ეუთო/ოდირი: უცხოური აგენტების კანონი დიდ დარტყმას აყენებს ყველას, ვინც ადამიანის უფლებებისთვის მუშაობს

ეუთო-ს ადამიანის უფლებების ოფისი “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ შესახებ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ კანონი დიდ დარტყმას აყენებს სამოქალაქო საზოგადოებას და ყველას, ვინც ადამიანის უფლებების დასაცავად მუშაობს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ქართული ოცნების” ახალი კანონის მიზანი რუსული კანონის ჩანაცვლებაა, თუმცა ახალი კანონი, რომელიც მმართველი პარტიის მტკიცებით ამერიკული FARA-ს ანალოგია, უფრო შეზღუდავს საზოგადოებას, რადგან ის ყველა ფიზიკურ პირს ან ორგანიზაციას, რომელიც უცხოურ დაფინანსებას იღებს, აიძულებს დარეგისტრირდნენ უცხოეთის აგენტებად.
“კანონი დიდ დარტყმას აყენებს სამოქალაქო საზოგადოებას და ყველას, ვინც ადამიანის უფლებების დასაცავად მუშაობს. სამოქალაქო საზოგადოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა დემოკრატიისთვის და ნებისმიერი ახალი მოთხოვნა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისად უნდა აძლიერებდეს მათ საქმიანობას და არა შეზღუდვებს უწესებდეს მას.
საქართველოს ახალი კანონი „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ ზრდის შეშფოთებას ბოლო დროს მიღებულ სხვა კანონპროექტებთან დაკავშირებით და აძლიერებს კანონის უარყოფით გავლენას სამოქალაქო საზოგადოებაზე.
ახლად მიღებული კანონი მიზნად ისახავს შეცვალოს გასულ წელს მიღებული „კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, იმ წუხილის ფონზე, რომ ის შეაფერხებს გაერთიანების, მშვიდობიანი შეკრების და გამოხატვის თავისუფლებას. ახალმა კანონმა, სხვა ბოლოდროინდელ საკანონმდებლო ინიციატივებთან ერთად, შეიძლება კიდევ უფრო შეზღუდოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და უფლებადამცველების საქმიანობა მათთვის საჭირო გარანტიების მოხსნით.
როგორც ODIHR-მა შარშან სამართლებრივ ანალიზში აღნიშნა, -ში უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტს, რომლის მიხედვითაც საქართველოს ახალი კანონია მოდელირებული, აქვს სამართლებრივი გარანტიები, რომლებიც ხელს უშლის სამოქალაქო საზოგადოებისთვის უცხოური ინტერესების აგენტის იარლიყის მიკერებას”, – წერია ეუთო-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გავრცელებული განცხადებით, ODIHR საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს გადახედოს ამ კანონს.
“ოფისი მზადაა დაეხმაროს საქართველოს საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესებას სამართლებრივი მიმოხილვებისა და კონსულტაციის სხვა ფორმების მეშვეობით, რომელიც ეფუძნება მრავალწლიან გამოცდილებას.
ეუთოს ყველა წევრი სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, როგორც კანონით, ასევე პრაქტიკაში. წევრი სახელმწიფოები, ასევე, აღიარებენ სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობას ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ხელშეწყობისთვის”, – აღნიშნულია განცხადებაში.