ექიმების ნაწილი აქციების დაშლისას ქიმიური ნივთიერებების გამოყენებაზე საერთაშორისო გამოძიებას მოითხოვს.
ექიმები აცხადებენ, რომ მათი მიზანი არ არის პოლიტიკური შეფასება, არამედ არის პროფესიული და ეთიკური ვალდებულება, დაიცვან ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ღირსება.
დღეს გამართულ ბრიფინგზე მათ აღნიშნეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ეთანხმება ამგვარ შეფასებაში გამოთქმულ ვერსიებს, წარმოშობილი უთანხმოება კიდევ უფრო ზრდის საზოგადოებრივ კითხვებს და საჭიროებას ობიექტური, დამოუკიდებელი ანალიზის.
“მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, დასავლეთის დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციებს, საერთაშორისო სამედიცინო ასოციაციებს, 2024 წელს საქართველოში გამართულმა ფართომასშტაბიანმა საპროტესტო აქციებმა და მათ დაშლასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა მნიშვნელოვანი საერთაშორისო და საზოგადოებრივი ყურადღება მიიპყრო. სხვადასხვა საერთაშორისო მედიასაშუალებებში, მათ შორის BBC-ის მიერ ჟურნალისტური გამოძიების საფუძველზე გავრცელებულ მასალებში, გამოთქმულია ეჭვები, რომ აქციების მონაწილე მოქალაქეებს აღენიშნებოდათ ინტოქსიკაციის ნიშნები. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ეთანხმება ამგვარ შეფასებაში გამოთქმულ ვერსიებს, წარმოშობილი უთანხმოება კიდევ უფრო ზრდის საზოგადოებრივ კითხვებს და საჭიროებას ობიექტური, დამოუკიდებელი ანალიზის. საყურადღებოა ამ საკითხზე ექიმების მიერ შესრულებული სამეცნიერო კვლევაც, რომელიც გამოქვეყნდა ერთ-ერთ მაღალრეიტინგულ საერთასორისო ჟურნალში, Toxicology reports-ში. კვლევაში წარმოდგენილი სტატისტიკურად სარწმუნო მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საპროტესტო აქციაში მონაწილე პირებს მეტად აღენიშნებოდათ კარდიოვასკულური ცვლილებები საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, რაც ქმნის საჭიროებას საერთაშორისო სტანდარტებით ობიექტური ექსპერტიზის. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, უზრუნველყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სამართლის, მათ შორის საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სამართლის, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის, ქიმიური აქტებისა და ტოქსიკური აგენტების გამოყენებასთან დაკავშირებული საერთაშორისო კონვენციების სტანდარტებს. მეორე, საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყონ კვალიფიციური სამართლებრივი რეაგირება, რომელიც დაეყრდნობა მტკიცებულებებზე დაფუძნებულ შეფასებებს და საერთაშორისო სამართლის სავალდებულო ნორმებს. და მესამე, ჩაატაროს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკების კომპლექსური შეფასება, მოამზადოს პრევენციული რეკომენდაციები და დაეხმაროს დაზარალებულ პირებს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ჩვენი მიზანი არ არის პოლიტიკური შეფასება. ჩვენი, როგორც ექიმების, პროფესიული და ეთიკური ვალდებულებაა, დავიცვათ ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ღირსება, უზრუნველვყოთ ნებისმიერი შესაძლო მასობრივი ზიანის შემთხვევაში გამოძიება საერთაშორისო სამართლის უნივერსალური სტანდარტებით”- ნათქვამია განცხადებაში.




