ექსმინისტრ ბურჭულაძის ცოლისძმას და ორ ყოფილ მაღალჩინოსანს პატიმრობა შეუფარდეს

გადაწყვეტილება დღეს, სამშაბათს, 2025 წლის 29 ივლისს გამოაცხადა მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ.
პატიმრობა შეუფარდეს:
· თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილე გიორგი ხაინდრავას;
· თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროს ვლადიმერ ღუდუშაურს;
· თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმას, ვასილ მხეიძეს.
ღუდუშაურისა და გიორგი ხაინდრავასთვის წარდგენილი ბრალია „განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად გაფლანგვა“, ხოლო ვასილ მხეიძის ბრალდება არის „გაფლანგვაში დახმარება“.
ბრალდება ეხება „დიდი რაოდენობით თანხის“ – 1 333 728 ლარის – გაფლანგვას. საუბარია თავდაცვის სამინისტროსათვის სამედიცინო აპარატურის, კერძოდ კი სამხედრო ჰოსპიტლისთვის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შესყიდვაზე.
დაცვის მხარე – სამივე ბრალდებულის სამივე ადვოკატი – 100 000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას ითხოვდა.
ვასილ მხეიძის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ საქმეს „თეთრი ძაფით ნაკერი“ უწოდა და განმარტა, რომ მხეიძის წინააღმდეგ არსებობს „ერთადერთი მოწმე“, რომელმაც „მას ხელი დაადო, რათა „საკუთარი თავი ბორკილების დადებისგან ეხსნა“. მოწმის ვინაობა მას არ დაუსახელებია.
პროკურორი ირაკლი მარშანია ბრალდებულთათვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, რადგან, მისი განმარტებით, არსებობს „ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების“ საფრთხეები.
არც ვასილ მხეიძე და არც გიორგი ხაინდრავა ბრალს არ აღიარებენ. ვლადიმერ ღუდუშაური დუმილის უფლებით სარგებლობს.
ბურჭულაძის ყოფილმა მოადგილემ გიორგი (გოგა) ხაინდრავამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა: „ბრალდების შინაარს გავეცანი, უბრალოდ არ ვეთანხმები“.
პროკურორის თქმით, დასაკითხი არიან ბრალდებულთა „ყოფილი თანამშრომლები და მათთან კავშირში მყოფი პირები“.
„ჩემზე არავინ არის მოდავე, ხელს არავინ მადებს“, – თქვა ხაინდრავამ.
ბრალდებულებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
სუსის განცხადებით, ბრალდებულებმა „სამედიცინო აპარატურის შესყიდვის პროცესი“ ისე წარმართეს, რომ
· „ბაზრის რეალური კვლევა, ფაქტობრივად, არ ჩაუტარებიათ“;
· იმავდროულად, მათ უზრუნველყვეს, რომ სამედიცინო აპარატურის შესყიდვისთვის საჭირო პროცედურებში მონაწილეობა მხოლოდ ბურჭულაძის ახლო ნათესავთან „ახლო კავშირში მყოფ ურთიერთდაკავშირებულ საწარმოებს მიეღოთ“.
გამოძიების ვერსიით, ბურჭულაძის ახლო ნათესავი თავდაცვის სამინისტროს შესყიდვაში მონაწილე წინასწარ შერჩეულ კომპანიებს „გარანტირებულ გამარჯვებას ჰპირდებოდა“.
27 ივლისის განცხადებაში სუსი მიუთითებს იმასაც, რომ შესყიდვაში გამარჯვების გარანტიად ბურჭულაძის ახლო ნათესავი „შესაბამის თანამდებობის პირებთან თავის კავშირებს ასახელებდა“.
ფორუმი