ასეა თუ ისე, სტრესი ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა, ამიტომაც ახლა ვისწავლოთ გზები ამ მდგომარეობის შესამსუბუქებლად:
სეირნობა — ვარჯიშს საოცარი ეფექტი აქვს და სტრესისგან რამდენიმე წუთში შეუძლია, გაგათავისუფლოთ. სეირნობისას გარემოს შეცვლამაც კი შეიძლება სულ სხვა ხასიათზე დაგაყენოთ, ამიტომ დამღლელი დღის შემდეგ, კარგი იქნება, თუ გარეთ გაივლით, ასე თქვენს სხეულსაც გამოაცოცხლებთ და გონებასაც. მით უმეტეს, რომ ეს დღეს კვლევებითაც დასტურდება.
ფიზიკური შეხება — საყვარელ ადამიანთან ჩახუტებამ შეიძლება ძალიან გიშველოთ, რადგან ამ დროს ჩახუტების ჰორმონად ცნობილი ოქსიტოცინი თავისუფლდება, რაც, თავის მხრივ, ბედნიერებასა და სტრესის დაბალ დონეს უკავშირდება.
თავისუფალი აქტივობები — შესაძლოა, ძალიან დაკავებული ცხოვრება გქონდეთ ჰობებისთვის, თამაშებისა თუ დამატებითი გართობისთვის, მაგრამ მსგავსი თავისუფალი აქტივობების რუტინაში დამატება თავს საუკეთესოდ გაგრძნობინებთ, რომ აღარაფერი ვთქვათ გაზრდილ პროდუქტიულობაზე.
ვარჯიში — სტრესის მართვისა და მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის ფიზიკური აქტივობა საუკეთესო გადაწყვეტილებაა, არ აქვს მნიშვნელობა, სავარჯიშო დარბაზში ივლით, რაიმე კლუბს შეუერთდებით თუ გარეთ ივარჯიშებთ, ნებისმიერი დაგეხმარებათ სტრესისგან გათავისუფლებაში.
იოგა — ფიზიკურ მოძრაობას, მედიტაციას, მსუბუქ ვარჯიშსა და სუნთვის კონტროლს აერთიანებს, თითოეული კი სტრესის მოხსნას ემსახურება. თანაც, დაწყება ყოველთვის შეგიძლიათ, რაშიც გარდა ფიზიკური წრეებისა, ონლაინ პროგრამები და აპლიკაციებიც შეგიძლიათ, დაიხმაროთ.
წარმოდგენები — წარმოიდგინეთ, რომ სანაპიროზე ხართ, ტალღებს უსმენთ და ფეხებ ქვეშ ცხელ ქვიშას გრძნობთ… ეს და სხვა მსგავსი წარმოდგენები სენსორულ გამოცდილებას გაწვდით, წამით გაშორებთ არსებულ რეალობას და სტრესისგან გათავისუფლებაში გეხმარებათ.
მედიტაცია — სტრესის მართვაში გეხმარებათ, შეგიძლიათ ამისთვის რაღაც მანტრა განავითაროთ ან Mindfulness-ის ტექნიკას მიმართოთ, ან სულაც ყურადღება გაამახვილოთ იმაზე რასაც ხედავთ, გესმით, ეხებით და შეიგრძნობთ…
კუნთების რელაქსაცია — აღნიშნული სხეულის ყველა კუნთის მოდუნებას გულისხმობს, შუბლიდან ფეხის თითებამდე. პრაქტიკაში კუნთებში დაჭიმულობის ამოცნობას ისწავლით და შემდეგ მეტად მარტივად შეძლებთ მოდუნებას.
სუნთქვის ვარჯიშები — სუნთქვითი ტექნიკებით სხეულსა და გონებას დაიმშვიდებთ, კარგი კი ის არის, რომ ვერავინ ხვდება ამის შესახებ, არ აქვს მნიშვნელობა, სტრესულ შეხვედრაზე გააკეთებთ თუ გადაჭედილ თეატრში.
არომათერაპია — სუნით საკუთარი თავის განკურნება თავს მეტად ენერგიულად, მოსვენებულად და ცოცხლად გაგრძნობინებთ, რადგან აღნიშნული სტრესის ჰორმონებს ამცირებს. ამიტომ, თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ სანთლები, დიფუზორები თუ თავის მოვლის სურნელოვანი საშუალებებები.
ხატვა ან გაფერადება — თუ არ ხატავთ, უბრალოდ გააფერადეთ, რადგან სტრესისგან გათავისუფლების კარგ საშუალებად ითვლება. როგორც ამბობენ, აღნიშნულს მედიტაციის ეფექტი აქვს, შფოთვასა და ნეგატიურ შეგრძნებებს ამცირებს.
ჯანსაღი კვება — ცუდი რაციონი თუ სტრესის დონეს ზრდის, ჯანსაღად კვება საპირისპირო შედეგს გვაძლევს. განსაკუთრებით სასარგებლოა კვერცხი, ავოკადო და მიწისთხილი განწყობის რეგულირებისა თუ ენერგიისთვის.
სტრესის შემამსუბუქებელი დანამატები — პროცესში ვიტამინებიც შეგიძლიათ ჩართოთ: მელატონინის ბუნებრივი ჰორმონი ორგანიზმის ცირკადული რიტმის რეგულირებაში დაგეხმარებათ. აშვაგანდას ბალახი ფსიქიკური და ფიზიკური სტრესის მიმართ ორგანიზმს მეტად მდგრადს გახდის. ელთიროქსინის ამინომჟავა კი სტრესს ამცირებს და ძილს აუმჯობესებს, როცა B ვიტამინი ჰომოცისტეინის დონეს ამცირებს და უკეთეს განწყობაზე გაყენებთ.
პოზიტიური საუბრები საკუთარ თავთან — თვითკრიტიკა, ეჭვები და კატასტროფული ვარაუდები არ დაგეხმარებათ, ამიტომ ისწავლეთ საკუთარ თავთან სწორად ლაპარაკი, გამოიჩინეთ თანადგომა, რითაც ემოციების რეგულირებასაც უკეთ მოახერხებთ.
მადლიერება — კვლევის თანახმად, მადლიერი ადამიანები უკეთესი მენტალური ჯანმრთელობით, სტრესის დაბალი დონითა და ცხოვრების მაღალი ხარისხით გამოირჩევიან. ამიტომ ეცადეთ, დღის მანძილზე სულ მცირე სამი რამ მაინც იპოვოთ ისეთი, რითაც მადლიერი ხართ, ამის დღიურში ჩაწერა კი ჩვევად ჩამოაყალიბეთ.
გასაკეთებელი საქმეების სია — თუ 20 საათის საქმის 16 საათში მოსწრება გსურთ, დაისტრესებით, ამიტომ სწორად გადაანაწილეთ საქმეები და თქვენსავე დროის მენეჯმენტის უნარებს მიმართეთ.
სოციალური მხარდაჭერის მიღება — სტრესის მართვაში ირგვლივ მხარდამჭერი ადამიანების შემოკრება დაგეხმარებათ. ამიტომ, კარგი იქნება, თუ თქვენივე სამეგობრო წრის გაფართოებაზე იზრუნებთ, გაერთიანდებით რაღაც ორგანიზაციაში, დაესწრებით შეხვედრებს და სხვა.
უსიამოვნებებისგან გათავისუფლება — ზოგჯერ გამოსავალი იმ საქმეების თავიდან არიდებაა, რომლებიც თქვენში სტრესს იწვევს, ეს, შესაძლოა, ახალი ამბების ყურება, ციფრულ მოწყობილობებზე დამოკიდებულება, ალკოჰოლის დალება ან ზედმეტი კოფეინის მიღებაც იყოს. ამგვარად, ყოველდღიური ჩვევების დაბალანსება თავს უკეთ გაგრძნობინებთ.
და რადგანაც, სტრესი ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა, სტატიაში შეგიძლიათ, გაიგოთ, როგორ გამოიყენოთ იგი თქვენ სასარგებლოდ.
marketer.ge




