ექიმები აქციების დასაშლელად ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შესახებ პეტიციას ავრცელებენ

ექიმები რუსთაველის გამზირზე, დემონსტრანტების დასაშლელად ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შესახებ პეტიციას ავრცელებენ.
ამ მომენტისთვის პეტიციას ხელს აწერს 885 სამედიცინო მუშაკი.
როგორც მედიკოსების საერთო განცხადებაში ვკითხულობთ, საპროტესტო აქციების პერიოდში, მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალოვანი სტრუქტურების მიერ მომწამლავი ნივთიერებების გამოყენების შემდეგ, კლინიკებს ყოველდღიურად სულ უფრო ბევრი ადამიანი აკითხავს.
ექიმების განმარტებით,მწვავედ მიმდინარე სიმპტომების გარდა, შეუძლებელია ამ ტოქსიკური ნივთიერებების შემდგომი შედეგების პროგნოზირება.
მათი განცხადებით, ამ საკითხზე მსჯელობა ჯანდაცვის სამინისტროს პასუხისმგებლობაა, რომელიც პარალელურად, მუდმივად, ღიად უნდა აფრთხილებდეს ძალოვან სტრუქტურებს არ გამოიყენონ ეს პრაქტიკა დემონსტრანტების დასაშლელად:
„CDC-ის ინსტრუქციებში ხაზგასმით წერია, რომ მსგავსი ქიმიური აგენტების მიერ ადამიანისთვის მიყენებული ზიანის სიმძიმე დამოკიდებულია სხვადასხვა ენდო და ეგზოგენურ ფაქტორებზე. ქვეყანაში უამრავი ქრონიკული დაავადების მატარებელი პირია, მკვეთრადაა გაზრდილი ონკოლოგიურ დაავადებათა რიცხვი, მათ შორის ახალგაზრდა პოპულაციაში.
ჩვენი, ექიმების საფუძვლიანი შეშფოთების მიზეზია აღნიშნული ქიმიური ნივთიერებების ხანგრძლივი და მასიური გამოყენება, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს აღნიშნულ ფონს ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ, აუცილებლად მიგვაჩნია, ჯანდაცვის სამინისტრომ მოახსენოს საზოგადოებას და, პირველ რიგში, მედიცინის მუშაკებს, რა ქიმიური აგენტები იქნა გამოყენებული ძალოვანი სტრუქტურების მიერ.
ეს საშუალებას მოგვცემს, სპეციფიკური მკურნალობის გზით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), განვახორციელოთ აღნიშნული ნივთიერებებით დაზიანებული ადამიანების დახმარება“, – წერია პეტიციაში.
მედიკოსები მოითხოვენ:
· სასწრაფოდ შეასრულოს სახელმწიფომ თავისი ვალდებულება და გაასაჯაროოს რა ქიმიური ნივთიერებები იყო გამოყენებული აღნიშნულ პერიოდში.
· დაუყოვნებლივ შეწყდეს დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების გამოყენება.

ასევე დაგაინტერესებთ