნიშნა ეკონომისტმა რამაზ გერლიანმა „კომერსანტთან“ ინტერვიუში.