“ეშმაკი”, “ჩიპია” და ფრიდონ ინჯიას ინიციატივა – “აგერ ჩვენი აპარატის უფროსის დედა, იკლავს თავს, არაო”

“ეშმაკი”, “ჩიპია” და ფრიდონ ინჯიას ინიციატივა – “აგერ ჩვენი აპარატის უფროსის დედა, იკლავს თავს, არაო”
ფრიდონ ინჯიას ინიციატივა პოლიტიკური განხილვის საგნად იქცა. “ევროპელი სოციალისტების” თავმჯდომარე ამბობს, რომ ძალიან ბევრ ადამიანს იცნობს, რომლებსაც ახალი, ელექტრონული პირადობის მოწმობების გაკეთება სხვადასხვა მიზეზით არ უნდათ და მოითხოვს, რომ მათ საშუალება მიეცეთ, არჩევნებზე ძველი პირადობის მოწმობით მისცენ ხმა.
“მე მაქვს რამდენიმე პირადობის მოწმობა, რომელიც ჩვენი ამომრჩევლები იყვნენ. ერთი რაიონიდან არის და ერთი აგერ ჩვენი აპარატის უფროსის მაღლაკელიძის დედა, იკლავს თავს, არაო. სხვადასხვა მიზეზები აქვთ, ერთი ამბობს, ჩემი პირადობა არის უვადოო და იქ მე კარგად გამოვიყურებიო, ზოგი რწმენით აკეთებს ამას და ამბობს, ეშმაკს ვერ მივაბარებ ჩემს თავსო და არ უნდათ ელექტრონული პირადობის მოწმობები”. – ამბობს ინჯია.
შეგახსენებთ, რომ „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერი ითხოვს, 2024 წელს საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა ე.წ. ლამინირებული პირადობითაც შეძლონ.
პარლამენტმა ფრიდონ ინჯიას საკანონმდებლო ინიციატივა, პირველი მოსმენით უკვე მიიღო. არასამთავრობო სექტორი და ოპოზიცია ამ ცვლილებაში გაყალბების საფრთხეს ხედავენ.
ცნობილია, რომ პარლამენტში მომდევნო კვირას ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართება. ახლა საინტერესოა, რა გეგმა ექნება ოპოზიციას და ეცდებიან თუ არა ირაკლი კობახიძის დარწმუნებას, რომ ძველი პირადობის მოწმობებით არჩევნებში მონაწილეობა საფრთხეებს შეიცავს.
პოლიტიკოსების გარდა საკითხს სახალხო დამცველიც გამოეხმაურა. ლევან იოსელიანი მოქალაქეებს მოუწოდებს, ძველი დოკუმენტები ახლით შეცვალონ.