„ექსპორტი 20%-ით შევამცირეთ, მიზეზი გაძვირებული ნედლეული გახდა“ – „ჩიკორი“

ჩვენი პროდუქციის 50% ადგილობრივ ბაზარზე, ხოლო 50% ექსპორტზე იყიდებოდა, ახლა კი ექსპორტი 20%-ით შევამცირეთ, მიზეზი გაძვირებული ნედლეული გახდა, – ამის შესახებ “ბიზნესპარტნიორს” კომპანია “ჩიკორის” თანადამფუძნებელმა ანანო ბეჟანიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, იმპორტიორებთან მოლაპარაკებები ფასთან დაკავშირებით ვერ შედგა.
“ჩვენ 10-მდე ქვეყანაში გვქონდა ექსპორტი, თუმცა ამ ეტაპზე, რამდენიმე ქვეყანაში დავრჩით, მათ შორის, პოლონეთში, ლიეტუვაში, ლატვიაში, ესტონეთში და კანადასთან გვაქვს მოლაპარაკებები. გადავწყვიტეთ, რომ დაველოდოთ სიტუაციის დასტაბილურებას, რადგან საქართველოში ნედლეული ძალიან გაძვირდა. ძალიან რთული წელია ნედლეულთან დაკავშირებით, დეფიციტია და ფასები, დაახლოებით, 500%-ით გაიზარდა. ქლიავის ფასი 50-60 თეთრი იყო და წელს 2.5 ლარი გახდა.
ჩვენი კომპანიის გაყიდვები არ შემცირებულა, სტაბილური მაჩვენებლები გვაქვს, თუმცა ზრდას არ ველოდბეით, რადგან ნედლეულთან დაკავშირებით დიდი პრობლემებია. გარდა ამისა, აღნიშნულს ემატება ის ფაქტი, რომ საერთაშორისო ბაზრებზე, დონორების არ არსებობის გამო, რთული გახდა ოპერირება”, – აცხადებს ანანო ბეჟანიშვილი.
მანვე აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს კომპანია ასორტიმენტის ზრდას არ გეგმავს და მათი მიზანი ადგილობრივ ბაზარზე პოზიციების შენარჩუნებაა.
ცნობისთვის, კომპანია “ქარელის ხილი” ქარელის რაიონში 2016 წელს გაიხსნა. 2017 წელს კი პროდუქციის წარმოება „ჩიკორის“ ბრენდით დაიწყო. კომპანია ამ ეტაპზე, 15 სახეობის ჩირებს, შოკოლადიან ჩირებსა და თხილეულს აწარმოებს. “ქარელის ხილის” წლიური წარმადობა 200 ტონას შეადგენს. კომპანია ნედლეულს ადგილობრივი ფერმერებისგან იბარებს.
წყარო: ბიზნესპარტნიორი