ექიმ რამაზ ზოსიაშვილს 2-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს „გზის გადაკეტვის“ საბაბით

მოსამართლე ნინო ენუქიძემ ორდღიანი პატიმრობა შეუფარდა ექიმ რამაზ ზოსიაშვილს, რომელიც პოლიციამ გუშინ, 6 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვის საბაბით დააკავა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადდა.
„კონსტიტუცია ჩვენთვის უნდა იყოს როგორც ბიბლია, თუ გვინდა დემოკრატიული ქვეყანა ავაშენოთ… სხვანაირად ქაოსი გვექნება და ვერ მივაღწევთ წესრიგს“, – თქვა რამაზ ზოსიაშვილმა.
ექიმ ზოსიაშვილს იზოლატორიდან ხვალ, 8 ნოემბერს დაკავებიდან 48 საათის გასვლის შემდეგ გაათავისუფლებენ.
მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ” 2025 წლის ოქტომბრის მეორე ნახევარში მიიღო და აამოქმედა გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები, პოლიციამ თბილისში დააკავა საპროტესტო აქციების ათეულობით მონაწილე. საპატიმროებში აღმოჩნდნენ მასწავლებლები, ექიმები, იურისტები, სტუდენტები და ა.შ.
ახალი კანონით, გზის „ხელოვნურად გადაკეტვა“ ან აქციაზე „პირბადით ყოფნა“ 15 დღემდე პატიმრობით ისჯება. თუ პოლიცია ადამიანს იმავე ბრალდებით განმეორებით დააკავებს, მაშინ მას ერთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ფორუმი