ექიმი გიორგი ახობაძე აცხადებს, რომ ფიზიკურად გაუსწორდნენ

პროევროპული აქციების მონაწილე, პოლიციის მიერ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული და მოსამართლის მიერ გამართლებული ექიმი გიორგი ახობაძე აცხადებს, რომ თბილისში ფიზიკურად გაუსწორდნენ.
დღეს გამთენიისას ახობაძემ ფეისბუკით გაავრცელა ჩანაწერი, რომელშიც აღწერს, რომ ტაქსის, რომლითაც აეროპორტიდან მოდიოდა, გზა გადაუჭრა შავმა „პრადომ”, საიდანაც „გადმოხტნენ ვიღაც ტიპები, პოლიციიდან ვართ, ღონისძიებას ვატარებთო”, ტაქსის უკანა კარი გააღეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
გიორგი ახობაძე მიიჩნევს, რომ თავს დაესხნენ „ლაშა ბასლანძის სამეგობროს მოგზავნილი ტიპები, ან თვითონ ეგენი”.
„შარშან ნოემბერში იყო რტყმისთვის მოვემზადე ასეთ დროს, მეგონა პოლიციას უნდა ვეცემე და ნარკოტიკი ჩამიდეს… ეხლა პოლიცია ვართო, მოვემზადე რამე არ ჩამიდონთქო და ცემა დამიწყეს”, – დაწერა ფეისბუკზე გიორგი ახობაძემ. ის დარწმუნებულია, რომ მომხდარს არავინ გამოიძიებს.
ექიმი გიორგი ახობაძე 2024 წლის დეკემბერში, თბილისში დააკავეს, როცა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციიდან სახლში ბრუნდებოდა.
პროკურატურამ განაცხადა, რომ ახობაძეს ნარკოტიკული საშუალება ჰქონდა. ახობაძის თანახმად, ნარკოტიკი ჩაუდეს. მისთვის წაყენებული „განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის“ ბრალდება 8-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებდა.
2025 წლის 6 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა გიორგი ახობაძე უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა. მოსამართლემ გადაწყვეტილება „მტკიცებულებათა არასაკმარისი რაოდენობის“ გამო მიიღო. პროკურატურამ განაცხადა, რომ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებდა.
ფორუმი