ეწინააღმდეგებოდა რუსეთთან ფრენების აღდგენას, წერდა კრიტიკულ პოსტებს | SJC ავიაციის სააგენტოდან გათავისუფლებული კოპლატაძის უფლებებს დაიცვას

“სოციალური სამართლიანობის ცენტრის” განცხადებით, “სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან” უკანონოდ გათავისუფლებული ზურაბ კოპლატაძის ინტერესების დასაცავად სასამართლოს მიმართეს.
ზურაბ კოპლატაძე საფინანსო-ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე 2011 წლიდან მუშაობდა. 2023 წლის 11 ივლისს სააგენტოში გამოცხადდა რეორგანიზაცია, რომლის საფუძველზეც შემცირდა მხოლოდ ერთი შტატი, საფინანსო-ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის უფროსის პოზიცია, 9 აგვისტოს კი, რეორგანიზაციის საფუძველზე, ზურაბ კოპლატაძე გათავისუფლდა დაკავებული პოზიციიდან.
ორგანიზაცია ამბობს, რომ სააგენტოში განხორციელებული რეორგანიზაციის პროცესი იყო ფორმალური და ვერ პასუხობდა საქართველოს შრომის კანონმდებლობის მოთხოვნებს.
“ბატონი ზურაბი ეწინააღმდეგებოდა რუსეთთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენას და ამის შესახებ წერდა საჯაროდ. და როგორც თვითონ ამბობს, მის საჯარო, სოციალურ აქტიურობას მოჰყვა გარკვეული პირების მხრიდან მითითებები და შეგვიძლია ვთქვათ მუქარაც კი, რომ მას სამსახურიდან გაათავისუფლებდნენ, თუ ის არ შეწყვეტდა საჯარო აქტიურობას, სავარაუდოდ, სუს-ის სამსახურის დავალებით მოდიოდა ეს მესიჯები”, – ამბობს სალომე შუბლაძე sjc-ს დირექტორი.
ორგანიზაციის განცხადებით, საქმის გარემოებები აჩვენებს, რომ საფინანსო-ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის გაუქმების ერთადერთი მიზანი მისი ხელმძღვანელის გათავისუფლება იყო. აღნიშნული დეპარტამენტის ყველა სხვა თანამშრომელი გადაყვანილ იქნა სააგენტოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტში, ხოლო სააგენტოს თანამშრომელთა რაოდენობა და სახელფასო ფონდი დარჩა უცვლელი.
“გარდა ამისა, სააგენტოს ხელმძღვანელობის უკმაყოფილება, როგორც ჩანს, გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ ზურაბ კოპლატაძე საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, კანონით განსაზღვრული საფუძვლით აყენებდა ცალკეული ავიაკომპანიებისთვის ოპერირების უფლების შეჩერების საკითხს, რასაც სააგენტოს მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. მეორე საფუძველი, არანაკლებ მნიშვნელოვანი, არის ის გარემოება, რომ ბატონი ზურაბი სააგენტოში აყენებდა გარკვეული ავიაკომპანიებისთვის ოპერირების უფლების შეჩერების საკითხს”, – ამბობს ორგანიზაცია.
ორგანიზაციის შეფასებით, აღნიშნული უმოქმედობა სსიპ “სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს” დირექტორის მხრიდან, შესაძლოა, შეიცავდეს, დანაშაულის ნიშნებს, რასთან დაკავშირებითაც, “სოციალური სამართლიანობის ცენტრმა” მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს საქართველოს გენერალურ პროკურატურასაც მიმართა.
კოპლატაძე პრობლემატურად მიიჩნევდა პრემიერ ღარიბაშვილის შვილის ჩარტერულ რეისსაც.
“რაც შეეხება კონკრეტულ ავიაკომპანიებს, რომელთა მიმართაც ითხოვდა საჰაერო-გადაყვანა გადაზიდვის მოწმობის უფლების შეჩერებას, ეს ავიაკომპანიები არის, მათ შორის თამაზ გაიაშვილთან დაკავშირებული ავიაკომპანიები – ჯორჯიან ეარვეისი, შპს აირზენა და საქართველოს ავიახაზები. რამდენიმე თვის წინ პრემიერმინისტრის, ს მიერ განხორციელებული ჩარტერული ფრენა გერმანიაში სწორედ გაიაშვილის სახელს უკავშირდება და ამ ფრენას ოპერირებას და ექსპლუატაციას ჯორჯიან ერვეისი უწევდა”, – ამბობს ადვოკატი მარიამ პატარიძე.
ორგანიზაცია მოუწოდებს:
· სასამართლოს – სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპის დაცვით, დროულად განიხილოს ზურაბ კოპლატაძის გათავისუფლების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი სარჩელი;
· საქართველოს გენერალურ პროკურატურას – დროულად და ეფექტიანად გამოიძიოს სავარაუდო დანაშაულის ნიშნების შემცველი უმოქმედობა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მხრიდან.