ექთნებისთვის სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის აკრძალვა გადავადდება

წელიწადნახევრით – 2027 წლის 1 ივლისამდე გადავადდა კანონი, რომლის ამოქმედების შედეგად, საექთნო საქმიანობა სახელმწიფო სერტიფიკატის/რეგისტრაციის გარეშე იკრძალება. შესაბამისი კანონი ძალაში 2026 წლის 1-ელი იანვრიდან უნდა შესულიყო.
პარლამენტმა 2024 წელს ექთნებისა და მეან-ექთნების შესახებ ახალი პროფესიული რეგულაციები მიიღო.
აღნიშნული კანონის თანახმად, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო ექთნებისა და მეან-ექთნებისთვის დიპლომის შემდგომი პროფესიული მომზადების, უწყვეტი პროფესიული განვითარების და უწყვეტი პროფესიული განათლების სისტემა.
როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ირინე წაქაძემ საკითხის განხილვისას განმარტა, სამინისტროსა და სამედიცინო სექტორის წარმომადგენლების მიერ ცვლილებების ამოქმედებამდე სისტემის მზაობა შეფასდა და ექთნებისა და მეან-ექთნების პროფესიული რეგულაციების ამოქმედების კანონით განსაზღვრული ვადების გადახედვის საკითხი დადგა, რადგან 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ახალი საკანონმდებლო რეგულაციების ამოქმედებამ, შესაძლოა მძიმე შედგები გამოიწვიოს პროფესიონალების რაოდენობრივი შემცირების თვალსაზრისით, განსაკუთრებით რეგიონების შემთხვევაში.
წაქაძის შეფასებით, კანონის ამოქმედებით და დამატებითი შეზღუდვების დაწესებით, დარგის სრულად მომზადებამდე, დიდი ალბათობით, პროფესიული დეფიციტი შეიქმნება დარგში, რომელიც ახლაც დგას ისეთი გამოწვევების წინაშე, როგორიცაა სფეროში ახალი კადრების შემოსვლა, ასაკობრივი დისბალანსი, სპეციალისტების გადანაცვლება სხვა პროფესიებში, მათი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადინება და სხვა.
“კონსულტაციების შედეგად აღმოჩნდა, რომ სექტორი არ არის მზად აღნიშნულ ცვლილებებთან გასამკლავებლად. ამიტომ გადაწყდა, წელიწად-ნახევრით გადავადდეს, როგორც გამოცდის ჩაბარების, ასევე ,ერთიან ელექტრონულ რეესტრში ავტორიზაციის გავლის ვალდებულება“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.