საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ ვითარების გაუარესების გამო ეუთო-ს წევრი 24 ქვეყანა ექსპერტულ მისიას ქმნის.
შესაბამის განცხადებას დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
კერძოდ, განცხადებაში აღნიშნულია, რომ 24-მა ქვეყანამ ეუთოს “მოსკოვის მექანიზმი” გააქტიურა, რათა საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ ვითარების გაუარესების გამო ექსპერტული მისია შეიქმნას.
ასევე, განცხადებაში ისინი მოუწოდებენ საქართველოს, ითანამშრომლოს და ხელი შეუწყოს მისიის მუშაობას.
“როგორც ეუთოს წევრმა ქვეყანამ, საქართველომ ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის ვალდებულებები აიღო.
მან, ასევე, აღიარა, რომ ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემა საკვანძო ფაქტორია მშვიდობის, სამართლიანობისა და კეთილდღეობისთვის, რაც საჭიროა ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად,” – ნათქვამია განცხადებაში.
ასევე, განცხადებაში ნათქვამია, რომ 2024 წლის დეკემბერში ეუთოს 38-მა ქვეყანამ საქართველოსთან მიმართებაში “ვენის მექანიზმი” გაააქტიურა, რათა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე შეშფოთება გამოეხატათ და მეტი ინფორმაცია მოეთხოვათ, თუმცა, განცხადებაში აღინიშნება, რომ მას შემდეგ “საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანური მიმართულებით საერთო ვალდებულებებისა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებების დაცვის მხრივ მათი შეშფოთება მხოლოდ გაიზარდა.”
“ვადასტურებთ 2025 წლის განმავლობაში ჩვენს დელეგაციებთან საქართველოს ჩართულობას, კონსტრუქციული მიდგომის სულისკვეთებით ჩვენმა დელეგაციებმა დღეს ოდირის დირექტორს მისწერეს.
ხაზს ვუსვამთ 2024 წლის “ვენის მექანიზმში” დაყენებულ კითხვებზე საქართველოს პასუხს და საქართველოს მოვუწოდებთ, ითანამშრომლოს და ხელი შეუწყოს მისიის მუშაობას, “მოსკოვის დოკუმენტის” მე-6 პარაგრაფის შესაბამისად. ასეთი ჩართულობა კონსტრუქციული და ღია დიალოგისთვის კეთილი ნებისა და მზაობის დემონსტრირება იქნება”, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას უერთდება: ალბანეთი, ავსტრია, ბელგია, ბოსნია-ჰერცეგოვინა, კანადა, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, გერმანია, ირლანდია, ისლანდია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, სლოვენია, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო და შვედეთი.




