წელს „ეფეს საქართველოს“ („ნატახტარი“) ზრდა წელს დაახლოებით 3%-ია. როგორც კომპანია „ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა „კომერსანტთან“ განაცხადა, ექსპორტზე ძირითადად არაალკოჰოლური გამაგრილებელი სასმელები გადის, ლუდი კი უფრო ადგილობრივი რეალიზაციისთვისაა განკუთვნილი.
„ეფეს საქართველომ“ წელს ბაზრის მოცულობის კუთხით, ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია და 2023 წელს მთლიან ბაზარზე კომპანიის წილმა დაახლოებით 135 მილიონი ლიტრი შეადგინა. გასულ წელთან შედარებით დაახლოებით 3%-მდე ზრდა გვაქვს. თუმცა ზუსტ ციფრებს იანვრის ბოლოს ვნახავთ. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს ძალიან მნიშვნელოვანი, 11%-იანი ზრდა გვქონდა.
მართალია ბაზარზე დიდი კონკურენციაა, მაგრამ მიუხედავად ამისა, „ეფეს საქართველო“ ბაზრის ლიდერია, მისი პორტფელი კი დაბალანსებულია და ყველა სეგმენტის მოთხოვნას აკმაყოფილებს“, – ამბობს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.
მისი თქმით, ლუდი ზოგადად არის ლოკალური პროდუქტი, ექსპორტზე ძალიან მცირე რაოდენობა გადის. გარდა ამისა, ლუდის ინდუსტრია იმპორტირებულ ბრენდებს აწარმოებს, ხუნძაკიშვილის აზრით, ქვეყანაში ლუდის პრემიუმ ბრენდების შემოყვანა დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.
„ლუდი ლოკალური პროდუქტია და ამ მხრივ წელს სიახლეებიც გვქონდა ადგილობრივი მომხმარებლისთვის. მუდმივად ვმუშაობთ ძირითადი ბრენდების განახლებაზე და კრაფტ ლუდი ჩვენთვის სიახლე იყო, ეს არის ასე ვთქვათ ნიშური პროდუქტი, თუმცა ეს ბაზარი საქართველოში 1-2%-ს არ სცდება. ჩვენ ვფიქრობთ როგორც სეგმენტის გაზრდაზე ასევე საექსპორტო პოტენციალში მის გადატანაზე, თუმცა ჯერ ცოტა დროა გასული, მაგრამ პერსპექტივაში ასე ვუყურებთ“, – განმარტავს „ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორი.
რაც შეეხება არაალკოჰოლურ მიმართულებას, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილის თქმით, პროდუქცია ექსპორტზე 25 ქვეყანაში გადის და წლის ბოლოს უკვე რაოდენობრივად 65 მლნ იქნება, რაც წლიურად პრაქტიკულად 20%-იანი ზრდაა. მისი თქმით, მიუხედავად კომპანიის ზრდისა, ქვეყანაში არსებობს მნიშვნელოვანი გამოწვევებიც.
„ბალტიის ქვეყნები ტრადიციულად ჩვენი ბაზარია. აზერბაიჯანი და სომხეთი ერთ-ერთი მზარდია ექსპორტის კუთხით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ყაზახეთის ბაზარიც. ასევე გავდივართ ამერიკის ორივე სანაპიროს მიმართულებით და ბრიტანეთშიც. ქვეყნების მიმართულებით დივერსიფიცირება აუცილებელია, რათა კომპანიას პრობლემები არ შეექმნას სხვადასხვა სიტუაციაში. ეს რისკების შემცირების ერთ-ერთი მეთოდია და არ გვინდა დამოკიდებული ვიყოთ ერთ ბაზარზე.
რაც შეეხება გამოწვევებს, ბევრია, როგორც გლობალური გარემო ასევე შიდა სიტუაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ევროპასთან ინტეგრაციის საკითხები გაგრძელდეს. ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება კანდიდატის სტატუსი, ის დიდ წვდომას გაგვიხსნის ფინანსებთან.
პრობლემები კი განსაკუთრებით ლოგისტიკური მიმართულებით არის, ასევე ფინანსებთან წვდომა, კადრების დეფიციტი“, – განმარტავს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.
„ეფეს საქართველო“ ლუდის და ლიმონათის მწარმოებელი კომპანიაა. „ეფეს საქართველო“ მსოფლიოში ლუდის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებლის Efes Breweries International (EBI)-ის წარმომადგენელია საქართველოში და ასევე, არის გლობალურ ბაზარზე ლუდის ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებლის, Anheuser-Busch InBev-ის სტრატეგიული პარტნიორი.