“საქართველომ უნდა გააცნობიეროს, რომ თუ ჩინეთთან კავშირების გაღრმავებას აპირებს, პეკინს ამ ურთიერთობის ბოროტად გამოყენების საშუალება არ უნდა მიეცეს იმისთვის, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე დომინაცია შეძლოს. საქართველო უნდა იყოს სუვერენული ძალა, რომელიც თავად განსაზღვრავს საკუთარ ბედს და არ მისცემს ჩინეთს საშუალებას, განსაზღვროს მისი მომავალი”, – ამბობს „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას ლეონ პანეტა.
რა საფრთხეებს ქმნის, უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი, საქართველოსთვის; რა რეალობა შეიძლება დადგეს საქართველოსთვის, თუ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომი, რუსეთის გამარჯვებით დასრულდება; ამ ომის განმავლობაში, რა შეიძლებოდა ყოფილიყო, ან რა შეიძლება იყოს მომავალში დასავლეთთან, უკრაინასთან და რუსეთთან ურთიერთობებში, საქართველოს ხელისუფლების მოქმედების საუკეთესო მოდელი; რა საფრთხეები ახლავს თან, ჩინეთთან საქართველოს მჭიდრო პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებს, – ეს არის საკითხების ნაწილი, რომელთა შესახებ, აშშ-ის თავდაცვის ყოფილ მდივანს და დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ყოფილ დირექტორს, „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი, ქართლოს შარაშენიძე ესაუბრა.
ამერიკის ხმა: მდივანო პანეტა, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. უკრაინაში მიმდინარე მოვლენებით დავიწყოთ, ვიდრე განვიხილავთ, რა გავლენები აქვს მას რეგიონზე და უფრო ფართოდ, მსოფლიოზე. ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში კიდევ ერთხელ შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. როგორ ხედავთ ამ ომის მომავალს, რას ელით დასავლეთისგან და თქვენი შეფასებით, განვითარების რა ფაზაშია ახლა ომი?
თავდაცვის ყოფილი მდივანი ლეონ პანეტა: “ვფიქრობ, შეერთებული შტატებისთვის და ნატოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია დაეხმარონ უკრაინას, შეაჩეროს რუსეთის შეჭრა და საბოლოოდ, რუსეთი უკრაინიდან განდევნოს; ცხადი გახადონ პუტინისთვის, რომ ის წარმატებას ვერ მიაღწევს, რადგან, უკრაინა მხოლოდ საკუთარი დემოკრატიის დასაცავად არ იბრძვის. რა მოხდება უკრაინაში, ბევრს გვეტყვის იმის შესახებ, თუ რა დაემართება დემოკრატიას 21-ე საუკუნეში. ასე რომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მსოფლიო იყოს ერთიანი, რათა ცხადი გახდეს, რომ არ შეგვიძლია დავუშვათ, ტირანები შეიჭრნენ სუვერენულ დემოკრატიაში და შეძლონ ამ ქვეყნის სტაბილურობას ძირი გამოუთხარონ. ჩვენ უნდა ვისწავლოთ მეორე მსოფლიო ომის გამოცდილებიდან, რადგან ჰიტლერიც, მეზობელ ქვეყნებში შეიჭრა და მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი გახდა მისი შეჩერება. ახლაც, მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანია პუტინი შეაჩეროს.”
ამერიკის ხმა: რა სახის რეალობას ქმნის ეს ომი საქართველოსთვის. როგორ ფიქრობთ, რა შედეგები, რა რეალობა შეიძლება დადგეს საქართველოსთვის, თუ ეს ომი რუსეთის გამარჯვებით დასრულდება?
პანეტა: “ვფიქრობ ცხადია, თუ პუტინს არ შევაჩერებთ უკრაინაში, ის თავის აგრესიას გააგრძელებს არა მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ, არამედ ასევე ნატოს წევრი სხვა ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს ესაზღვრება.
არ შეგვიძლია დავუშვათ, პუტინმა საქართველო ხელში ჩაიგდოს. ლეონ პანეტა
ასე რომ, მნიშვნელოვანია, შეერთებულმა შტატებმა სცადოს, იმუშაოს საქართველოსთან იმისთვის, რომ უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება. საქართველო კრიტიკული მნიშვნელობისაა. ის კრიტიკულად მნიშვნელოვანია შავი ზღვის და რეგიონში ნატოს წევრების უსაფრთხოების თვალსაზრისით. სწორედ ამ მიზეზით, ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, პუტინმა საქართველო ხელში ჩაიგდოს. საქართველოს ტერიტორიის 20% მას უკვე ოკუპირებული აქვს. საქართველო ახლა ძალიან რთულ მდგომარეობაშია და კითხვაც კი არ მიჩნდება, რომ თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, მისი შემდეგი სამიზნე საქართველო იქნება. ამიტომ, მნიშვნელოვანია ნატომ და შეერთებულმა შტატებმა ცხადყონ, რომ ჩვენ არ დავუშვებთ, პუტინმა დემოკრატიები ხელში ჩაიგდოს.”
ამერიკის ხმა: გასული წლის განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ უკრაინასა და დასავლეთს, საქართველოში ამ ომის მეორე ფრონტის გახსნა სურდათ. ისმოდა ანტიამერიკული, ანტიდასავლური განცხადებები, რასაც ვაშინგტონსა და ბრიუსელში შეშფოთება მოჰყვა. როგორ ფიქრობთ, ამ ომის განმავლობაში, რა შეიძლებოდა ყოფილიყო, ან მომავალში იყოს, დასავლეთთან, უკრაინასთან და რუსეთთან ურთიერთობის საუკეთესო მოდელი, ან სტრატეგია, საქართველოსთვის?
პანეტა: „არ ვფიქრობ, რომ არსებობს კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მსგავსმა ქვეყნებმა, დასავლეთთან კავშირები უნდა გააძლიერონ. საკითხი ასე დგას – ქვეყნები, რომლებსაც აქვთ საკუთარი იდენტობა, შეძლებენ თუ არა გადარჩენას. მათი გადარჩენის ერთადერთი გზა ერთად მუშაობაა. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ნატო და შეერთებული შტატები საქართველოს მხარდაჭერას გააგრძელებენ. უნდა დავრწმუნდეთ, რომ პუტინი გაიგებს, რომ ის წარმატებას ვერ მიაღწევს საქართველოზე დომინაციის მოპოვების მცდელობაში. ცხადი უნდა გავხადოთ მსოფლიოსთვის, რომ ეს არის ბრძოლა ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის და დემოკრატიამ უნდა გაიმარჯვოს. მჯერა, რომ სამომავლო უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია ქვეყნები ძლიერ ალიანსში გაერთიანდნენ. საქართველოს, საკუთარი თავის დაცვაში მტკიცე მხარდაჭერა სჭირდება.“
ამერიკის ხმა: გასულ წელს, საქართველო ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორი გახდა და მთავრობა გეგმავს, პეკინთან მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები დაამყაროს. ჩინეთი, საქართველოში მიმდინარე თუ პოტენციური ბევრი პროექტითაა დაინტერესებული. მათ შორის, ღრმა წყლოვანი პორტებით. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე აცხადებენ, რომ საკუთარი გავლენების გასაძლიერებლად, ჩინეთი მედიაში ინვესტიციებსაც კი გეგმავს. რა რისკებს ხედავთ საქართველოსთვის, მოვლენათა ამ სცენარით განვითარებაში?
პანეტა: „ვფიქრობ, საქართველომ ძალიან უნდა იფრთხილოს, არ გახდეს ჩინეთზე დამოკიდებული. უდავოა, როგორც სუვერენულ ქვეყანას, სრული უფლება აქვს დაამყაროს კავშირები სხვა ქვეყნებთან, რათა სცადოს თავისი ვაჭრობისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. ეს მესმის.
საქართველო უნდა იყოს სუვერენული ძალა, რომელიც თავად განსაზღვრავს საკუთარ ბედს და არ მისცემს ჩინეთს საშუალებას, განსაზღვროს მისი მომავალი. ლეონ პანეტა
მაგრამ, ვფიქრობ საქართველომ უნდა გააცნობიეროს, რომ ჩინეთი არაფერს აკეთებს ისე, თუ ამ ურთიერთობისგან სარგებელს არ იღებს. ჩინეთს აქვს ეგრეთწოდებული „სარტყელისა და გზის ინიციატივა“, რომლის ფარგლებშიც, სხვა ქვეყნებში ინვესტიციებს ახორციელებს. ქვეყნებმა დაინახეს, რომ მათ შეეძლოთ ჩინური ინვესტიციებით სარგებელი ენახათ. მათ ასევე გააცნობიერეს, რომ ამისთვის ფასი უნდა გადაიხადონ და ჩინეთი ამ ურთიერთობებს საკუთარი ეკონომიკური გავლენების გასაფართოებლად იყენებს. მათ მიერ ამის გაცნობიერების შემდეგ, ჩინეთს, “სარტყელისა და გზის ინიციატივის” განხორციელება თანდათან უჭირს. საქართველომ უნდა გააცნობიეროს, რომ თუ ჩინეთთან კავშირების გაღრმავებას აპირებს, პეკინს ამ ურთიერთობის ბოროტად გამოყენების საშუალება არ უნდა მიეცეს იმისთვის, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე დომინაცია შეძლოს. საქართველო უნდა იყოს სუვერენული ძალა, რომელიც თავად განსაზღვრავს საკუთარ ბედს და არ მისცემს ჩინეთს საშუალებას, განსაზღვროს მისი მომავალი.”
ამერიკის ხმა: როგორ ფიქრობთ, საქართველოს, საქართველოს მსგავს ქვეყნებს, შეუძლიათ ჩინეთთან მჭიდრო ურთიერთობებით, ეკონომიკური სარგებელი მიიღონ ისე, რომ არ მოუწიოთ კომპრომისზე წასვლა, იქნება ეს დემოკრატია თუ ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები? დათმობების გარეშე, ჩინეთთან ურთიერთობა შესაძლებელია?
პანეტა: „ეს შესაძლებელია, თუ ძალიან ძლიერი ხარ. თუ ძლიერი არ ხარ, თუ სუსტი ხარ, მაშინ ჩინეთი გადაგყლაპავს. ეს არის მოცემულობა.
თუ აპირებთ საქმე ჩინეთთან დაიჭიროთ, ეს უნდა გააკეთოთ ძლიერი და არა სუსტი პოზიციიდან. ლეონ პანეტა
ასე რომ, თუ საქართველოს შეუძლია დარჩეს ძლიერი, თუ შეუძლია საკუთარი ეკონომიკა სხვა ქვეყნებთან, განსაკუთრებით ევროპასთან ურთიერთობით გააძლიეროს და ცხადყოს, რომ არ იქნება ჩინეთზე დამოკიდებული, მაშინ ვფიქრობ, სათანადო ბალანსის შენარჩუნებას შეძლებს. მაგრამ, თუ რაიმე მიზეზებით, საქართველო არ განავითარებს ასეთ შიდა ეკონომიკურ სიძლიერეს, მაშინ ის ჩინეთის წინაშე შესაძლოა დაუცველი აღმოჩნდეს. ასე რომ, ჩინეთთან ჩართულობამ, შეიძლება გარკვეული სარგებელი მოიტანოს, მაგრამ ამას ასევე შეუძლია თქვენს ქვეყანას გარკვეული საფრთხეები შეუქმნას. ამიტომ, საქართველოსთვის ჩემი რჩევა იქნება, სიფრთხილე გამოიჩინოს. ფრთხილად იყავით. ქვეყნებმა შეიძლება შექმნან ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულების საფუძვლები და ერთმანეთთან ითანამშრომლონ. მაგრამ, თუ ისინი კარს გაუღებენ ჩინეთს, გააკეთოს ის, რაც სურს, მაშინ არ შეცდეთ – ჩინეთი ამ ურთიერთობას, ბევრი თვალსაზრისით, ბოროტად გამოიყენებს. თუ აპირებთ საქმე ჩინეთთან დაიჭიროთ, ეს უნდა გააკეთოთ ძლიერი და არა სუსტი პოზიციიდან.”
ამერიკის ხმა: სტრატეგიული პარტნიორობის ექვსი თვის თავზე, პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ თქვა, რომ ჩინეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. ახლა თბილისში ბევრი ამბობს, რომ საქართველო და შეერთებული შტატები, მრავალი წელია სტრატეგიული პარტნიორები არიან, თუმცა საქართველოს ბევრი მოქალაქისთვის ამერიკის ვიზის მიღება ჯერ კიდევ რთულია. ხომ არ ფიქრობთ, რომ ამგვარი ნაბიჯებით, ჩინეთი ცდილობს, საქართველოს მსგავს ქვეყნებში დასავლეთს ერთგვარი კონკურენცია გაუწიოს? როგორ ფიქრობთ, რისი გაკეთება შეუძლია დასავლეთს ამის საპასუხოდ?
პანეტა: „სავსებით ნათელია, თუ ჩინეთს შეუძლია უპირატესობა მოიპოვოს სხვა ქვეყანაზე, ისინი ამას გააკეთებენ. თუ ჩინეთს შეუძლია ქვეყანაში ჩართულობით სარგებელი მიიღოს, ისინი ამას გააკეთებენ. თუ ჩინეთს ამ ქვეყნის ეკონომიკასა და პოლიტიკაზე დომინირება შეუძლია, ამას გააკეთებენ.
ვფიქრობ, შეერთებულმა შტატებმა ქართველებს უნდა მისცეს საშუალება, აქ ჩამოვიდნენ და ამ ქვეყნით ისიამოვნონ. ლეონ პანეტა
ასე რომ, უმნიშვნელოვანესი რამ, რითიც საქართველოს შეუძლია ამას დაუპირისპირდეს, დასავლეთთან ძლიერი ურთიერთობების აშენებაა. ვფიქრობ, შეერთებულმა შტატებმა ქართველებს უნდა მისცეს საშუალება, აქ ჩამოვიდნენ და ამ ქვეყნით ისიამოვნონ. მჯერა, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ სტუმრები სხვა ქვეყნებიდან. ეს ჩვენთვის სასარგებლოა. როდესაც ისინი ჩვენს თავისუფალ საზოგადოებას ხედავენ, მათ ეს გზავნილი თავიანთ ქვეყნებში მიაქვთ. ასე რომ, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, საკუთარი უსაფრთხოება, დასავლეთის ქვეყნებთან ერთად ააშენოს და თავისი ძირითადი ეკონომიკური კავშირები დასავლეთის ქვეყნებთან დაამყაროს. თუ ის ამას გააკეთებს, მაშინ შეძლებს გაუძლოს ჩინეთის ზეწოლას. მაგრამ, თუ ის სუსტია და ჩინეთს მისცემს იმის გაკეთების შესაძლებლობა, რაც მას სურს, მაშინ მხოლოდ დროის საკითხია, ის, თუ როდის მოიპოვებს ჩინეთი ამ ქვეყანაზე დომინირებას. საქართველომ ეს არ უნდა დაუშვას.“
ამერიკის ხმა: ჯერ კიდევ სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ყოფნისას, მდივანმა პომპეომ, მკაფიოდ ისაუბრა ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე, როგორც თავად საქართველოსთვის, ასევე შეერთებული შტატებისთვის. შეგიძლიათ განგვიმარტოთ, რატომ არის ეს პორტი შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანი და რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ეს პროექტი ჩინური ინვესტიციებით არ განხორციელდეს?
პანეტა: „საქართველო კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ შავი ზღვა დარჩეს ღია. საქართველო კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი შესაძლებლობისთვის ამ რეგიონში ნატოს სხვა მოკავშირეებთან სამუშაოდ. საქართველო მნიშვნელოვანია გეოგრაფიული, ეკონომიკური თვალსაზრისით და გულწრფელად, უსაფრთხოების თვალსაზრისით. საქართველოს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ევროპაში მშვიდობის შესანარჩუნებლად. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ საქართველო არის ქვეყანა, რომელთანაც შეერთებული შტატებმა, ნატოს მოკავშირეებმა, ევროპულმა ქვეყნებმა, ყურადღებით მიდგომა უნდა გააგრძელონ.“
ამერიკის ხმა: 2024 წლის იანვარში, 15 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ, ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიას. როგორ შეაფასებთ, ამ დროის განმავლობაში, ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ ურთიერთობებს და როგორ ხედავთ მის განვითარებას მომავალში? რა მოლოდინები გაქვთ, ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების კუთხით?
პანეტა: „არ ვფიქრობ, რომ რაიმე კითხვა არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ როცა შეერთებული შტატები უყურებს რეგიონს და ხედავს რა ხდება უკრაინაში, კარგად ესმის საქართველოსთან ძლიერი ურთიერთობების შენარჩუნების კრიტიკული მნიშვნელობა. და რომ, თუ ჩვენ, მსოფლიოს ამ ნაწილში, მშვიდობასა და კეთილდღეობაზე ვზრუნავთ, მაშინ შეერთებულმა შტატებმა, საქართველოსთან ძლიერი პარტნიორობა უნდა შეინარჩუნოს – ეკონომიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით, სავაჭრო თვალსაზრისით, მმართველობის თვალსაზრისით.
არა პუტინმა, არა სი ძინ პინმა, არც ვინმე სხვამ, არამედ ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, როგორი ქვეყანა უნდათ მომავლისთვის. ლეონ პანეტა
საქართველო ბევრი რამის გამო არის მნიშვნელოვანი ქვეყანა. მაგრამ, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ქართველ ხალხს ჰქონდეს შესაძლებლობა იყოს თავისუფალი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ. ნუ შეცდებით: მსოფლიოში არსებობენ ავტოკრატები, იქნება ეს პუტინი, სი ძინ პინი თუ სხვა ავტოკრატები, რომლებსაც არ სურთ თავისუფლების ხელშეწყობა და პირიქით, ძირს უთხრიან თავისუფლებას. ასე რომ, ერთადერთი გზა, რომლითაც მსოფლიოს ამ ნაწილში დემოკრატიის დაცვაში წარმატებებს მივაღწევთ, არის მჭიდრო თანამშრომლობა და ნებისმიერი დახმარების გაწევა იმაში დასარწმუნებლად, რომ საქართველო შეძლებს ეკონომიკური და უსაფრთხოების კუთხით გადარჩენას. რაც მთავარია, მის ხალხს უნდა შეეძლოს განსაზღვროს საქართველოს მომავალი. არა პუტინმა, არა სი ძინ პინმა, არც ვინმე სხვამ, არამედ ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, როგორი ქვეყანა უნდათ მომავლისთვის.“
ამერიკის ხმა: მდივანო პანეტა, წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება. როგორც ვაშინგტონში, ასევე ბრიუსელში, ისმის განცხადებები, რომ ეს არჩევნები განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. შეერთებული შტატები გეგმავს ქვეყანაში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია გააგზავნოს. როგორ ფიქრობთ, რატომ არის ეს არჩევნები ამდენად მნიშვნელოვანი საქართველოსთვის?
პანეტა: “მე არჩევნების მწამს. ვფიქრობ, ქვეყანა არის უფრო ძლიერი, როცა ის საკუთარ ხალხს საშუალებას აძლევს, თავად გადაწყვიტოს ქვეყნის მმართველობის სტილი. მიზეზი, რის გამოც პუტინმა უკრაინაში ომი დაიწყო, არის მხოლოდ ერთი რამ – მას არ სჯერა, რომ უკრაინელმა ხალხმა თავად უნდა გადაწყვიტოს თუ ვინ მართავს მათ. ასე რომ, მნიშვნელოვანია ცხადი იყოს პუტინისთვის, მათთვის, ვისაც სურს ძირი გამოუთხარონ დემოკრატიას, რომ ხალხს უნდა ჰქონდეს უფლება აირჩიონ მათთვის სასურველი ხელისუფლება, რომელიც პატივს სცემს მათ ღირსებას, პატივს სცემს მათ ინდივიდუალურობას და თავისუფლებას. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს არის მნიშვნელოვანი არჩევნები, რათა ქართველმა ხალხმა შეძლოს ხმა მისცეს საკუთარ და საკუთარი ქვეყნის მომავალს. ვფიქრობ, შეერთებულმა შტატებმა, ნებისმიერი შესაძლო დახმარება უნდა გაუწიოს საქართველოს, რათა დავრწმუნდეთ, რომ მათ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ექნებათ.”