ეუთო-ს თავმჯდომარემ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენმა “ოცნების” საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე “ქართული ოცნების” ანტიდემოკრატიული პოლიტიკა გააკრიტიკა.
კერძოდ, მან გამოყო ივანიშვილის ხელისუფლების მიერ მიღებული ახალი კანონმდებლობა, რომლის მიზანიც, მისი თქმით, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის შეზღუდვაა.
ვალტონენმა ასევე დაგმო ოპოზიციონერი ლიდერების დაკავება და დაამატა, რომ საქართველოში გამოხატვის და შეკრების თავისუფლება “კითხვის ქვეშაა.”
“ჩვენი შეხვედრისას დავსვი სერიოზული საკითხები, რომლებიც მონაწილე ქვეყნებს აქვთ ეუთო-ს ფარგლებში. მათ შორისაა შემზღუდავი კანონმდებლობა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას, მედიის წარმომადგენლებს და დემოკრატიულ მმართველობას ეხება, ასევე ბოლოდროინდელი მოვლენები, რომლითაც ხდება არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვა. ჩვენ ვგმობთ ოპოზიციის ლიდერების დაკავებებს, რომლებიც არაპროპორციული იურიდიული პროცედურების შედეგად ხდება, გამოხატვის და შეკრების თავისუფლება არის კითხვის ქვეშ. სამოქალაქო საზოგადოება არ არის სტაბილურობის საფრთხე, პირიქით, არასამთავრობო, ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები, ჟურნალისტები და ბევრი სხვა ინსტიტუცია არის დემოკრატიული მედეგობის შემადგენელი ნაწილი. ისინი ინოვაციებს უწყობენ ხელს. მათი ხმა არა მარტო უნდა ისმოდეს, არამედ უნდა იქნას დაცული. სწორედ ამიტომ საქართველოში ვიზიტი არის აქცენტირებული სამოქალაქო საზოგადოებასთან ჩართულობაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ დემოკრატიულ წყობაში ხალხს მიეცეს არჩევანის უფლება. ასეა საქართველოშიც, საქართველოს მოსახლეობა ირჩევს, როგორი მომავალი უნდათ”, – თქვა მან.
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივანიშვილის მთავრობას მოუწოდა, “იპოვოს გზა” კრიზისიდან გამოსასვლელად და გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები.
“რაც შეეხება ეუთო-ს საკითხებს, საბოლოო აქტი არის ჰელსინკის ათი პრინციპი, რომელიც მოიცავს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, საზღვრების ხელშეუხებლობას, რასაც საქართველო აბსოლუტურად იმსახურებს. საქართველოს მოსახლეობაც იმსახურებს, რომ ადამიანის უფლებები, გამოხატვის თავისუფლება, ჩართულობისა და თავისუფლებათა პრინციპები იქნეს დაცული. საქართველოს მთავრობამ უნდა იპოვოს გზა კრიზისიდან გამოსასვლელად, ნდობის აღსადგენად, დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად. ჩვენი უწყებები მზად არიან, საქართველოს მხარი დაუჭირონ შესაბამისი ვალდებულებების შესრულებაში ჩვენი საერთო პრინციპების საფუძველზე, რომელიც ჰელსინკის საბოლოო აქტშია განსაზღვრული”, – განაცხადა ეუთო-ს თავმჯდომარემ.
