ეუთო/ოდირი – მაღალი დონის და ადგილობრივი ოფიციალური პირების კამპანიამ, სხვადასხვა სოციალური ჯგუფის ფინანსურმა წახალისებამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ხელისუფლების ჭეშმარიტი ვალდებულება, აღეკვეთა სახელმწიფო რესურსებით ამომრჩევლებზე ზეგავლენის მოხდენა

კონკურენტებს, ზოგადად, შეეძლოთ თავისუფლად ეწარმოებინათ კამპანია. თუმცა, ამომრჩევლებზე, განსაკუთრებით საჯარო სექტორის თანამშრომლებსა და ეკონომიკურად დაუცველებზე დაშინების, იძულების, წაქეზებისა და ზეწოლის შესახებ ცნობები გაგრძელდა და წარმოქმნა შეშფოთება ზოგიერთი ამომრჩევლის შესაძლებლობასთან დაკავშირებით, თავისუფლად ჩამოეყალიბებინა საკუთარი აზრი და ხმა მიეცა სამაგიეროს მიზღვევის შიშის გარეშე, რაც ეუთოს ვალდებულებებსა და საერთაშორისო სტანდარტებთან წინააღმდეგობაში მოდის, – ამის შესახებ ნათქვამია ეუთო/ოდირის ს შესახებ საბოლოო ანგარიშში.
დოკუმენტის თანახმად, საარჩევნო კამპანიის რიტორიკა და სურათი განხეთქილების შემომტანი იყო და როგორც მმართველმა, ისე ოპოზიციურმა პარტიებმა განაცხადეს ძალადობის ცალკეული ინციდენტების, ღონისძიებების შეფერხებისა და კამპანიის მასალების დაზიანების შესახებ.
„მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა საჯარო განცხადებები გააკეთეს ძირითადი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის გეგმის შესახებ, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვით, რაც ეწინააღმდეგება დემოკრატიული პლურალიზმის პრინციპს. მაღალი დონის და ადგილობრივი ოფიციალური პირების კამპანიამ, სხვადასხვა სოციალური ჯგუფის ფინანსურმა წახალისებამ, ისევე როგორც სამთავრობო ამნისტიის პროგრამა, მიუხედავად იმისა, რომ არ ეწინააღმდეგება კანონს, შექმნა თანამდებობაზე ყოფნასთან დაკავშირებული გადაჭარბებულ უპირატესობა და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ხელისუფლების ჭეშმარიტი ვალდებულება, აღეკვეთა სახელმწიფო რესურსებით ამომრჩევლებზე ზეგავლენის მოხდენა“, – აღნიშნულია ანგარიშში.