ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი აცხადებს, რომ 4 ოქტომბრის არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლებით ადრე მოწვევა „არასაკმარის დროს ტოვებს სანდო და შინაარსიანი დაკვირვებისთვის“ და მისიის გამოგზავნას არ აპირებს.
„სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ ასეთ გვიან ეტაპზე მოგვიწვიონ, ხელს უშლის შინაარსიან დაკვირვებას და ODIHR-ს არ ექნება არჩევნების სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნის შესაძლებლობა“, – განაცხადა ODIHR-ის დირექტორმა მარია თელალიანმა.
„გამჭვირვალე და სანდო არჩევნების დაკვირვება მოითხოვს საფუძვლიან მომზადებას და საარჩევნო პროცესის ძირითად ეტაპებზე წვდომის შესაძლებლობას, ჩვენი ყოვლისმომცველი მეთოდოლოგიის შესაბამისად“, – აცხადებს ის.
მიუხედავად ამისა, თელალიანის განცხადებით, ეუთო/ოდირი იმედოვნებს, რომ გააგრძელებს „ხანგრძლივ თანამშრომლობას საქართველოს ინსტიტუტებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გასაძლიერებლად.“
· „ლელოსა“ და გიორგი გახარიას პარტიის არჩევნებში რეგისტრაციის შემდეგ, „ქართული ოცნების“ მთავრობამ გადაწყვეტილება შეცვალა და 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია მოიწვია.
· „იმისათვის, რომ არ დარჩეს არავითარი კითხვა არჩევნებთან დაკავშირებით, მივიღეთ გადაწყვეტილება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასაკვირვებლად ეუთო/ოდირის მისიის მოწვევის შესახებ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ 6 სექტემბერს მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე.
არჩევნები 4 ოქტომბერსაა დანიშნული. კობახიძემ ეს განცხადება 6 სექტემბერს გააკეთა.
· ჩვეულებრივ, ეუთოს გრძელვადიანი დამკვირვებლები არჩევნების დღემდე 6-8 კვირით ადრე იწყებენ მისიას – რაც მოიცავს წინასაარჩევნო პერიოდში პროცესის ორგანიზების და სხვა დეტალების დაკვირვებას.
· არჩევნების დღის სიახლოვეს ჩამოდიან მოკლევადიანი დამკვირვებლები.
9 სექტემბრის განცხადებაში ეუთო/ოდირი აღნიშნავს, რომ „საქართველოს ხელისუფლებასთან კონტაქტების დროს, ODIHR-მა არაერთხელ გაუსვა ხაზი დროული მოწვევის მნიშვნელობას არჩევნების სანდო და ყოვლისმომცველი დაკვირვების უზრუნველსაყოფად“.
· „საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება, ჩაატაროს დემოკრატიული არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად“, – აცხადებს ორგანიზაცია და ასევე მიუთითებს:
· „მიუხედავად იმისა, რომ ODIHR-ი არ აკეთებს კომენტარს იმ არჩევნებზე, რომელსაც არ აკვირდება, ოფისი გააგრძელებს საქართველოში მიმდინარე მოვლენების მონიტორინგს მისი მანდატით გათვალისწინებულ ყველა სფეროში, მათ შორის დემოკრატიულ მმართველობის, ფუნდამენტური თავისუფლებებისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით“.
„წარსულში, ODIHR-მა საქართველოდან დროული მოწვევები მიიღო 2006, 2010, 2014, 2017 და 2021 წლების ადგილობრივი არჩევნების დასაკვირვებლად, რაც საშუალებას იძლევა ეფექტური მზადების განსახორციელებლად ODIHR-ის მეთოდოლოგიის შესაბამისად“, – წერია განცხადებაში.
მანამდე, 7 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში ODIHR-ი „სინანულს გამოთქვამდა“ საქართველოს ხელისუფლების გაცხადებული განზრახვის გამო, „არ მოიწვიოს ეუთო/ოდირი მომავალ ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად, რაც გადახვევაა საქართველოს მიერ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში დამკვიდრებული და თანმიმდევრული პრაქტიკიდან“.
· 2025 წელი არის პირველი შემთხვევა „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, როდესაც არჩევნებზე დასაკვირვებლად არ მოუწვევიათ ეუთო/ოდირის ავტორიტეტული სადამკვირვებლო მისია;
· ეუთო/ოდირის გარეშე ადგილობრივი არჩევნები 2014 წელს ჩატარდა, თუმცა „ქართული ოცნების“ მთავრობამ იმ წელსაც მოიწვია ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში „ფინანსური მიზეზების“ გამო ვერ გამოიგზავნა.
ფორუმი
