ექიმი მარინა გეგელაშვილი: რა კანონის მიხედვით ეძლევა უფლება სასამართლოს ასეთი მიზეზით აიძულოს ადამიანი ჩაუტარდეს სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზა?

“სრულიად შემაძრწუნებელი და გამაოგნებელია დღევანდელი შემთხვევა, როდესაც ადამიანს “ემოციური ლაბილობის“ გამო ამწესებენ სტაციონარულ( !)ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე. რატომ არ დაინიშნა თუნდაც ამბულატორიული ექსპერტიზა? რა კანონის მიხედვით ეძლევა უფლება სასამართლოს ასეთი მიზეზით აიძულოს ადამიანი ჩაიტარდეს სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზა? თანაც სტაციონარული?! რა ღიობებია კანონმდებლობაში, რატომ და როგორ მოხდა ამის დაშვება?!” – წერს ექიმი მარინა გეგელაშვილი.

ცნობისათვის, ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ინფორმაციით, პროკურატურამ პატიმრობაში მყოფი აქტივისტის, ნინო დათაშვილის მიმართ ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვა, სასამართლომ კი აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, პროკურატურა ამ საკითხის გარკვევას ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ცდილობს. „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელისა და ადვოკატის, თამარ გაბოძის თქმით, სასამართლომ ნინო დათაშვილის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არანებაყოფლობით გადაყვანის ნებართვა გასცა.