ექვსი პარტია ხელს აწერს „ერთიანობის დეკლარაციას“

ოპოზიციური პარტიები „ნაციონალური მოძრაობა“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „ახალი“, „ლელო“, „დროა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ საქართველოს პრეზიდენტის „ქართული ქარტიის“ ხელმოწერის შემდეგ ქმნიან „ერთიანობის დეკლარაციას“, რომელიც შეეხება ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებასა და არჩევნებამდე და ს შემდეგ საერთო მიზნებისთვის ერთიანობას.
„იმისათვის, რომ გავიმარჯვოთ მოახლოებულ არჩევნებში, ხელს ვაწერთ ერთიანობის დეკლარაციას, რომელიც გულისხმობს ერთიანობას, როგორც საპარლამენტო არჩევნებამდე, ასევე არჩევნების შემდეგ“, – წერია დეკლარაციაში.
დოკუმენტზე ხელმომწერი პარტიები თანხმდებიან:
· ეცდებიან, რომ ოპოზიციური პარტიებისთვის მიცემული ხმები არ დაიკარგოს ხუთპროცენტიანი ბარიერის გამო;
· 8 ივლისამდე შეთანხმდებიან არჩევნებში მონაწილეობის კონფიგურაციებზე;
· 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არ დაუჭერენ მხარს იმ მთავრობის დამტკიცებას, რომელშიც „ქართული ოცნება“ მიიღებს მონაწილეობას;
· მხარს დაუჭერენ ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატს;
· გაერთიანებული ძალებით ეცდებიან საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების არჩევნებში ჩართვას;
· ერთიანი ძალებით ეცდებიან, ხელი შეუშალონ არჩევნების გაყალბებას.
დოკუმენტზე ხელმომწერი პარტიები „ერთიანობის დეკლარაციაზე“ მიერთებას სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც სთავაზობენ.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება 5%-იანი ბარიერით. მაღალი ბარიერის გამო, შესაძლოა ოპოზიციური პარტიების დიდმა ნაწილმა ვერ მოიპოვოს მანდატები პარლამენტში.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ