2016-17 წლებში ფლორიდის შტატში მომხდარ ამ ამბავს თავის დროზე ადგილობრივ მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ფართო საზოგადოებამ კი, ტრაგიკული ისტორიის შესახებ 2023 წელს შეიტყო, როდესაც Netflix-ზე დოკუმენტური ფილმი Take Care of Maya გამოვიდა.
გთავაზობთ კოვალსკების ოჯახის ისტორიას.
პრეისტორია
2015 წლის ზაფხულში 9 წლის მაია კოვალსკას ასთმის ძლიერი შეტევის შემდეგ კიდურებში ტკივილი დაეწყო. ბავშვი ტერფების ძლიერ წვას უჩიოდა, რამდენიმე კვირაში კი, სიარული ვეღარ შეძლო, ტკივილი სულ უფრო იმატებდა. გოგონას მშობლებმა, ბეატა და ჯეკ კოვალსკებმა არაერთ ექიმს მიმართეს, მაგრამ ტკივილის მიზეზს ვერ მიაკვლიეს, ექიმების ნაწილს პასუხი საერთოდ არ ჰქონდა, ზოგი კი, ტკივილის მიზეზად სტეროიდებს ასახელებდა, რომლებსაც მაია ასთმის გამო რეგულარულად იღებდა.
ბეატა პროფესიით ექთანი იყო და შვილის სინდრომების შესახებ საავადმყოფოში ლაპარაკობდა. ერთ დღეს მონაყოლი უცნობმა პაციენტმა მოისმინა და ექთანს ანესთეზიოლოგთან მისვლა ურჩია, რომელიც კომპლექსური რეგიონალური ტკივილის სინდრომის (CRPS) შემსწავლელ ცენტრს ხელმძღვანელობდა. მაიას დიაგნოზად CRPS დაუსვეს და კეტამინის ინექციები დაუნიშნეს. კეტამინი ძლიერი ტრანკვილიზატორია, რომელსაც შავ ბაზარზე ნარკოტიკის სახითაც მოიხმარენ. მომდევნო წლის განმავლობაში ცოლ-ქმარი მაიას 3-4 კვირაში ერთხელ კეტამინის ინექციას უკეთებდა, თითოეული ასეთი სეანსი ოჯახს $10 000 უჯდებოდა.
მკურნალობას არ ფარავდა დაზღვევა, ამიტომ კოვალსკები ზეგანაკვეთურ სამუშაო რეჟიმზე გადავიდნენ, მოგვიანებით კი, სახლის იპოთეკით დატვირთვა მოუწიათ.
მკურნალობამ შედეგი გამოიღო, დროსთან ერთად მაიას ტკივილები შეუმცირდა, მაგრამ ბავშვი კვლავ ეტლით გადაადგილდებოდა.
საავადმყოფო, ეჭვი მიუნჰაუზენის სინდრომზე
2016 წელს მაია საავადმყოფოში მუცლის ძლიერი ტკივილით მიიყვანეს. მშობლებმა სამედიცინო პერსონალს CRPS სინდრომის შესახებ შეატყობინეს. წყვილი ითხოვდა, რომ ექოსკოპიამდე ბავშვისთვის კეტამინის 1500-მილიგრამიანი ინექცია გაეკეთებინათ. მაია ტკივილისგან ყვიროდა და ტიროდა.
აშშ-ში, თუ მშობლები პერსონალთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებენ, ან არატრადიციული მეთოდებით ბავშვის მკურნალობას ითხოვენ, საავადმყოფო ვალდებულია, ამის შესახებ შტატს აცნობოს. ინტენსიური თერაპიის განყოფილების ექიმმა, ბეატრის სანჩესმა ფლორიდის ბავშვთა და ოჯახების საქმეთა დეპარტამენტში ანგარიში იმავე დღეს გააგზავნა. ამავდროულად, სანჩესმა შეამჩნია, რომ პაციენტი მშობლების არყოფნაში ნაკლებად უჩიოდა ტკივილს და დაუკავშირდა პედიატრ სალი სმიტს, რომელსაც ბავშვზე ძალადობის მიმართულებით 30-წლიანი გამოცდილება ჰქონდა. სმიტმა მონაყოლი მოისმინა, შეისწავლა ბავშვის ავადმყოფობის ისტორია (რის უფლებაც ექიმს კანონით არ ჰქონდა) და სანჩესს დეპარტამენტში საჩივრის ხელმეორედ გაგზავნა დაავალა.
სმიტს ეჭვი გაუჩნდა მიუნჰაუზენის სინდრომზე, რომლის დროსაც მეურვე თანაგრძნობისა და მატერიალური გამორჩენის მიზნით გარშემომყოფებს აჯერებს, რომ ბავშვს მძიმე სენი სჭირს. ხშირად ეს ადამიანები საკუთარ ოჯახის წევრებს რეალურ ფიზიკურ ზიანს აყენებენ, რათა საჭირო სიმპტომები გამოიწვიონ.
მეორე საჩივარზე დეპარტამენტიდან პასუხი მოვიდა და სალი სმიტს საქმის ოფიციალურად გამოძიება დაევალა. გამოძიების დასრულებამდე მაია სახელმწიფოს მეურვეობის ქვეშ მოექცა და საავადმყოფოში რჩებოდა, მშობლებს კი პალატა დაატოვებინეს და ბავშვის ნახვა აუკრძალეს.
ტრაგედია
სალი სმიტმა ეჭვი დედაზე აიღო. ექიმს მიუნჰაუზენის სინდრომის დასადასტურებლად უნდა დაემტკიცებინა, რომ მაიას მდგომარეობა მშობლების არყოფნის დროს უმჯობესდება. ბავშვზე თვალყური ექთნებს დაევალათ. დაკვირვების შემდეგ სმიტს შეატყობინეს, რომ ზოგჯერ, გოგონა ფეხებს ამოძრავებს.
მიუნჰაუზენის სინდრომის დადასტურება ვერ მოხერხდა. ექიმები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ შესაძლოა, მაია თავად იტყუებოდა, სიმულირებდა ავადმყოფობას და თვითდაზიანებებს იყენებდა, მაგრამ ესეც მხოლოდ ვარაუდი იყო. ამის შემდეგ ჯეკს შვილთან შეხვედრის, ხოლო ბეატას სატელეფონო საუბრის უფლება მისცეს, მაგრამ გამოძიება გრძელდებოდა და ბავშვი თვეების განმავლობაში საავადმყოფოში რჩებოდა. ჰელოუინს, შობას, ახალ წელს და თავის მე-11 დაბადების დღეს გოგონა პალატაში შეხვდა, რის შემდეგაც მაიას სადაზღვევო კომპანიამ $650 000-იანი ანგარიში მიიღო. ექიმი სმიტი განაგრძობდა აგრესიულ ბრძოლას და ბავშვს მშობლებს არიდებდა, მაიასთან არ უშვებდნენ ნათესავებს, მასწავლებლებს და მღვდელს.
კოვალსკებმა შვილის საავადმყოფოდან დასახსნელად ადვოკატი დაიქირავეს. დედა შვილს მხოლოდ სასამართლო დარბაზში ხედავდა, მაგრამ ბეატას მაიასთან ჩახუტების უფლებას არ აძლევდნენ.
ბეატა კოვალსკი მძიმედ განიცდიდა ბავშვთან განშორებას. ცდილობდა, მეტი დრო გაეტარებინა უმცროს შვილთან, მაგრამ აზრი იმის შესახებ, რომ მაია მარტოა საავადმყოფოში, მასზე მძიმედ მოქმედებდა. 2017 წელს ერთ-ერთი სასამართლო სხდომის შემდეგ ბეატამ თავი მოიკლა. დატოვებულ წერილში ქალმა აღნიშნა, რომ “მისი ხელები შტატისა და სასამართლოს მიერ არის შებოჭილი”.
ტრაგედიის შემდეგ მაიამ კვლავ გაიარა შემოწმება CRPS-ზე. ახალმა კვლევამ დიაგნოზი დაადასტურა და ბავშვი მამას დაუბრუნდა.
Suncoast
სხვადასხვა კვლევის მიხედვით, ფლორიდის შტატში 2009-2018 წლებში ბავშვზე ძალადობის საქმეები 55%-ით მეტი იყო, ვიდრე აშშ-ს სხვა ტერიტორიებზე. თვალშისაცემ პრობლემას კანონის სრული სიმკაცრით ებრძვიან, ნებისმიერი სახის ჩართულობა ან არაინფორმირება სისხლის სამართლის დანაშაულია.
პინელასის ოლქში, რომელშიც მაია მკურნალობდა, ბავშვთა უფლებების დაცვით კერძო კომპანია Suncoast Center არის დაკავებული, რომელიც დაფინანსებას ბიუჯეტიდან იღებს. სალი სმიტი ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრია. ექიმი საკუთარ წევრობას ხაზს არ უსვამდა და ხშირად ინფორმაციას წარდგენის გარეშე, თეთრი ხალათის ხარჯზე მოიპოვებდა, რაც გარკვეულწილად უკანონოა. Suncoast-ს და მსგავს კომპანიებს ხშირად აკრიტიკებენ მუშაობის მეთოდებისა და რადიკალიზმის გამო.
სტატისტიკის მიხედვით პინელასის ოლქში ბავშვებს 2.5-ჯერ უფრო ხშირად აშორებენ საკუთარ მშობლებს, ვიდრე შტატის სხვა ოლქებში. თავად სალი სმიტს აქვს 3000-დე საქმე გამოძიებული, რომლიდანაც 12 მსხვილი სკანდალითა და წაგებით დასრულდა.
სასამართლო და ახალი ცხოვრება
2017 წლის იანვარში მაიამ საავადმყოფო დატოვა. იმ მომენტისთვის ის ნაკლებს იწონიდა, ვიდრე ჰოსპიტალიზაციამდე. გოგონა იმდენად დასუსტდა, რომ დახმარების გარეშე ჯდომასაც ვერ ახერხებდა. ჯეკი შვილს ფიზიოთერაპიასა და აკვა-თერაპიაზე ატარებდა. პაციენტების უმრავლესობას CRPS დროსთან ერთად უქრება, ფიზიკური დატვირთვების შედეგად მაია ეტლიდან ადგა და ყავარჯნებით სიარული დაიწყო. ერთი წლის შემდეგ კი, ცურვის გაკვეთილებისა და იოგის დახმარებით ბავშვმა დამოუკიდებლად სიარული შეძლო.
დღეს მაია 16 წლისაა. ის კარგად სწავლობს და აქტიურად არის დაკავებული სპორტით. 2022 წლის მარტში მან ადგილობრივი ფიგურული სრიალის შეჯიბრზეც გაიმარჯვა. “მე ჯერ კიდევ განვიცდი ტკივილს, მაგრამ ის ძლიერი აღარ არის”. – ამბობს მაია New York Magazine-თან ინტერვიუში.
2018 წელს კოვალსკებმა სასამართლოში უჩივლეს კომპანია Suncoast Center-ს, საავადმყოფოს, სალი სმიტსა და მაიას ექთანს. მოსამართლემ უკანონო თავისუფლების აღკვეთისა და დაზიანებების მიყენებისთვის კომპანია და ექიმი დამნაშავედ ცნო. სმიტმა და Suncoast-მა 2023 წლის დასაწყისში კომპენსაციის სახით ოჯახს $2.5 მილიონი გადაუხადეს. ექთნისა და საავადმყოფოს წინააღმდეგ სასამართლო პროცესი გრძელდება.
2022 წელს სმიტმა Suncoast დატოვა. ექიმის თქმით, ის დაიღალა ძალადობის მსხვერპლი ბავშვების ყურებით.