საფრანგეთის ნაკრების წამყვანი ფეხბურთელი კილიან მბაპე, რომელიც ცოტა ხნის წინ „მადრიდის რეალში“ გადავიდა, ფრანგ ახალგაზრდებს მოუწოდებს, მოახლოებულ არჩევნებში აუცილებლად მისცენ ხმა, რათა საფრანგეთის მომავალი დაიცვან „ექსტრემისტებისგან“.
„ევროპის ჩემპიონატი ჩვენს კარიერაში ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ, პირველ რიგში, ჩვენ ვართ მოქალაქეები და არ მიმაჩნია, რომ შეგვიძლია ჩვენ გარშემო სამყაროს გამოვეთიშოთ,“ — თქვა მბაპემ დიუსელდორფში მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე.
საფრანგეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს გამართავს დღეს, 17 ივნისს. ის ავტსრიას დაუპირისპირდება.
ფრანგ ფეხბურთელს არ უთქვამს, ახალგაზრდებმა ვის უნდა დაუჭირონ მხარი, თუმცა მიანიშნა, რა ღირებულებები დგას საფრთხის წინაშე და რითი უნდა იხელმძღვანელონ.
„დღეს ყველას შეგვიძლია ვნახოთ, ექსტრემისტები როგორ ძალიან ახლოს არიან ძალაუფლების ხელში აღებასთან. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, განვსაზღვროთ ქვეყნის მომავალი. სწორედ ამის გამო მოვუწოდებ ახალგაზრდებს, გამოვიდნენ და ხმა მისცენ არჩევნებში, რათა რეალურად გაიაზრონ ვითარების მნიშვნელობა.
ქვეყანას სჭირდება იდენტიფიცირება მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის ღირებულებებთან. ეს უდავოდ ასეა. მე მჯერა, სწორ გადაწყვეტილებას მივიღებთ,“ — თქვა მბაპემ.
ივნისის დასაწყისში ევროპარლამენტის არჩევნები გაიმართა, სადაც მარი ლე პენის ულტრანაციონალისტურმა პარტიამ ხმების თითქმის 40% მიიღო და მნიშვნელოვნად გაუსწრო მოქმედი პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის პარტიას.
ამის გამო მაკრონმა განაცხადა, რომ ამ შედეგებზე თვალების დახუჭვა შეუძლებელია, რის გამოც ივნისის ბოლოსთვის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დანიშნა. წესით, შემდეგი საპარლამენტო არჩევნები საფრანგეთში 2027 წელს უნდა გამართულიყო.