ექსპერტების ჯგუფმა ახალი სტადიონის რამდენიმე სავარაუდო ადგილი მოინახულა – დავით მუჯირი

ექსპერტების ჯგუფმა შეარჩია სავარაუდო ადგილები, სადაც ახალი ეროვნული სტადიონი აშენდება, – ამის შესახებ კომენტარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა ჟურნალისტებთან საგანგებო შეხვედრაზე გააკეთა.
„რაც შეეხება ახალი სტადიონის მშენებლობას, ამ ეტაპზე იმ ჯგუფმა, რომელიც კონსულტაციას უწევს მუნიციპალური განვითარების ფონდს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რამდენიმე ადგილი უკვე მოინახულა და კომენტარს მალე გააკეთებს“, – განაცხადა დავით მუჯირმა.
ჩანაფიქრის მიხედვით, ახალი სტადიონი უეფა – ს ყველა კრიტერიუმის დაცვით აშენდება და უმაღლესი, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვება. ეს საქართველოს საშუალებას მისცემს, უმასპინძლოს მაღალი რანგის საერთაშორისო ტურნირებსა და მატჩებს. ახალ არენაზე როგორც საფეხბურთო, ასევე სარაგბო შეხვედრებიც გაიმართება.
ახალი ეროვნული სტადიონის მშენებლობა სამ წელიწადში უნდა დასრულდეს, რადგან საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე განაცხადის შეტანას გეგმავს. მასპინძლობის უფლების მოპოვების შემთხვევაში ახალი ეროვნული სტადიონი სრულ მზადყოფნაში იქნება.
ამავე შეხვედრაზე დავით მუჯირმა მედიასთან აღნიშნა, რომ საქართველოს ნაკრები სომხეთთან ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი აუტის საშინაო შეხვედრას 23 მარტს „დინამო არენაზე“ ჩაატარებს.
„23 მარტს საქართველოს ნაკრები პლეი აუტის მატჩს სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს და ეს შეხვედრა „დინამო არენაზე“ ჩატარდება. სიცხადისთვის განვმარტავ იმ ინფორმაციას, რომელიც „დინამო არენის“ ადმინისტრაციისგან მივიღეთ. როგორც იცით, წინა პერიოდში პირველი იარუსის გამოყენება სრულად იყო შეზღუდული. ახლა მდგომარეობა დეტალურად შეისწავლეს და გადაწყდა, რომ პირველი იარუსის მხოლოდ 1/3-ის გამოყენება იქნება შეზღუდული. ეს ნიშნავს, რომ თამაშზე მხოლოდ 6 სექტორი, ანუ დაახლოებით 4 000 ადგილი იქნება დაბლოკილი.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მატჩის ორგანიზებისთვის საჭირო ყველა ზონა, მათ შორის, ტექნიკური სივრცეები (მედიისთვის, სტუმარი და ჩვენი გულშემატკივრების ადგილები), სრულად იქნება ხელმისაწვდომი. მადლობა ყველას, ვინც ამ პრობლემის გადაჭრაზე იმუშავა და შესაძლებლობა მოგვცა, რომ „დინამო არენაზე“ ვითამაშოთ.
რა თქმა უნდა, სამომავლო მატჩებისთვის „დინამო არენის“ აღდგენის გეგმა შემუშავდება და იმედი გვაქვს, სტადიონის ადგილები სრულად იქნება ათვისებული. ჩვენს ნაკრებს წარმატებას ვუსურვებთ. რაც შეეხება ბილეთების გაყიდვას, ამ საკითხზე ინფორმაციას უახლოეს პერიოდში მოგაწვდით“, – განაცხადა დავით მუჯირმა.