ექიმები მოსახლეობას პიროტექნიკის გამოყენებისას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ

ახალი წლის დღეებში ექიმები აფრთხილებენ მოსახლეობას, პიროტექნიკის გამოყენებისას სიფრთხილე გამოიჩინონ. როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში იაშვილის კლინიკის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე აცხადებს, პიროტექნიკა არ მიეკუთვნება უსაფრთხო ან გასართობი პროდუქციის რიცხვს და მისი არასწორი მოხმარების შედეგად ჯანმრთელობის დაზიანების რისკი ძალიან მაღალია.
„პიროტექნიკას გამოყენების მკაცრი წესი აქვს და უმჯობესია, ბავშვს ხელში არ მივცეთ სათამაშო ან მაშხალა, რამაც შეიძლება ხელი ან თვალი დაიზიანოს. შუშხუნასგან სერიოზული დაზიანების საფრთხე ნაკლებია, თუმცა შეიძლება მისმა არასწორად გამოყენებამ თვალების დაზიანება გამოიწვიოს,“ – აცხადებს ჩხაიძე.

დამწვრობის ცენტრის დირექტორის გუგა ქაშიბაძის თქმით კი, მართალია, წელს პიროტექნიკის გამოყენების შედეგად მძიმე შემთხვევები არ ყოფილა, თუმცა წინა წლებში ამ მიზეზით საკმაოდ მწარე გამოცდილება დაგროვდა. კერძოდ, საუბარია ისეთ სერიოზულ დაზიანებებზე, როგორიცაა დამწვრობა, ნაკვეთი ჭრილობა, დაზიანებული თვალები, მოწყვეტილი თითები.

სწორედ ამიტომ სპეციალისტი აფრთხილებს მშობლებს, რაც უნდა უწყინარად გამოიყურებოდეს ე.წ. ასაფეთქებელი, ბავშვებს ის არ მისცენ, ხოლო გამოყენების შემთხვევაში მოხმარების წესები დაიწვან. წინააღმდეგ შემთხვევაში საფრთხე ექმნება როგორც ბავშვის, ისე მოზრდილის ჯანმრთელობას.