ეუთო/ოდირი უარყოფითად აფასებს გენდერული კვოტირების გაუქმებას

ეუთოს „დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ოფისი“(ODIHIR) უარყოფითად აფასებს საარჩევნო სიებში გენდერული კვოტების გაუქმებას. ამ ცვლილებების შესახებ მომზადებულ დასკვნაში აღნიშნულია, რომ ეს გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამოა.
„კვოტების სისტემა მიზნად ისახავს დე ფაქტო თანასწორობის მიღწევას და ხელს უწყობს ქვეყანაში ქალთა წარმომადგენლობის თანდათანობით გაზრდას. მოცემულ კონტექსტში კი არ არსებობს მტკიცებულება ვარაუდისათვის, რომ გენდერული კვოტების გაუქმება აუცილებელი იყო კონსტიტუციურობის საფუძვლით, ან საერთაშორისო ვალდებულებებთან შესაბამისობის თვალსაზრისით, არაეფექტურობისა თუ იმის გამო, რომ საჭირო აღარ იყო“, – წერია ეუთო/ოდირის დასკვნაში, რომლის შესახებაც ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
ეუთო/ოდირის სამართლებრივი შეფასების დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ამ ცვლილებებით არ არის დასაბუთებული კვოტირების გაუქმების მიზანი.
„საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი, რომელიც ქალთა კვოტირების გაუქმებას ითვალისწინებდა, პარლამენტმა „გირჩის“ მოთხოვნით, დაჩქარებული წესით განიხილა და 4 აპრილს საბოლოო, მესამე მოსმენით მიიღო. 18 აპრილს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კანონპროექტს ვეტო დაადო, რომელიც პარლამენტმა 15 მაისს დაძლია.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო წილოსანი – სანქციები არის უსამართლობა – დიდი ხანია ჩვენ ამ დაშინების ქვეშ ვართ, უბრალოდ, თავს ვერ მივცემთ უფლებას გარედან ზეწოლამ გვაიძულოს ისეთ მოცემულობაში ჩავაყენოთ ქვეყანა, რომ ისტორიამ მოღალატეებად განგვსაჯოს