„ეფექტური კომუნიკაციით ნებისმიერი ბარიერის დაძლევაა შესაძლებელი“ – თათუკა ბუაძე, საქართველოს ბანკის გუნდის წევრი

მომხმარებლებისთვის საუკეთესო ტექნოლოგიური გადაწყვეტების შეთავაზება, ინოვაციური პროდუქტების შექმნა და ყოველდღიურობის გამარტივებაზე ორიენტირებული სერვისების შემუშავება სთვის მთავარი პრიორიტეტია. ამ მიზნის მისაღწევად ფინანსური ინსტიტუტი უწყვეტ რეჟიმში მუშაობს. განხორციელებული ინიციატივების წარმატებას არაერთი საერთაშორისო ჯილდოც ადასტურებს. Global Finance-ის მიერ საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკის მსოფლიოში საუკეთესოდ დასახელებაც სწორედ ამის დასტურია. საქართველოს ბანკის მობილბანკი სამომხმარებლო გამოცდილების კუთხითაც საუკეთესოდ დასახელდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში.
მომხმარებლისთვის მათ საჭიროებებსა და სურვილებზე მორგებული პროდუქტის შექმნის პროცესში საქართველოს ბანკის არაერთი გუნდია ჩართული. ამ ჯაჭვში საკვანძო როლს კი პროგრამ მენეჯერი ასრულებს.
იმის შესახებ, თუ რა გზას გადის ინიციატივა საბოლოო პროდუქტამდე, საქართველოს ბანკის Advanced პროგრამ მენეჯერი თათუკა ბუაძე გაგვესაუბრა, რომელიც კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ, რომ ამ პროცესების მთავარი მიზანი მომხმარებლის მაქსიმალური კმაყოფილებაა.
– რას გულისხმობს უშუალოდ თქვენი და თქვენი გუნდის საქმიანობა?
ჩვენი გუნდის საქმიანობა ბანკის მასშტაბით სხვადასხვა ბიზნეს თუ IT მიმართულებების პროექტების განხორციელებისა და დანერგვის პროცესის ხელშეწყობას მოიცავს. აღნიშნული ინიციატივები ორგანიზაციის საქმიანობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს – იქნება ეს არსებული პროცესების ეფექტურობის ზრდა, ახალი მიდგომებისა თუ ინიციატივების დანერგვა, სხვადასხვა ტიპის პროდუქტისა თუ მომსახურების შექმნა და სხვა.
კონკრეტული იდეისა თუ ინიციატივის განხორციელების მიზნით, პროგრამ მენეჯერებს აქტიური კომუნიკაცია გვაქვს ამ პროცესით დაინტერესებულ და მასში მონაწილე ყველა მხარესთან – როგორც შიდა გუნდებთან, ისე გარე ვენდორებთან.
პროგრამის მიმდინარეობაში ჩვენი ჩართულობის მთავარი მიზანი პროცესების გამარტივებაა, კერძოდ, პროცესში ჩართული ადამიანებისთვის სირთულეების შემსუბუქება და პრობლემების დროული აღმოფხვრა. ამისთვის კი მნიშვნელოვანია დროულად დავაიდენტიფიციროთ რისკები და მათ დასაზღვევად შესაბამისი ნაბიჯები ოპერატიულად გადავდგათ.
– რა არის თქვენი გუნდის მთავარი გამოწვევა და როგორ უმკლავდებით მას?
IT პროგრამებში, როგორც წესი, მრავალი დაინტერესებული მხარეა ჩართული, განსხვავებული მიზნებითა და პრიორიტეტებით. ასეთ მოცემულობაში ეფექტური კომუნიკაციების უზრუნველყოფა და მოლოდინების მენეჯმენტი არცთუ ისე მარტივია, თუმცა, პროგრამის წარმატებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ჩვენი გუნდის მთავარი გამოწვევა სწორედ დაინტერესებულ მხარეებს შორის მკაფიო და თანმიმდევრული კომუნიკაციის უზრუნველყოფა და მათთვის სწორი მოლოდინების შექმნაა.
იქიდან გამომდინარე, რომ მჯერა, ნებისმიერი გამოწვევა რაღაც ახალს გვასწავლის, არასდროს ვუყურებ მსგავს დაბრკოლებებს, როგორც რთულსა თუ დაუძლეველ ამოცანას. ვფიქრობ, მსგავს გამოწვევებთან გამკლავების გასაღები ისევ ჩვენში, საქართველოს ბანკის გუნდის წევრებშია, რომლებსაც საერთო მიზანი გვაქვს და მისკენ ერთად მივისწრაფვით.
– რა იყო პირველი გაკვეთილი, რომელიც საქართველოს ბანკის გუნდში ისწავლეთ?
საქართველოს ბანკში მუშაობისას გავაცნობიერე თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა და ძალა აქვს ეფექტურ კომუნიკაციასა და თანამშრომლობას, რაც ჩემთვის პირველი მნიშვნელოვანი გაკვეთილი იყო. სწორედ საქართველოს ბანკში ვისწავლე, რომ ეფექტური კომუნიკაციით ნებისმიერი ბარიერის დაძლევაა შესაძლებელი. თუმცა, ეფექტური და სწორი კომუნიკაცია არა მხოლოდ ბარიერების დაძლევაში, არამედ სამუშაო პროცესებისა და ადამიანებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაშიც გვეხმარება. ჩემს მაგალითზე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სწორად დაგეგმილი კომუნიკაცია პირდაპირ კავშირშია გუნდური მუშაობის ხელშეწყობასთან. ასე გუნდის თითოეული წევრი იდეებისა და უკუკავშირის გაზიარებისას თავს უფრო კომფორტულად გრძნობს, რაც სასიამოვნო და კომფორტულ სამუშაო გარემოს შექმნას განაპირობებს.
რა გაძლევთ მოტივაციას, არ გაჩერდეთ?
ჩვენი გუნდის ყოველი იდეის ამოსავალი წერტილი ადამიანი და მისი საჭიროებებია. შესაბამისად, თითოეულ პროდუქტსა და მომსახურებაზე მუშაობის პროცესში ეს იდეა მუდამ თავში მიტრიალებს.
პირადად ჩემთვის და ჩვენი გუნდისთვის, ადამიანების ცხოვრების გასამარტივებლად ღირებული პროდუქტების შექმნა დიდი მოტივაციაა. სწორედ ასეთ გუნდსა და კომპანიაში მუშაობა, რომელთა საქმიანობის შედეგებს ადამიანების ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, მაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდე.
ასევე, ჩემთვის ძალიან დიდი მოტივაციის წყაროა ახალ-ახალ სირთულეებთან და გამოწვევებთან შეჭიდება და ის ემოცია, რომელსაც მათი გადალახვის შემდეგ განვიცდი. სწორედ ამ დროს ვხვდები, რომ განვლილმა გზამ განაპირობა ჩემი როგორც პროფესიული, ასევე პიროვნული ზრდა და განვითარება.
ასე რომ, მთავარი ღირებულება და მოტივაცია, რომელიც სხვადასხვა იდეისა თუ ინიციატივის უკან დგას, მომხმარებლისთვის საბანკო მომსახურებების გამარტივება და სასიამოვნო გამოცდილების შექმნაა. ვითვალისწინებთ სხვადასხვა ტიპის მომხმარებლის საჭიროებებსა თუ მოთხოვნილებებს და ასე ვქმნით შესაძლებლობებს, რომლებიც ჩვენი მომხმარებლების კმაყოფილების გაზრდას ისახავს მიზნად, პროცესში კი არ ვჩერდებით!
თქვენი აზრით, რა უნარებს უნდა ფლობდეს პროგრამ მენეჯერი და როგორ უწყობს ხელს საქართველოს ბანკი ამ უნარების განვითარებას?
ჩემი აზრით, პროგრამ მენეჯერი კარგი მსმენელი უნდა იყოს, რათა პროდუქტის შექმნის პროცესში ჩართული ადამიანების საჭიროებებისა და მოლოდინების გაგებასთან ერთად, მათი წუხილების გააზრება და გაზიარება შეძლოს. უკუკავშირის მიღება და ურთიერთგაგების საფუძველზე დაიდენტიფიცირებული პრობლემების გააზრება პროგრამ მენეჯერს სირთულეების დროულად და ეფექტურად მოგვარებაში დაეხმარება.
ჩვენს საქმიანობაში ეფექტური კომუნიკაციის როლზე უკვე ვისაუბრე, ახლა კი მინდა, ხაზი გავუსვა ეფექტური მოსმენის სიძლიერესაც. სწორედ მოსმენა უწყობს ხელს ნდობასა და ემპათიაზე დაფუძნებული ურთიერთობების ჩამოყალიბებას, რაც ჩემი აზრით, წარმატებასთან პირდაპირ კავშირშია.
საქართველოს ბანკი როგორც დამწყები, ისე პროფესიონალი პროგრამ მენეჯერების განვითარებას უწყობს ხელს რელევანტური ტრენინგების დაგეგმვით, საერთაშორისო პროფესიული გამოცდებისთვის მოსამზადებელი რესურსების მხარდაჭერით, რეგულარული უკუკავშირის სესიებითა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობებით. გარდა ამისა, საქართველოს ბანკის ორგანიზაციულ კულტურაში არსებული აღქმა, რომ ჩვენი შესაძლებლობები უსაზღვროა, არ გვაძლევს მოდუნებისა და გაჩერების საშუალებას.

ასევე დაგაინტერესებთ