“ექსპო ჯორჯიაში” ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება – რესან ქიქავა მიზნებზე

19-20 ივნისს საგამოფენო სივრცე “ექსპო ჯორჯია”, წელს პირველად, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენას უმასპინძლებს. ღონისძიება “ექსპო ჯორჯიასა” და საკონსულტაციო კომპანია Savvy-ს თანაორგანიზებითა და ს მხარდაჭერით ტარდება და მისი მიზანი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და სწრაფად მზარდი სექტორის განვითარების ხელშეწყობაა – ამის შესახებ “საქმიანი დილას” ეთერში “ექსპო ჯორჯიას” დირექტორმა, რესან ქიქავამ ისაუბრა.
როგორც ის აღნიშნავს, გამოფენაზე ინდუსტრიის წარმომადგენლები, ბაზრის მსხვილი და მცირე მოთამაშეები სექტორის განვითარების პოტენციალსა და აბრეშუმის გზაზე საქართველოს როლზე ისაუბრებენ, ისევე როგორც არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.
“ჩვენი ქვეყნის იდენტობის ნაწილია შუა დერეფანი და ამას განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ველოდით იმ სწორ მომენტს, როდესაც შესაძლებელი გახდებოდა, უფრო მეტი ყურადღება დაგვეთმო მისთვის და დადგა ის ნანატრი ჟამი, როცა ვიწყებთ ამ სტარტაპს ჩვენს პარტნიორებთან ერთად. ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ ინდუსტრიის განვითარებისთვის.
უნდა ვისაუბროთ, თუ რისი გაკეთებაა შესაძლებელი იმისთვის, რომ ვიყოთ უფრო პროაქტიურები და, კი არ ველოდოთ მოვლენების განვითარებას, არამედ ამ მოვლენების განვითარებას მაქსიმალურად მომზადებულები შევხვდეთ. ამ კუთხით ჩვენი ისტორიული ფუნქცია უნდა განვავითაროთ, გავაცოცხლოთ და ვფიქრობთ, გამოფენის ფარგლებში გამართული განხილვების ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი ამ ყველაფრის სტრატეგიულ სიმაღლეზე დაბრუნება იქნება”, – აღნიშნა რესან ქიქავამ.
“ექსპო ჯორჯიაში” თავს არა მხოლოდ ლოგისტიკის ქართული სექტორის, არამედ რეგიონის მოთამაშეებიც მოიყრიან. როგორც რესან ქიქავამ აღნიშნა, ტრანსკასპიური დერეფნის განვითარება იზოლირებულად შესაძლებელი არ არის, ამიტომ საქართველო ამ პროცესებში მონაწილეობისთვის მზად უნდა იყოს.
“ეს არის ჯაჭვი, რომლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილიც ვართ. ამას ცალკე, იზოლირებულად ვერ განვიხილავთ, როდესაც ვსაუბრობთ ინფრასტრუქტურაზე, მთლიანად ჯაჭვზე უნდა ვისაუბროთ და რეგიონის ქვეყნების მონაწილეობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ქართული მხარის. რა თქმა უნდა, ძირითადი აქცენტი გაკეთდება ქართულ მხარეზე.
ზედმეტს ვერ გავაკეთებთ ლოგისტიკის ინფრასტრუქტურის ნაწილში, რა ინვესტიციაც არ უნდა განვახორციელოთ, სანამ იარსებებს ევროპას და აზიას შორის სავაჭრო გზები, ეს გზაც იქნება პრიორიტეტული იმისთვის, რომ ამ საერთო ეკოსისტემის განუყოფელ ნაწილად ვიქცეთ და ვიყოთ ყველაზე წინ იმისთვის, რომ, როცა დადგება არჩევანი, საქართველოზე გაივლის აბრეშუმის გზა თუ არა, ამისთვის მზად ვიყოთ როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე ტექნოლოგიურ ნაწილში. ამიტომ, ყველა სხვა ქვეყნის მონაწილეობა არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და გვიხარია, რომ პირველივე წელს გვყავს საკმაოდ საინტერესო სტუმრები სხვადასხვა ქვეყნებიდან”, – განაცხადა რესან ქიქავამ.
“ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა” თიბისის მხარდაჭერით ხორციელდება. როგორც კომპანიის მსხვილი და საშუალო კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი BMG-ის ეთერში აღნიშნავს, ლოგისტიკის სექტორის განვითარება ბანკის სასესხო პორტფელზეც აისახა, რომელიც 2 წლის განმავლობაში 58%-ით, ₾400 მლნ-მდე გაიზარდა.
“ლოგისტიკის სექტორი საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა, ერთ-ერთ მთავარი მამოძრავებელი ძალაა ქვეყნის ეკონომიკისთვის. განსაკუთრებით მიმდინარე გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, საქართველოს, როგორც რეგიონალური ჰაბის და შუა დერეფნის მთავარი წერტილის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა. ეს გამოხატულია იმაშიც, რომ მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ტვირთბრუნვა აზიასა და ევროპას შორის. ძალიან კარგი ტენდენცია აღინიშნება, რომ გაზრდილი ტვირთბრუნვის მნიშვნელოვანი ნაწილი მოდის საქართველოზე.
ამ სექტორში ასეთი ძლიერი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ფონზე, TBC არ ჩამორჩა ტენდენციას, ბოლო ორი წლის განმავლობაში მხოლოდ ლოგისტიკის მიმართულებით ჩვენი სასესხო პორტფელი გაიზარდა 58%-ით და 400 მლნ ლარი შეადგინა”, – განაცხადა გიორგი დარჩიაშვილმა.
ცნობისთვის, ს კვლევის მიხედვით, ბოლო წლებში ტრანსპორტირებისა და დასაწყობების სექტორი მკაფიო ზრდას აჩვენებს: მხოლოდ გასულ წელს 14%-იანი მატება დაფიქსირდა, მთლიანმა გამოშვებამ კი 9.7 მილიარდი ლარი შეადგინა.