“ეშინიათ მთაში წამოსვლა” – მოლაშქრეთა კლუბ “კვალში” უცხოელების მხრიდან ნდობის დეფიციტზე საუბრობენ

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთიანი რეგიონები ბოლო წლებშიც არაერთი საერთაშორისო გიდისა და ტურისტული ბლოგერის რუკაზე მოხვდა, სათავგადასავლო ლაშქრობები უცხოელი ვიზიტორებისთვის კვლავ სიფრთხილესთან ასოცირდება. კერძოდ, როგორც მოლაშქრეთა კლუბ „კვალის“ დამფუძნებელი, გიორგი კარიაული BM.GE-სთან საუბარში ამბობს, უცხოელ ტურისტებში სათავგადასავლო ტურიზმის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია, თუმცა არსებობს ნდობის დეფიციტი, რომელიც უცხო გარემოში გადაადგილების მიმართ აქვთ.
„მოთხოვნა არის, მაგრამ ეშინიათ. უცხოელებისთვის მთაში, უცნობ ადგილას გადაადგილება სარისკო გამოცდილებაა“, – ამბობს კარიაული.
„კვალი“ 2021 წელს გიორგი კარიაულმა მეუღლესთან ერთად დააარსა. მათი საქმიანობა ფოკუსირებულია ისეთ სალაშქრო მარშრუტებზე, რომლებიც შედარებით ნაკლებად ცნობილი და ხალხისგან მივიწყებულია. ძირითადად ტურები იმართება ფშავის, ხევსურეთის, მთიულეთისა და ყაზბეგის რეგიონების მიმართულებით.
კლუბის დამფუძნებლის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ კლუბის ძირითადი მომხმარებლები ქართველები არიან, უცხოელებიც სტუმრობენ: „გასულ წლებში გვყავდა არგენტინელები, ინგლისელები, გერმანელები… ერთხელ ბელარუსიდანაც გვესტუმრნენ. თუმცა უცხოელი ვიზიტორების ჩართულობა ჩვენს ტურებში ძალიან მცირეა“, – ამბობს კარიაული.
მოლაშქრეთა კლუბი მომხმარებელს როგორც ერთდღიან, ისე ორდღიან ტურებს სთავაზობს, რომელთა ფასი 45-დან 250 ლარამდე მერყეობს. ფასი ტურის სიგრძესა და ლოკაციაზეა დამოკიდებული. ხოლო ჯგუფის მასშტაბი ტურისტულ მიმართულებაზეა დამოკიდებული და ერთ ჯგუფში, საშუალოდ, 20-მდე ადამიანი ერთიანდება.