„ექიმი მაშინ არის ძლიერი, როდესაც გუნდს ქმნის“ – თამარ გაბუნია „აყვანილი“ ექიმის დაფინანსებაზე

ერთი ექიმი ყველა მშობიარის მომსახურებას ვერ გასწვდება და ის კლინიკაში უნდა ქმნიდეს გუნდს, რომელიც ნებისმიერი სირთულის მშობიარეს მართავს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ახალი, გაზრდილი ტარიფი, რომელიც DRG-ს ფარგლებში დაწესდა, წლების პრაქტიკის და კლინიკების ხარჯების გათვალისწინებით დაწესდა.
„ერთიანი ტარიფი დაწესდა იმ ხარჯის გათვალისწინებით, რაც გასულ წლებში პროგრამის ფარგლებში იყო და ამ პროგრამას ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა როგორც ხარისხის უზრუნველყოფის, ისე დაფინანსების მიმართულებით და გასული წლების ანალიზი უკვე გადაითარგმნა DRG-ს ტარიფში. ეს იქნება პაციენტისთვის სერვისის ანაზღაურების მეტად მოხერხებული, გამჭვირვალე და სამართლიანი მეთოდი. პაციენტს, როცა სამშობიაროში მიდის, ეცოდინება, რომ მისთვის სახელმწიფო სერვისი ფარავს ყველაფერს, რაც ამ დროს სჭირდება. ასევე გვაქვს მოლოდინი, რომ ეს დააბალანსებს საკეისრო კვეთების თანაფარდობას ბუნებრივი გზით მშობიარობასთან,“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისივე თქმით, სამშობიაროების დაფინანსების წესის ცვლილებამ, რომელიც ერთი თვის წინ განხორციელდა, საკეისროების რაოდენობის გარკვეული კლება უკვე გამოიწვია და ქირურგიული ჩარევები უკვე ჩამოსცდა 40%-ს. მინისტრის მოადგილემ გამოთქვა იმედი, რომ ეს ტენდენცია შენარჩუნდება,
რაც შეეხება სამშობიაროების დაფინანსების ახალ წესთან დაკავშირებულ ყველაზე აქტუალურ საკითხს – „აყვანილი“ ექიმის სახელმწიფო დაფინანსებას, გაბუნიას თქმით, ერთი ექიმი ყველა მშობიარეს ვერ გასწვდება და მთავარი მიზანია, ნებისმიერ მშობიარეს კლინიკაში მაღალი ხარისხის მომსახურება დახვდეს.
„წელიწადში 42-43 ათასი მშობიარობაა. იმ ექიმების ჯგუფი კი, რომელთა სახელები ყველასთვის ცნობილია და ვისზეც ხშირად კეთდება არჩევანი და მოქალაქეს აქვს სურვილი, იმშობიაროს კონკრეტულად ამ ექიმთან და მის მშობიარობას ესწრებოდეს, არის თითზე ჩამოსათვლელი. რა თქმა უნდა, თეორიულადაც კი შეუძლებელია, რომ მშობიარობების ეს რაოდენობა დამოკიდებული იყოს რამდენიმე ადამიანის მაღალ პროფესიონალიზმზე. ამდენად, ჩვენი მიზანი და სწორი მოდელი არის ის, რომ კლინიკა მზად იყოს ყველა ტიპის მშობიარობის სამართავად და გუნდურ მუშაობაზე გაკეთდეს აქცენტი. ექიმი მაშინ არის ძლიერი, როდესაც ქმნის გუნდს და გუნდთან ერთად მუშაობს, ქმნის მომავალ თაობას და აძლევს მათ განვითარების შესაძლებლობას. ეს არის ყველაზე წარმატებული ექიმის მაგალითი. ამიტომ ვფიქრობ, რომ ის, რაც დღეს უკვე დანერგილია სამინისტროში ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის სახით, იძლევა მთელ ქვეყანაში თანაბარი სტანდარტის მოლოდინის შესაძლებლობას და რა თქმა უნდა, კლინიკის პასუხისმგებლობაა, მშობიარეს, რომელიც იქ მიდის, დაახვედროს გამოცდილი ბრიგადა და ექიმი, რომელსაც ყველანაირი სირთულის მშობიარობის მართვა შეუძლია,“ – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ.

მან ასევე განმარტა, რომ პირადი ექიმის აყვანის პრაქტიკა უფრო მეტად დამკვიდრებულია დიდ ქალაქებში, დიდი ქალაქების მიღმა კი, სადაც ასეთი არჩევანი შესაძლოა არც არსებობდეს, ქალები მშობიარობენ იმ კლინიკებში, რომელიც ხარისხიან სერვისს სთავაზობს. ხარისხის გარანტიას კი, თამარ გაბუნიას თქმით, სახელმწიფო და ჯანდაცვის სამინისტრო იძლევა.
წამყვანის კითხვაზე მშობიარის მიერ კონკრეტული ექიმის მომსახურებასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა:
„კლინიკა ექიმის არჩევანს არ ითვალისწინებს ცალკე დამატებით, თუ ის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე კლინიკაა, ითვლება, რომ მან უნდა უზრუნველყოს ხარისხიანი სერვისი იმ ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც კლინიკას გაფორმებული აქვს ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოსთან და რომელიც ითვალისწინებს ნებისმიერი სირთულის მართვას. ექიმი, რომელიც იმ კლინიკაში შესაძლოა ერთადერთია, ვისზედაც მოქალაქე არჩევანს გააკეთებს, ბუნებრივია, ყველაფერს ვერ გაწვდება. ამდენად, ეს არის მაინც გუნდური ძალისხმევა,“ – განაცხადა გაბუნიამ.
მისი თქმით, იმ კლინიკებს, რომლებიც არ მონაწილეობენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, შეუძლიათ სურვილისამებრ იმოქმედოს თუმცა ხარისხის კუთხით ვალდებულია, არსებული სანებართვო სტანდარტები დააკმაყოფილოს.
როგორც ცნობილია, 15 ნოემბრიდან საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში მშობიარობისა და საკეისრო კვეთის ტარიფი გათანაბრდა და ამასთან, 1222 ლარამდე გაიზარდა. ამ თანხაში შევიდა აყვანილი ექიმის მომსახურებაც.

ასევე დაგაინტერესებთ