ეუთო/ოდირი “ოცნების” ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ განცხადებას ავრცელებს

ეუთო “ქართული ოცნების” ხელისუფლების და მისი ანტიდასავლური პოლიტიკის მიმართ კრიტიკულ განცხადებას ავრცელებს.
მასში გამოთქმულია შეშფოთება ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოებასა და ოპოზიციურ პოლიტიკოსებზე გაზრდილ ზეწოლასთან დაკავშირებით.
განცხადების მიხედვით, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) მხრიდან მზარდი შეშფოთების საგანია კანონმდებლობა, რომელიც სულ უფრო ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობას. ასევე ხაზგასმულია საპროტესტო აქციის მონაწილეებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ დაწყებული სისხლის სამართლის დევნა.
“ჩვენ ღრმა შეშფოთებით ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის ბოლო პერიოდში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრებებისა და გასამართლების გათვალისწინებით. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გააუქმოს ბოლოდროინდელი კანონმდებლობა, რომელიც ხელს უშლის სამოქალაქო საზოგადოების ლეგიტიმურ საქმიანობას. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ქვაკუთხედია”, – განაცხადა ODIHR-ის დირექტორმა მარია თელალიანმა.
ODIHR განსაკუთრებული შეშფოთებით აღნიშნავს ბოლო თვეებში ათობით მომიტინგეს დაპატიმრებას და სამართლიანი სასამართლოს სტანდარტების პატივისცემის არარსებობის შესახებ ცნობებს, ასევე ადამიანის უფლებათა დამცველებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე გაზრდილი ზეწოლის შესახებ მათი ლეგიტიმური საქმიანობის შესრულებისას. გარდა ამისა, ბოლო კვირების განმავლობაში რვა წამყვანი ოპოზიციური პოლიტიკოსი დააკავეს, რომელთა უმეტესობას თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
განცხადებაში ასევე ყურადღება დაეთმო აქციებზე დაკავებული ადამიანების სასამართლო პროცესების სამართლიანი სასამართლოს სტანდარტების მანკიერებებს.
“გასულ წელს, სამართლებრივი მიმოხილვის დროს, ODIHR-მა საქართველოს ურჩია ე.წ. “უცხოელი აგენტების შესახებ კანონის” გაუქმება და გააფრთხილა, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობის მარეგულირებელი ახალი კანონმდებლობა მათ საქმიანობას მხოლოდ და მხოლოდ ხელს შეუშლის და არა გააძლიერებს. მიმდინარე წლის მარტში, ოფისმა ასევე სერიოზული შეშფოთება გამოთქვა დემონსტრაციებისა და შეკრების სხვა ფორმების რეგულირების ბოლოდროინდელ ცვლილებებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ გათვალისწინებული სანქციები ზედმეტად მკაცრია და შეუთავსებელია ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებთან”, – ნათქვამია ეუთოს განცხადებაში.
ODIHR სინანულს გამოთქვამს ივანიშვილის ხელისუფლების გადაწყვეტილებასთან დაკავშრებით, რომლის მიხედვითაც, წლევანდელ ადგილობრივ არჩევნებზე აღარ მოიწვევენ ეუთოს სადამკვირვებლო მისიას. ODIHR მზადყოფნას გამოთქვამს, გამოაგზავნოს საქართველოში თავისი მისია, თუ “ოცნების” მთავრობა დროებით გაგზავნის მოწვევის წერილს.
“ODHIR კვლავ ერთგულად უჭერს მხარს საქართველოს ეუთოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას და ვიმედოვნებთ, რომ გავაგრძელებთ ჩვენს ხანგრძლივ თანამშრომლობას როგორც საქართველოს ხელისუფლებასთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა ხელი შევუწყოთ დემოკრატიული მმართველობისა და ადამიანის უფლებების გაძლიერებას”, – დასძინა მარია თელალიანმა.