ეუთო/ოდირის შეფასებით, მანიფესტაციებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ ახალ რეპრესიულ კანონი უნდა გაუქმდეს.
ამის შესახებ ეუთო/ოდირის მიერ გამოქვეყნებულ სამართლებრივ შეფასებაშია ნათქვამი.
ეუთო/ოდირი აღნიშნავს, რომ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებები წარმოადგენს დემოკრატიული, ტოლერანტული და პლურალისტური საზოგადოების საფუძვლის განუყოფელ ნაწილს და სახელმწიფოებს აქვთ პოზიტიური ვალდებულება, პატივი სცენ, დაიცვან და ხელი შეუწყონ ამ უფლებების განხორციელება.
როგორც ეუთო/ოდირის შეფასებაშია ნათქვამი, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლებაზე ნებისმიერი შეზღუდვა უნდა აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სამართლის მიერ დადგენილ მკაცრ სამნაწილიან ტესტს: უნდა იყოს კანონით გათვალისწინებული, ემსახურებოდეს საერთაშორისო სამართლით აღიარებული ლეგიტიმური მიზნებიდან ერთ-ერთის დაცვას და იყოს აუცილებელი და პროპორციული ამ მიზნის მისაღწევად.
„შეზღუდვების განხილვისას, ამ უფლების სხვათა უფლებებთან ან შეზღუდვის სხვა დასაშვებ საფუძვლებთან შეჯერების მიზნით, სახელმწიფო უპირატესობა უნდა მიანიჭოს ხელშეწყობას და არა არასაჭირო ან არაპროპორციულ შეზღუდვებს“, – აცხადებს ეუთო/ოდირი.
ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ სამართლებრივ შეფასება გამოქვეყნდა იმ იმ სერიოზული შეშფოთების ფონზე, რომელიც ადრე გამოთქვეს ეუთო/ოდირმა, საერთაშორისო და რეგიონულმა ორგანიზაციებმა და ორგანოებმა, ეროვნულმა დამკვირვებლებმა და სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა ამ და ადრინდელ საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით.
ეუთო/ოდირის განცხადებით, იგულისხმება ინიციატივები, რომლებიც არათანაზომიერად ზღუდავს მშვიდობიანი შეკრების, გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების უფლებებს, აგრეთვე ბოლო თვეებში მშვიდობიანი მომიტინგეების, ადამიანის უფლებათა დამცველებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავება შეკრებებში მშვიდობიანი მონაწილეობისთვის, რაც მათი შეფასებით, საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების აშკარა დარღვევას წარმოადგენს.
ეუთო/ოდირი ხაზს უსვამს იმასაც, რომ „ქართული ოცნების“ პარლამენტმა ახალი რეპრესიული ცვლილებები დაჩქარებული წესით, საჯარო განხილვის გარეშე, მიიღო.
„მთლიანობაში, ისინი ბევრად უფრო მკაცრ ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლებრივ სანქციებს აწესებენ. ისინი გამორიცხავენ ნაკლებად შემზღუდველი ალტერნატიული სანქციების გამოყენების შესაძლებლობას, აწესებენ ხანგრძლივ ადმინისტრაციულ პატიმრობას, როგორც სანქციას გარკვეული ქმედებებისთვის, რომლებიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევადაა განსაზღვრული, და სისხლის სამართლის პატიმრობას იმ შემთხვევებში, როდესაც პირს წარსულში ჩადენილი აქვს ეს სამართალდარღვევები.
ეს კიდევ უფრო ამძიმებს 2025 წლის თებერვალსა და 2024 წლის დეკემბერში შემოღებული შეზღუდვების ნეგატიურ გავლენას, რომლებიც, ეუთო/ოდირის შეფასებით (რომელიც გამოქვეყნდა 2025 წლის მარტის გადაუდებელ მოსაზრებაში), არათანაზომიერად ერეოდა საქართველოში მშვიდობიანი შეკრების უფლების განხორციელებაში“, – ნათქვამია ეუთო/ოდირის სამართლებრივ შეფასებაში.
ეუთო/ოდირის შეფასებით, ეს მიდგომა უშუალოდ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს, რომლებიც მოითხოვს, რომ სანქციები იყოს აუცილებელი, პროპორციული და არადისკრიმინაციული.
„მიუხედავად იმისა, რომ თავისუფლების აღკვეთა, ადმინისტრაციული პატიმრობის ჩათვლით, არასოდეს არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც სასჯელი საერთაშორისო სამართლით გარანტირებული უფლების მშვიდობიანი განხორციელებისთვის, ნაკლებად მკაცრი ალტერნატიული სანქციების არარსებობა ასევე ძირს უთხრის პროპორციულობის პრინციპს. ეს, ამგვარი დაკავების გასაჩივრების ეფექტური საშუალებების არარსებობასთან ერთად, ზრდის ბოროტად გამოყენების პოტენციალს და თვითნებური თავისუფლების აღკვეთის რისკს, რაც არღვევს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის (ICCPR) მე-9 მუხლსა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (ECHR) მე-5 მუხლს“, – ნათქვამია ეუთო/ოდირის სამართლებრივ შეფასებაში.
ეუთო/ოდირის შეფასებით, „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული კანონი ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს ისეთი ქმედების განმეორებით ჩადენისთვის, რომლებიც დაცულია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით, მათ შორის ნიღბის ტარებისთვის, ან უკანონოდ მიჩნეულ შეკრებებში მშვიდობიანი მონაწილეობისთვის ან საგზაო მოძრაობის შეფერხებისთვის.
„სისხლის სამართლის სანქციების დაწესება იმ ქცევის საპასუხოდ, რომელიც შეიძლება იყოს ლეგიტიმური და კანონიერი საერთაშორისო სამართლის მიხედვით, გამოიწვევს თვითნებურ თავისუფლების აღკვეთას, ICCPR-ის მე-9 და ECHR-ის მე-5 მუხლების დარღვევით“, – ნათქვამია ეუთო/ოდირის სამართლებრივ შეფასებაში.
ეუთო/ოდირის შეფასებით, არაპროპორციული სანქციები თავისთავად არღვევს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლებას, რადგან მათ შეუძლიათ ხელი შეუშალონ ასეთი ღონისძიებების ორგანიზებასა, მათში მონაწილეობას და შეიძლება ჰქონდეს მსუსხავი ეფექტი მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებების განხორციელებაზე.
„ცვლილებები ასევე აწესებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას სამართალდამცავი ორგანოებისა და სხვა თანამდებობის პირების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის ან სხვა „შეურაცხმყოფელი ქმედებებისთვის“, რისთვისაც განმეორებითი სამართალდარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ამგვარი ბუნდოვანი და ფართო ტერმინოლოგია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუბიექტური ინტერპრეტაცია, ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო სამართლით მოთხოვნილ კანონიერების, სიცხადისა და განჭვრეტადობის სტანდარტებს. ის შეიცავს მცდარი, ზედმეტად ფართო, თვითნებური და/ან მიზანმიმართული აღსრულების რისკს საჯარო მოხელეების ლეგიტიმური კრიტიკის წინააღმდეგ, რითაც ძირს უთხრის გამოხატვის თავისუფლებას და კიდევ უფრო აძლიერებს დამთრგუნველ ეფექტს სამოქალაქო აქტივიზმზე“, – აღნიშნულია ეუთო/ოდირის სამართლებრივ შეფასებაში.
როგორც ეუთო/ოდირი აცხადებს, ოქტომბერში დაჩქარებულად მიღებული ცვლილებები უნდა გაუქმდეს.
„საერთო ჯამში, 2025 წლის ოქტომბრის ცვლილებები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს საქართველოს მიერ საერთაშორისო ადამიანის უფლებათა ვალდებულებების შეუსრულებლობის შესახებ, განსაკუთრებით ICCPR-ის მე-9, მე-19 და 21-ე მუხლებისა და ECHR-ის მე-5, მე-10, მე-11 და მე-18 მუხლების მიმართ, და უნდა გაუქმდეს. ეუთო/ოდირი ასევე იმეორებს წინა რეკომენდაციებს 2025 წლის თებერვლის ცვლილებებთან დაკავშირებით, როგორც ეს ხაზგასმული იყო მის 2025 წლის მარტის გადაუდებელ მოსაზრებაში“, – ეუთო/ოდირის სამართლებრივ შეფასებაში.
„ქართული ოცნების“ ერთპარტიულმა პარლამენტმა, რომლის ლეგიტიმურობას საქართველოს მოქალაქეების ნაწილი და ოპოზიცია არ აღიარებს, „შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონში შეიტანა ცვლილებები, რითაც გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა ან აქციაზე პირბადით ყოფნა პირველ ჯერზე 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობით ისჯება. განმეორებითობის შემთხვევაში კი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დგება.




